Accessibility links

logo-print

კანკუნის კონფერენციაზე დაამტკიცეს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის ახალი გეგმა


მექსიკის ქალაქ კანკუნში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებს ეძღვნებოდა, დაამტკიცეს კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის ახალი გეგმა. გეგმით გათვალისწინებული მიზანია, რომ 2020 წლამდე შეგროვდეს 100 მილიარდი დოლარი ღარიბი ქვეყნებისთვის, კლიმატური ცვლილებების უარყოფით შედეგებთან გასამკლავებლად და გარემოს დასაცავად. გეგმით გათვალისწინებულია ასევე ახალი მექანიზმები განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გასავრცელებლად. შეთანხმება მოჰყვა კანკუნში გაეროს ეგიდით გამართულ ორკვირიან სამიტს, რომელიც მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის დავის ფონზე წარიმართა. 8 დეკემბერს კანკუნის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც მხარი დაუჭრა განახლებადი ენერგიის წყაროებით სულ უფრო აქტიურად სარგებლობას და განაცხადა, რომ მომავალი წლიდან საქართველოს ხელისუფლება იწყებს ტრადიციული მანქანების ელექტრომანქანებით ჩანაცვლებას - ოფიციალური უწყებებისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. თავის გამოსვლაში მიხეილ სააკაშვილი ოკუპაციის პრობლემასაც შეეხო - მისი თქმით, ტრაგიკულ ვითარებას, რომელიც, კერძოდ, აფხაზეთშია შექმნილი, დე ფაქტო მმართველების მოქმედების შედეგად. როგორც სააკაშვილმა კანკუნის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, „გუმისთის მდინარიდან ინერტული მასალების მოპოვებამ მშენებლობის პროექტისათვის, რომელიც სოჭის ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება, მეწყრები და მიკროკლიმატის გადაგვარება გამოიწვია“.
XS
SM
MD
LG