Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო აშშ-ის სენატის გადაწყვეტილებას მოელის


10 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია შეერთებული შტატების სენატში ინიცირებული რეზოლუციის პროექტის შესახებ, რომელშიც აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული და რომელიც რუსეთის ფედერაციას საქართველოსთან მიმართებით არაერთ კონკრეტულ პასუხისმგებლობას აკისრებს. თბილისი იმედოვნებს, რომ დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორების მიერ ინიცირებულ რეზოლუციას სენატი მომავალი წლის დასაწყისში აუცილებლად დაამტკიცებს.

მართალია, შეერთებული შტატების სენატში ინიცირებული რეზოლუციის პროექტი ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ იმედისმომცემმა ინფორმაციამ სხვადასხვა გზით უკვე მოაღწია საქართველომდე. რეზოლუციის ტექსტის ცალკეულ აქცენტებს 10 დეკემბერს დილიდან აშუქებდნენ ცენტრალური ტელეარხები. წინასწარი ინფორმაციით, ტექსტის ერთ-ერთი ფრაგმენტი ასეთია:

”სენატი ადასტურებს შეერთებული შტატების პოლიტიკას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები აღიარებული უნდა იყოს როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები”.

აქვეა მოწოდება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვადა და პირობა. გარანტირებული უნდა იყოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ყველა პირისთვის. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სრული და ღირსეული დაბრუნება საკუთარ სახლებში.

საქართველოს შესახებ ამერიკის სენატში ინიცირებული რეზოლუციის პროექტს უმნიშვნელოვანესს უწოდებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, რომელიც ამჟამად სამუშაო ვიზიტით სწორედ შეერთებულ შტატებში იმყოფება:

”ეს არის, შეიძლება ასე დავარქვათ მას, ოკუპაციის თაობაზე რეზოლუცია, რაც გაამყარებს საქართველოს პოზიციებს საქართველოს დეოკუპაციისთვის ბრძოლაში”.

რუსეთის ქმედებები საქართველოში ”ოკუპაციად” სხვადასხვა დონეზე უკვე კარგა ხანია მოიხსენია შეერთებულმა შტატებმა, მაგრამ, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ამბობს, ამ რეზოლუციის მიღებით კიდევ უფრო მკაფიოდ განისაზღვრება შეერთებული შტატების პოლიტიკა და პოზიცია:

”...ეს პოლიტიკა და პოზიცია იქნება მიმართული მხოლოდ საქართველოს დეოკუპაციისკენ, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისკენ. და არანაირი ფორმით ეს პოლიტიკა არ განიცდის სამომავლო ტრანსფორმაციას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების თვალსაზრისით. ეს არის ყველაზე მაღალი ხარისხის გარანტია”.

პარლამენტის თავმჯდომარეს ეჭვი არ ეპარება, რომ ამ ”ყველაზე მაღალი ხარისხის გარანტიას” საქართველო აუცილებლად მიიღებს შეერთებული შტატების სენატისგან. თბილისში იმედოვნებენ ასევე, რომ ეს ნაბიჯი, რომელიც მისაბაძი იქნება სხვა ქვეყნებისთვისაც, ხელს შეუწყობს საქართველოს დეოკუპაციის პროცესს.

სენატის მიერ რეზოლუციის მიღების პერსპექტივასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი ბათუ ქუთელია, შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. სენატორებთან მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად შექმნილი საერთო სურათის გათვალისწინებით, ბათუ ქუთელია ვარაუდობს, რომ რეზოლუციას აშშ-ის სენატი მომავალი წლის დასაწყისში მიიღებს.

სენატი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შესახებ რეზოლუციის განხილვას მართლაც რომ აპირებს, ცნობილია ამერიკის ელჩისთვისაც საქართველოში. თუმცა ჯონ ბასი დოკუმენტის მიღებამდე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG