Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე პარლამენტის კომიტეტებში იმსჯელებენ


მედიაექსპერტთა ჯგუფის ბრიფინგი
მედიაექსპერტთა ჯგუფის ბრიფინგი
მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე მედიაექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე იმედი გამოთქვა, რომ ერთი კვირის განმავლობაში პარლამენტის კომიტეტებში ღია დისკუსიები დაიწყება ისეთ თემებზე, როგორიც არის მედიამფლობელთა ვინაობის შესახებ ინფორმაციისა და ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ლიცენზირების მოპოვება და სხვა.

საქართველოში მედიაში არსებულ სიტუაციაზე ზრუნვა ექსპერტთა ჯგუფმა იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე ოქტომბრის ბოლოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, საზოგადოებას იმ ინიციატივას გაანდობდა, რომელიც მედიამფლობელთა ვინაობასა და მათ ფინანსურ გამჭვირვალობას შეეხებოდა. პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გახმიანებული ინიციატივა დაახლოებით ორ კვირაში საკანონმდებლო ინიციატივად აქცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. თავის მხრივ, მედიაექსპერტთა მიერ შექმნილ კანონპროექტებს ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ საკანონმდებლო ინიციატივის სახე მისცა და პარლამენტში განსახილველად შეიტანა.
მხოლოდ მაუწყებელთა მფლობელების ვინაობის გამჭვირვალობა შეიძლება არ იყოს ბევრის მომცემი და აუცილებელია, რომ ამ თემასთან ერთად მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობაც იქნეს კანონმდებლობით დარეგულირებული...

როგორც მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი, გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში ამბობს, მათ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც რვა კანონპროექტისაგან შედგება და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის მედიამფლობელთა ვინაობის შესახებ ინფორმაციისა და ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ლიცენზირების მოპოვება და სხვა, უახლოეს დღეებში უკვე განათლებისა და მეცნიერების და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტები განიხილავენ.

სანამ კომიტეტებს მედიაექსპერტთა საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა დაუწყია, ისიც უნდა ითქვას, რომ მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფმა და საპარლამენტო უმრავლესობამ უკვე მიაღწია შეთანხმებას იმის შესახებ, რომ მედიამფლობელთა ვინაობის გამჭვირვალობა სრულად იყოს უზრუნველყოფილი, ანუ მაუწყებელთა ოფშორში რეგისტრირება, რაც ქართულ მედიასივრცეში სერიოზულ პრობლემას ქმნიდა, აკრძალული იქნება, თუმცა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის თქმით, არსებობს მეორე საკითხი, რომლის შესახებაც შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის:

”მხოლოდ მაუწყებელთა მფლობელების ვინაობის გამჭვირვალობა შეიძლება არ იყოს ბევრის მომცემი და აუცილებელია, რომ ამ თემასთან ერთად მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობაც იქნეს კანონმდებლობით დარეგულირებული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი ამ კუთხით უფრო გააფართოებს მუშაობას და არ შემოიფარგლება მხოლოდ მედიამფლობელთა ვინაობის გამჭვირვალობით”, - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.

იმას, რომ მედიამფლობელთა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ საკითხი არ დახურულა და კონსულტაციები კვლავაც გაგრძელდება, რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი ადასტურებს:

”ამ ეტაპისათვის კანონმდებლობა უკვე იცნობს ფინანსურ გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ რეგულაციებს, თუმცა საკითხი, რომელიც დააყენეს ჩვენმა პარტნიორებმა, შეეხებოდა, მაგალითად, არასაკმარისი ინფორმაციის მიღებას აუდიტის დოკუმენტებით. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და თუკი ამ კუთხით კანონში რაიმე დაზუსტება არის შესატანი, ვიმსჯელოთ ამაზე”, - ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჟურნალისტები აქტიურად ითანამშრომლებთ ჯგუფთან და მოგვაწოდებთ თქვენს მოსაზრებებს, წინადადებებს...

ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მუშაობას და მოვიცავთ ყველა იმ საკითხს, რაც ჟურნალისტებისათვის მნიშვნელოვანი და საჭირბოროტოა, ამბობს ექსპერტთა ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე. მისი თქმით, ერთ-ერთი ასეთი საკითხი, რომელზეც ექსპერტები იმუშავებენ, მედიაში დასაქმებულთა შრომითი ხელშეკრულებები იქნება:

”ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჟურნალისტები აქტიურად ითანამშრომლებთ ჯგუფთან და მოგვაწოდებთ თქვენს მოსაზრებებს, წინადადებებს, რაც რეალურად თქვენს სარედაქციო დამოუკიდებლობას უშლის ხელს და თქვენს შრომით უფლებებს ზღუდავს”, - ამბობს ელისო ჩაფიძე.
XS
SM
MD
LG