Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესაში საქართველოს შესახებ ბევრი პუბლიკაცია არ ყოფილა. რამდენიმე ინფორმაციული ხასიათის სტატია მიეძღვნა საქართველოში ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკავებას - მათ შორის, „გარდიანში“, „ფაინენშლ ტაიმსში“ და „ვოლ სტრიტ ჯორნალში“. იყო ორიოდე ანალიტიკური შინაარსის წერილიც.

აშშ-ში გამომავალმა საერთაშორისო პოლიტიკის ჟურნალმა „ნეიშენალ ინტერესტმა“ ბოლო ნომერში - 8 დეკემბერს - საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს ორი პუბლიკაცია მიუძღვნა. ერთ-ერთი მათგანი - „აფხაზეთის აჩრდილები“ - კავკასიის ცნობილ ექსპერტს, ტომას დე ვაალს ეკუთვნის. „აფხაზეთში, სასტუმრო „რიწაში“ ცუდად მეძინა. შემაწუხებელი სიზმარი ვნახე: ვითომ ძველ სახლში დავდიოდი ხანშიშესულ სტალინთან ერთად, რომელიც თავისთვის რაღაცას ბუტბუტებდა ბოროტად. დილით, გაღვიძების შემდეგ, ვფიქრობდი, ნეტავ, ვინ შემაწუხა ძილში-მეთქი და იმქვეყნად მყოფ ეჭვმიტანილთა გრძელი სია შევადგინე“ - ასე იწყებს სტატიას ავტორი და განაგრძობს: „აფხაზეთის აჩრდილებიდან ბევრი, ალბათ, სწორედ ამ სასტუმროს შეთეთრებულ კედლებში ცხოვრობს. 1924 წელს აქ იყო გაჩერებული გამომჯობინების გზაზე მყოფი ტროცკი, რომელმაც ლენინს, მისი დაკრძალვის დღეს, გამოსამშვიდობებელი სიტყვა მიუძღვნა. ან შეიძლება სტალინის კიდევ ერთი მსხვერპლის - პოეტ ოსიპ მანდელშტამის - ოთახში მეძინა. 1993 წელს, როცა აფხაზურ-ქართული კონფლიქტის დროს დაიფერფლა, სასტუმრომ კიდევ უფრო მეტი აჩრდილი წარმოშვა. შენობა მხოლოდ ახლახან აღადგინეს.“

ამის შემდეგ ავტორი მოკლედ გვიამბობს აფხაზეთის ახალი ისტორიის შესახებ და შენიშნავს, თითქმის ყველაფერი, რაც კი აფხაზეთის წარსულს, აწმყოს ან მომავალს ეხება, უთანხმოების საგანიაო. სწორედ ერთ-ერთი ასეთი უთანხმოების განხილვას ეძღვნება ტომ დე ვაალის სტატიის ძირითადი ნაწილი - უთანხმოებისა, რომელიც ახლახან მოხდა რუსეთის პარლამენტარ კონსტანტინ ზატულინსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს, ისტორიკოს სტანისლავ ლაკობას შორის. დე ვაალის აზრით, ზატულინის ქცევის მანერა ცარიზმის პერიოდის ოფიციალური პირისას ჩამოჰგავს და მოქნილობისგან შორს არის. „ის აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას და 2008 წლის ომს დასავლეთზე გამარჯვება უწოდა. მაგრამ მან ვერ შეძლო ერთი მცირე დეტალის შემჩნევა - რომ აფხაზები პრორუსულად განწყობილები აუცილებლობის გამო უფრო არიან, ვიდრე ბუნებრივი ენთუზიაზმიდან გამომდინარე. და როცა მან გააკრიტიკა აფხაზი ისტორიკოსის, სტანისლავ ლაკობას მიერ დაწერილი სახელმძღვანელო, რომელსაც ადგილობრივ სკოლებში იყენებენ, ამით მტკივნეულ ადგილს შეეხო.“

დე ვაალის თქმით, ზატულინმა ლაკობა საჯაროდ დატუქსა და განაცხადა, აფხაზები 1810 წელს რუსეთის იმპერიაში „ნებაყოფლობით გაერთიანდნენ“ და რუსების გვერდით ყოველთვის ჰარმონიულად არსებობდნენო. ლაკობას ამ კრიტიკის პასუხად წერილი დაუწერია, სახელწოდებით „ზატულინიზმი“. დე ვაალს ამ წერილიდან ციტატა მოჰყავს: „აფხაზეთს მისალოცად აქვს საქმე. მას ახლა პოლიტიკური ცენზორი გაუჩნდაო“, წერს ლაკობა. დე ვაალის თქმით, „თავის სტატიაში ლაკობა მკაფიოდ ამბობს, რომ რუსეთი ახლა აფხაზეთის მთავარი მოკავშირეა და ეს ასეც უნდა დარჩეს, მაგრამ ასევე გამოთქვამს გაფრთხილებას იმ რუსების მიმართ, ვინც, მისი აზრით, ქართველების მსგავს შეცდომას სჩადის -ვარაუდობს, რომ აფხაზებს მათი პროექტის ნაწილად სურთ ყოფნა და საკუთარი პროექტი არა აქვთ.“ ტომ დე ვაალი ლაკობას პირადადაც შეხვედრია და წერს, ეს არის კაცი, რომელიც იმაზე წუხს, თუ რა სურთ რუსებს მისი სამშობლოსგანო.

დე ვაალი იქვე დასძენს, რომ აფხაზების უმრავლესობისთვის რუსეთთან ისტორიის სახელმძღვანელოებსა ან საკუთრების უფლებებზე უთანხმოება უმნიშვნელო რამაა იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რომლებსაც მათ რუსეთი პენსიების ან პასპორტების მიღების გზით აძლევს. „უხეშად რომ ვთქვათ, მათთვის რუსეთი ის ძალაა, რომელმაც საქართველო დაამარცხა და ქართველებს უკან დაბრუნების საშუალებას არ მისცემსო“, - წერს დე ვაალი და დასძენს: „მაგრამ ლაკობა-ზატულინის უთანხმოება შეგვახსენებს, რომ აფხაზეთის მომავალზე ეფექტიანად საუბარი - მისი შორეული, ისევე როგორც შედარებით ახლო წარსულის აჩრდილების გახსენების გარეშე - შეუძლებელიაო“. ტომას დე ვაალის სტატია 8 დეკემბერს გამოქვეყნდა ჟურნალ „ნეიშენალ ინტერესტში“.

ამავე ნომერში ჟურნალმა საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა. წერილის ავტორი ჯასტინ ლოგანია, სახელწოდება კი „ყველაფერი, რაც აშშ-ისთვის არის კარგი, საქართველოსთვისაც კარგია და პირიქით?“. სტატიაში ავტორი ეწინააღმდეგება გავრცელებულ აზრს, რომ ყველაფერი, რაც ვაშინგტონისთვის არის კარგი, ავტომატურად კარგი ხდება მისი ყველა მოკავშირისთვის - იქნება ეს მსოფლიოში თავისუფლების, ეკონომიკური ზრდის და დემოკრატიის გავრცელების თუ ბევრი სხვა მიზნის გამო. ამ სტატიით ლოგანი ეხმაურება სხვა წერილებს, რომლებიც, თავის მხრივ, აშშ-ის მიერ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების მიზანშეწონილობის ირგვლივ „ვიკილიკსის“ მიერ გამომზეურებულ დოკუმენტს ეყრდნობა. ლოგანის თქმით, თუ აშშ თვლის, რომ საქართველოსთვის იარაღის მიწოდება ამ ეტაპზე მის ინტერესებში არ შედის, მან ეს პოზიცია მკაფიოდ და მობოდიშების გარეშე უნდა ჩამოაყალიბოს. „როგორც ჩანს, ობამას ადმინისტრაციაში გადაწყვიტეს, - რაც, ჩემი აზრით, სწორია, - რომ რუსეთთან ურთიერთობის შედარებით დათბობის თანმდევი დადებითი ფაქტორები იმ პოტენციურ სარგებელზე უფრო მნიშვნელოვანია, რასაც საქართველოს აშშ-ის უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ შეყვანა მოიტანდა“, - წერს ავტორი. ის დასძენს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მრჩევლის ადგილას რომ იყოს, მაქსიმალურად შეეცდებოდა აშშ-ისგან შეიარაღების მიღებას და ნატოში ინტეგრაციას. „ჩემი აზრით, სწორედ ამას უნდა აკეთებდნენ ქართველები, მაგრამ ვაშინგტონი ყველა ამ მცდელობას უნდა ეწინააღმდეგებოდეს. ჩვენ განსხვავებული ინტერესები გვაქვს. უფრო უკეთეს სამყაროში რომ ვცხოვრობდეთ, იმის მტკიცების ნაცვლად, რომ ამერიკის ინტერესები მსოფლიოს ინტერესებია, უბრალოდ ვაღიარებდით, რომ ჩვენი ინტერესები შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს სხვებისას - მათთვის ყოველივე კარგი რომც გვსურდეს. ჩვენ სრული უფლება გვაქვს გვქონდეს ჩვენ ინტერესები, მათ კი სრული უფლება აქვთ ჰქონდეთ თავიანთი ინტერესები. მაგრამ ეს ორი რამ ერთმანეთს ყოველთვის არ დაემთხვევა.“ სრულად ჯასტინ ლოგანის სტატიას ჟურნალ „ნეიშენალ ინტერესტში“ წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG