Accessibility links

logo-print

მთავრობის ახალი ეკონომიკური კურსი


საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 3 დეკემბერს გაფორმების ეკონომიკური ზონა გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 3 დეკემბერს გაფორმების ეკონომიკური ზონა გახსნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე ცვლილებები გასულ კვირაში გამართული მთავრობის სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მანამდე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლილოში „გაფორმების ეკონომიკური ზონის“ პრეზენტაციაზე იმყოფებოდა. ეს და დაგეგმილი სხვა ცვლილებები მთავრობამ ახალ ეკონომიკურ კურსად გამოაცხადა, რომლის მიზანი გადასახადის გადამხდელთა და გადასახადის ამკრებთა შორის არსებული უფსკრულის ამოვსებაა. რას შეცვლის გადასახადების ადმინისტრირების სფეროში მიმდინარე ცვლილებები?
ჩემზე უკეთ იცით, რომ ჯერაც ძალიან ბევრ მეწარმეს აქვს განცდა, რომ სახელმწიფო მას სათანადოდ არ უსმენს...

მთავრობამ თავადვე აღიარა, რომ გარკვეული პრობლემები არსებობს გადასახადის გადამხდელთა და ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურებს შორის. ამის შესახებ თავდაპირველად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა თბილისთან ახლოს, ლილოში, საბაჟო ტერმინალის ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების მქონე ”გაფორმების ეკონომიკური ზონის” გახსნისას:

”ჯერაც ბევრი ხარვეზია დარჩენილი. თქვენ ყოველდღიურად გაქვთ შეხება მათთან და ჩემზე უკეთ იცით, რომ ჯერაც ძალიან ბევრ მეწარმეს აქვს განცდა, რომ სახელმწიფო მას სათანადოდ არ უსმენს და უსამართლოდ ექცევა; ჯერაც ხშირია შემთხვევა, როდესაც სასჯელი უფრო დიდია, ვიდრე ამას არსებული დარღვევა იმსახურებს. მეწარმეებს ხშირად სამართლიანად უჩნდებათ განცდა, რომ სახელმწიფო არ აკეთებს საკმარისს იმისათვის, რომ ბიზნესგარემო კიდევ უფრო უკეთესი იყოს”.

რამდენიმე დღის შემდეგ პრეზიდენტის წუხილი პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე გაიმეორა. ნიკა გილაურმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ბევრი რამ გაკეთდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, დაიხვეწა კანონმდებლობაც, მაგრამ პრობლემები კვლავ რჩება. მათ არსებობას აღიარებს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილიც:

”ძირითადად, წუხილი გამომდინარეობდა ბიზნესმენების ადმინისტრირების სირთულიდან. ეს დაკავშირებული იყო უფრო მეტად დარიცხვებთან, იყო კომუნიკაციასთან დაკავშირებული გარკვეული პრეტენზიები, და ვფიქრობთ, რომ ახალი კურსის ფარგლებში ეს პრობლემები დაძლეული იქნება”.

ბიზნესის დაწყება, კი ბატონო, დაიწყე, მაგრამ ხვალ რა იქნება, არავინ იცის ...
ეს იმ ახალი ეკონომიკური კურსის მიზანია, რომელზეც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლილოში „გაფორმების ეკონომიკური ზონის“ პრეზენტაციაზე ისაუბრა. ახალი კურსი ითვალისწინებს მეწარმეების მიმართ სახელმწიფოს მიდგომის შეცვლას, რასაც წვრილი თუ მსხვილი მეწარმეები დიდი ხანია უჩივიან, რადგან არცთუ იშვიათია შემოწმებების შედეგად დალუქული და დახურული ბიზნესი. ამის გამო არაერთხელ ეჭვქვეშაც კი დამდგარა მსოფლიო ბანკის ”ბიზნესის წარმოების” რეიტინგში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები. მეწარმეებისა და ექსპერტების ერთი ნაწილის აზრით, მართალია, ბიზნესის დაწყება - რეგისტრაცია - გაიოლებულია, მაგრამ რთულია ბიზნესის შენარჩუნება. ამას ამბობს ერთ-ერთი ბიზნესმენიც, რომელსაც მე ქუჩაში გავესაუბრე:

”ბიზნესის დაწყება კი, ბატონო, დაიწყე, მაგრამ ხვალ რა იქნება, არავინ იცის, იმიტომ რომ კანონები იცვლება ყოველ წუთს, ყოველ წამს და არავინ იცის, რა იქნება დღეს დაწყებული საქმის მომავალი”.

მართალია, მსოფლიო ბანკის ”დუინგ ბიზნესის 2011”-ის რეიტინგში საქართველომ წინ წაიწია და მეთორმეტე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ ამავე კვლევის ცალკეულ პარამეტრებში ქვეყნის მაჩვენებელი კვლავინდებურად დაბალი რჩება. მათ შორისაა გადასახადების გადახდის სიმარტივე, რომელშიც საქართველო 61-ე ადგილზეა. აქ გადასახადების გადახდისთვის საჭირო დრო და სხვა სირთულეები იგულისხმება, რომელიც კანონმდებლობის ანალიზსს ეფუძნება... ამის თაობაზე საუბრობს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე:

პაატა შეშელიძე, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" პრეზიდენტი
”თავი რომ დავანებოთ ამ გამოკვლევას, ისედაც ყველას გვესმის, რამდენად რთულია საბუღალტრო აღრიცხვიანობა ჩვენში და პრაქტიკულად ნებისმიერ მეწარმეს ყოველდღიურად უწევს გადასახადების გადახდაზე ფიქრი იმ გაგებით, რომ აწარმოებს შესაბამის ბუღალტერიას. აი, აქ არის გამარტივების დიდი რეზერვი; ახალ კოდექსში ამის მიმართ მიდგომა ჯერჯერობით არ იცვლება. დღევანდელი კანონმდებლობა წინანდელისგან ამ საკითხში არსებითად არ განსხვავდება”.

არადა, სწორედ ახალი საგადასახადო კოდექსი სახელდება ახალი ეკონომიკური პოლიტიკის ბაზისად. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ახალი კურსის მიზანია არსებული ხარვეზების სრული დაძლევა და გაცილებით უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნა:

მე მაინც ვერ ვხედავ აქ რევოლუციურ ცვლილებებს ძველსა და ახალ საგადასახადო კოდექსებს შორის, იმიტომ რომ ღერძი, ხერხემალი, რომელზეც საგადასახადო კოდექსია აგებული, იგივეა დარჩენილი...
”’ახალი კურსი’ ითვალისწინებს: ახალი საგადასახადო კოდექსის ამუშავებას, რომელიც შეამცირებს საგადასახადო ადმინისტრირების წნეხს მეწარმეზე; დარღვევის პატიებისა და წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის შემოღებას; ასევე საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებას, რათა მეწარმე უფრო დაცულად გრძნობდეს თავს; დარიცხვის ისეთი მექანიზმის შემოღებას, რომ ბიზნესის შეცდომის გამო დარიცხულმა თანხამ საწარმოს გაჩერება და დანგრევა არ გამოიწვიოს; მაშინაც კი, თუ საწარმოს მფლობელი შეგნებულად არღვევს კონკრეტულ ნორმებს, საწარმო კი არ უნდა დაიხუროს, არამედ გადარჩეს და მუშაობა გააგრძელოს, რათა კონკრეტული ადამიანები ლუკმაპურის გარეშე არ დარჩნენ”.

ეკონომიკის ექსპერტთა ერთ ნაწილს ეჭვი ეპარება პრეზიდენტის ამ სიტყვების რეალიზებაში, რადგან ახლო წარსულში იყო შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტის ინიციატივები დროში გაიწელა და მივიწყებასაც მიეცა. ექსპერტთა კიდევ ერთი ნაწილი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებულ ახალ ეკონომიკურ კურსს ზურგს არ უმაგრებს მოქმედი კანონმდებლობა.

ეკონომიკის ექსპერტის, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ახალ საგადასახადო კოდექსში ძველი მიდგომების ცვლილება ნაკლებად იგრძნობა:

ნოდარ ხადური, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
”მე მაინც ვერ ვხედავ რევოლუციურ ცვლილებებს ძველსა და ახალ საგადასახადო კოდექსებს შორის, იმიტომ რომ ღერძი, ხერხემალი, რომელზეც საგადასახადო კოდექსია აგებული, იგივეა დარჩენილი. შესაბამისად, საგადასახადო ომბუდსმენმა და სხვა ცვლილებებმა შეიძლება შეარბილონ დაწოლა გადამხდელზე, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ერთია კანონი და მეორეა მისი შესრულება. თუ ეს კანონები შესრულდება და ჩვენი საგადასახადო ჰუმანური გახდება, ეს ძალიან კარგი იქნება”.

მიუხედავად კრიტიკული შეფასებებისა, ეკონომიკის ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ ომბუდსმენის ინსტიტუტი თუ სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, საგადასახადო ადმინისტრირების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, ვითარებას ნაწილობრივ მაინც შეცვლის. ფინანსთა მინისტრი კი ირწმუნება, რომ კარდინალური ცვლილებები შესამჩნევი 3-4 თვეში გახდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG