Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის პრობლემები „ვიკილიკსის“ ტელეგრამებში


საქართველო, რომელმაც რუსეთთან ომში მძიმე დანაკარგები განიცადა, თავდაცვითი პოტენციალის გასაძლიერებლად საბრძოლო იარაღის მიწოდებას საჭიროებს - ასეთია შინაარსი თბილისიდან, შეერთებული შტატების საელჩოდან, ვაშინგტონში გაგზავნილი იმ ტელეგრამებისა, რომლებიც ვებსაიტმა „ვიკილიკსმა“ გამოაქვეყნა. თუმცა იმავე ხანებში მოსკოვიდან გაგზავნილ კლასიფიცირებულ ანგარიშში ამერიკის საელჩო რუსეთში ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ საქართველო-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას, შესაძლოა, რუსეთის საპასუხო არამეგობრული ნაბიჯები მოჰყვეს.

2008 წლის კონფლიქტი და საქართველოს სამხედრო დანაკარგები

„ვიკილიკსის“ თანახმად, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ჯონ ტეფტია იმ ტელეგრამების ავტორი, რომლებიც 2009 წლის ივნისში გაიგზავნა ვაშინგტონში. ამერიკელი დიპლომატის საიდუმლო ანგარიშში, პირველ ყოვლისა, ყურადღებას იქცევს რუსეთთან ომში საქართველოს არმიის მიერ განცდილი დანაკარგების აღწერა:

„2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს საქართველომ დაკარგა რეზერვების უდიდესი ნაწილი, მათ შორის, ჯავშანმანქანების 30%, ამერიკული წარმოების AR-15 ტიპის კარაბინების 40% და საჰაერო თავდაცვის საშუალებების დაახლოებით 60-%“.

საინტერესოა, რომ ქართული არმიის საბრძოლო დანაკარგების შესახებ ამერიკის საელჩოს მიერ მოპოვებული ცნობები, გარკვეულწილად, ადასტურებს იმ ინფორმაციების სიზუსტეს, რომლებიც რადიო თავისუფლებამ მსმენელს ჯერ კიდევ 2008 წლის 24 აგვისტოს მიაწოდა.

მაგრამ ჯონ ტეფტის ინფორმაციას მეტი დამაჯერებლობა აქვს, რადგან ის მოპოვებულია ოფიციალური წყაროებით. ტელეგრამებში პირველწყაროდ ბევრგან მოხსენიებულია საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით სიხარულიძე.

საიდუმლო ტელეგრამებში ტეფტი მიუთითებს იმაზეც, რომ საქართველოს არა აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს შესყიდვები განადგურებული საბრძოლო ტექნიკის სანაცვლოდ. ამერიკელი დიპლომატი „ტყუილს“ უწოდებს რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს, თითქოს 2009 წლის ივნისისათვის „საქართველოს ჰქონოდეს უფრო მეტი სამხედრო შესაძლებლობები, ვიდრე ჰქონდა 2008 წლის აგვისტომდე“.

იმის საილუსტრაციოდ, რომ საქართველოში საზღვარგარეთიდან იარაღის მიწოდება შეჩერებული იყო თითქმის მთელი წლის განმავლობაში, ჯონ ტეფტს ასეთი მონაცემები მოაქვს:

„დანაკარგების შევსება არ მომხდარა. ჩვენ ინფორმირებულნი ვართ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ მხოლოდ ორგზის მოხდა ლეტალური ტექნიკის მიწოდება საქართველოსათვის. ერთ შემთხვევაში ეს იყო თურქეთის ფირმის მიერ „ეჯდერის“ ტიპის ქვეითთა ჯავშანტრანსპორტიორები, ომამდე დადებული კონტრაქტის საფუძველზე, ასევე ე.წ. „ჰამერის“ ტიპის 16 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი, 2007 წელს დაწყებული პროგრამის შესაბამისად“. ჯონ ტეფტი იქვე მიუთითებს, ჯავშანმანქანები განკუთვნილია ავღანეთში გასაგზავნი საქართველოს ქვედანაყოფისათვის და მათი შესყიდვა დააფინანსა „კოალიციის მხარდამჭერმა ფონდმაო.“

„ჭკუა კუნთებზე ძლიერია“


„ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო ტელეგრამებში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აცნობს იმ ნაბიჯებს, რომელთა გადადგმაც საქართველოს ხელისუფლებას სასიცოცხლოდ აუცილებლად მიაჩნია ქვეყნის დასაცავად.

„საქართველოს სურს განავითაროს საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები, რადგან ის, რაც აქვს, არასაკმარისია საჰაერო სივრცის კონტროლისა თუ რომელიმე მეზობელი ქვეყნისაგან მომდინარე აგრესიის შესაკავებლად. საქართველოს არსებული ოპერატიული გათვლა მდგომარეობს იმაში, რომ თუკი ისინი შეძლებენ 72 საათის განმავლობაში დაიცვან თბილისი, შემდგომში მოწინააღმდეგის წინსვლის შეჩერებას საერთაშორისო ზეწოლა შეძლებს“.

შემდგომში ელჩი ჯონ ტეფტი ასაბუთებს, თუ რატომ არის საჭირო „ამ მცირედი მიზნის“ მისაღწევად, რომ ანტისატანკო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები საქართველოს სწორედ შეერთებულმა შტატებმა მიაწოდოს:

„თუ საქართველო ჩვენგან არ მიიღებს ამ აღჭურვილობას, მაშინ იგი შეეცდება, როგორც ადრე იყო, სხვაგან შეისყიდოს იარაღი. შეერთებული შტატების მიერ ასეთი ვალდებულების აღება გამჭვირვალეს გახდის შეიარაღების შეძენის პროცესს და ასევე გააძლიერებს კონტროლს აღჭრუვილობის რაოდენობაზე, ტიპსა და მათ განლაგებაზე.“

შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ჯონ ტეფტი ხაზს უსვამს ვაშინგტონის პოლიტიკას, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დაეხმაროს საქართველოს ბატალიონის გაწვრთნასა და აღჭურვაში ავღანეთში გასაგზავნად. დიპლომატი ეჭვქვეშ არ აყენებს ამერიკის თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის მიდგომას, რომ „ჭკუა კუნთებზე მეტია“, თუმცა საიდუმლო ტელეგრამაში აღნიშნავს: „თუკი შეერთებული შტატები უკან დაიხევს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობაში და შეამცირებს დახმარების მოცულობას, მაშინ არა მხოლოდ საქართველოს დაეუფლება იმედგაცრუება და დაკარგავს ჩვენ მიმართ ნდობას, არამედ სხვებიც, როგორიც არის აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის ქვეყნებიო.“

„გადატვირთვის“ პოლიტიკა და პოლიტიკური რისკები

ამერიკის ყოფილი ელჩის ჯონ ტეფტის საიდუმლო ტელეგრამა მთავრდება იმ რთულ არჩევანზე საუბრით, რომლის წინაშეც დგას ამერიკის შეერთებული შტატები საქართველო-რუსეთის ურთიერთობის კონტექსტში. „ცხადია, არსებობს რისკი, რომ საქართველოსთან თანამშრომლობაში შემდეგი ნაბიჯის გადადგმა გააუარესებს რუსეთთან ურთიერთობას. ასევე არსებობს იმის რისკი, რომ ასეთი ნაბიჯის გადაუდგმელობა გააძლიერებს საქართველოს შემდგომ დესტაბილიზაციას და საფრთხის წინაშე დააყენებს ამერიკის მიმართ ნდობას ბევრად ფართო მასშტაბით“.

თუმცა იმავე პერიოდში, 2009 წლის ივნისში, მოსკოვიდან - შეერთებული შტატების საელჩოდან - გაგზავნილი დეპეშა ვაშინგტონს მოუწოდებს ფრთხილად მოეკიდოს საქართველოსთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას. ტელეგრამების ავტორია რუსეთში შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბაიერლი, რომელიც საკუთარ მთავრობას აფრთხილებს, რომ ეს ნაბიჯი საფრთხეს შეუქმნის რუსეთთან ურთიერთობის ხელახლა გადატვირთვის პოლიტიკას. „მაშინ როდესაც მედვედევს ესმის შეერთებულ შტატებთან შედეგიანი ურთიერთობის სტრატეგიული და პერსონალური სარგებელი, ეს იქნება კოზირი რუსეთის მთავრობის ხელში, რომლის „აბსოლუტური“ პრიორიტეტია რუსეთის გავლენის გაფართოება ევრაზიულ სამეზობლოში, ნატოს გაფართოების პრევენცია და რუსეთის, როგორც დიდი სახელმწიფოს, ძლიერების დემონსტრირება“.

ელჩი ჯონ ბაიერლი მიიჩნევს, რომ საქართველოსათვის სამხედრო დახმარებას ექნება საპირისპირო ეფექტი და გაზრდის იმის შანსებს, რომ „რუსეთმა საქართველოდან და შეერთებული შტატებიდან მომდინარე საფრთხე“ ამოიკითხოს და გააუქმოს შეზღუდვა ირანისათვის იარაღის მიწოდებაზე. „ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ყურადღების კონცენტრირება, სამხედრო თანამშრომლობის განვითარება ნატოს „მშვიდობისათვის პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში, არალეტალური იარაღით დახმარება და ორმხრივი სამხედრო წვრთნები წარმოადგენს ერთადერთ ცხოველმყოფელ და გრძელვადიან სტრატეგიას, რათა უკეთესი ქმედებისაკენ ვუბიძგოთ რუსეთს და აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა,“ -წერს რუსეთის ფედერაციაში შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბაიერლი 2009 წლის ივნისით დათარიღებულ ტელეგრამაში, რომელიც ვებგვერდ „ვიკილიკსზე“ გასულ კვირაში გამოქვეყნდა.

თუ გავიხსენებთ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს, მოსკოვიდან და თბილისიდან გაგზავნილმა ამ რეკომენდაციებმა, შესაძლოა, გარკვეულად განსაზღვრა კიდეც ვაშინგტონის სტრატეგია საქართველოს მიმართ და, თავის მხრივ, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა უკარნახა საქართველოს ხელისუფლებასაც.

ხანგრძლივი ლოდინის მიუხედავად, თბილისმა ვერ მიიღო პირდაპირი სამხედრო დახმარება ვაშინგტონისაგან ანტისარაკეტო და ანტიჯავშან-სატანკო თავდაცვითი იარაღის სახით. ამის გამო საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ გადააყენა თანამდებობიდან პროამერიკული დუეტი - თავდაცვის მინისტრ დავით სიხარულიძისა და გენერალური შტაბის უფროს, პოლკოვნიკ ვლადიმერ ჩაჩიბაიას სახით. ეს მოხდა სწორედ 2009 წლის ივნის-აგვისტოში. თავდაცვის მინისტრად კი დაინიშნა „მკაცრი ხელის“ ბაჩო ახალაია, რომელსაც გენერალური შტაბის ახალ უფროს, გენერალ დევი ჭანკვეტაძესთან ერთად უნდა გაეძლიერებინა თბილისის თავდაცვა და მოეხდინა რეზერვის მობილიზება საყოველთაო სავალდებულო გაწვევის პრინციპით.

თუმცა საქართველო მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად არ არის. საქართველოსათვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების საკითხი კვლავაც დგას შეერთებული შტატების პოლიტიკის დღის წესრიგში. საქართველოსათვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის დაწყების მოთხოვნით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას 11 დეკემბერს სენატორმა ჯონ მაკკეინმა მიმართა. „ჩვენ, როგორც მინიმუმ, საქართველო უნდა აღვჭურვოთ რადარებითო“, - უთქვამს რესპუბლიკელ მაკკეინს, რომლის სიტყვებიც „ვაშინგტონ პოსტს“ მოჰყავს.

თუმცა შეერთებული შტატების სათავეში დემოკრატები არიან და არა რესპუბლიკელები. გარდა ამისა, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან განსაკუთრებული თბილი ურთიერთობის მიუხედავად, რესპუბლიკური ადმინისტრაციაც თავის დროზე ასევე დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა საქართველოსათვის მნიშვნელოვანი თავდაცვითი იარაღის მიყიდვის საკითხს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG