Accessibility links

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მხარეების წარმომადგენლები ქართულ და ოსურ–რუსულ საგუშაგოებს შორის მოწყობილ კარავში შეიკრიბნენ, რომლის გათბობაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა წინასწარ იზრუნეს.

შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ჰანს იორგ ჰაბერი, ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ბოლათ ნურგალიევი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი, პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევი და რუსული ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ნაწილის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

მხარეებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე რაიონში უსაფრთხოების პრობლემას, სარწყავი და სასმელი წყლის საკითხებს, ორივე მხარეს დაკავებულ პირთა მდგომარეობას და მათი გათავისუფლების პერსპექტივას შეეხებოდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ჰანს იორგ ჰაბერის განცხადებით, მხარეები პოზიტიურად არიან განწყობილნი სათანამშრომლოდ და ცხელი ხაზის მეშვეობით სამართალდამცავები ინციდენტების აღმოსაფხვრელად იმუშავებენ.

ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის ბოლათ ნურგალიევის თქმით, მხარეებმა კონფლიქტის ზონაში ბოლო ხანს მომხდარი ინციდენტები განიხილეს; სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე მსჯელობას კი შემდეგ შეხვედრაზე გააგრძელებენ.

ერგნეთის შეხვედრაზე დღის წესრიგში ორივე მხარეს დაკავებულ პირთა გათავისუფლების საკითხიც დადგა, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა, აღნიშნა, ჯერ მხოლოდ საკითხის განხილვა დაიწყო, კონკრეტული შეთანხმება კი მიღწეული არ არის.

ერგნეთში უგზო–უკვლოდ დაკარგულთა მშობლებიც ჩავიდნენ, რომლებიც საკუთარი შვილების ბედის გარკვევას შოთა უტიაშვილთან ცდილობდნენ. აგვისტოს ომის შემდეგ 406–ე ტანკის ეკიპაჟი დაკარგულად ითვლება. ოთარ სუხიტაშვილს, გია რომელაშვილს და ზაზა ბირთველიშვილს მშობლები ორ წელზე მეტია უშედეგოდ ეძებენ. სანუგეშო მათ ვერც უტიაშვილმა უთხრა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ქართული მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადაადგილების უფლებას აძლევს. ერგნეთის პოლიციის საგუშაგოზე შესაბამისი განცხადება უკვე გამოჩნდა, სადაც აღნიშნულია, რომ გადაადგილების მსურველმა 10 დღით ადრე უნდა აცნობოს ადგილობრივ პოლიციას დაგეგმილი ვიზიტის შესახებ. ცხინვალელები ერგნეთის საგუშაგოს გავლით ჯერჯერობით არ სარგებლობენ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 21 იანვარს გაიმართება, მანამდე კი 16 დეკემბერს მხარეების წარმომადგენლები ჟენევაში შეიკრიბებიან.
XS
SM
MD
LG