Accessibility links

logo-print

ირანის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრი მანუჩერ მოტაკი დაითხოვა


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საგარეო საქმეთა მინისტრი, მანუჩერ მოტაკი. პრეზიდენტის ვებსაიტზე დღეს გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში ნათქვამია, რომ აჰმადინეჟადმა მადლობა გადაუხდა მოტაკის ხუთ წელიწადზე მეტი ხანი მუშაობისთვის, მაგრამ განცხადებაში ახსნილი არ არის მისი მოხსნის მიზეზი. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას დროებით შეასრულებს ირანის ვიცე-პრეზიდენტი ალი-აკბარ სალეჰი, ირანის დელეგაციის ხელმძღვანელი ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებზე. განვლილი წლის მანძილზე ირანის მედიას არაერთხელ გაუვრცელებია ცნობა, რომ კანონმდებლები მოითხოვდნენ მოტაკის გადაყენებას, თუ გაეროს უშიშროების საბჭო მორიგ სანქციებს დაამტკიცებდა ირანის წინააღმდეგ, მისი ბირთვული პროგრამის გამო. ამ ცნობებით, მოტაკის ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ის არ არის საკმარისად ძლიერი ფიგურა, საერთაშორისო სარბიელზე ირანის ინტერესების დასაცავად. გაეროს უშიშროების საბჭომ წელს, ივნისში დაამტკიცა სანქციების მორიგი, მეოთხე წყება ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG