Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესიკ ხარანაული - პოეტი


5 დეკემბერი, კვირა
მგონი, ადამიანის საკუთრება სიზმარიღაა.

ამის მიუხედავად, დღეს სიზმარი ისეთ პატივში აღარ არის, როგორც ოდესღაც, როცა თითქოს იმ მიზნით იძინებდნენ, რომ ენახათ სიზმარი და, თუნდაც სათუო, მაგრამ მაინც რაღაც შეეტყოთ თავის ბედზე და მომავალზე. და ნახულობდნენ კიდევაც! ალბათ იმის სანაცვლოდაც, რომ ცრუ რწმენებზე არა ჰქონდათ ცრუ წარმოდგენები. დღეს სიზმარი პირადი გაკვირვების საგანიღაა.

როგორც შემდეგ გაირკვა, დილის ოთხი საათი იყო. თან ძილს ვეჭირე, თან ღვიძილს უნდოდა, რომ ძილიდან გამოვეთრიე; უჭირდა ძილსაც და უჭირდა ღვიძილსაც, გაწყვეტაზე იყო სიზმარიც, რომ, ამასობაში, მეც ჩავერთე და ფეხზე დავდექი.

კალამი რომ ავიღე, კმაყოფილებაღა მიშლიდა ხელს.

წინათ, სოფლიდან წასული კაცი საეჭვო ხდებოდა.

ერთი ასეთი კაცი, ჩემი მეზობელი, სულ წასვლა-დაბრუნებაში იყო და გადაეგო.

ჩემი სიზმრის გმირი არ იყო ამ კაცის შთამომავალი, ეჭვებისა - კი.

წავიდა ეს კაცი სოფლიდან, დაყარა დედა და ცოლ-შვილი და წავიდა (რაკი მთელ ამ სურათს მე მთხრობელი ქალის და სოფლური პეიზაჟების პარალელურად ვხედავ და სხვაც ბევრი რამ ვიცი - პერსონაჟები, სახლი, ეზო და ასე შემდეგ, სიზმარში მთხრობელის შემოსვლა მთელი ამ ვიზუალური სცენებით, განზომილებების თამაშსა ჰგავს. და ეს მე მახსენდება დილის ოთხ საათზე დაწერილის გადათეთრებისას.

როგორ მნიშვნელოვანია ყველაფერი სიზმარში, და როგორ უმნიშვნელოა ქაღალდზე...

ის მთხრობელი ქალი ვინ იყო, ნეტავ? დედაჩემი ხომ არ ჩაენაცვლებოდა ხოლმე, იგავურობისთვის?

- ჰოდა, აი, ასეთი უბედურობა მოხდა! - ასე დაიწყო მთხრობელმა, თუმცა, შეეძლო ასე დაემთავრებინა, მაგრამ კატეგორიულობა და დასკვნის შეუქცევადობა დასაწყისშივე არჩია.

- ჯერ იწერებოდა, მერე აღარ იწერებოდა, მერე სულ გაჩუმდა. დაუწყო დედამისმა მიწერა, რომ, ვითომ ჩამოსულიყო. ჯერ ხვეწნით, მერე მიწერა გადაკრულად, შენს ცოლს მოხედეო, მერე მიწერა, ჩქარა ჩამოდი და მოხედე ცოლ-შვილს, მე ხელი დამიბანიაო... პასუხი ერთხელაც არ მოუვიდათ, არადა ძალიან თავმოყვარე იყო, ვინც რომ წავიდა...

ადგა ერთხელაც დედა და შვილის გზას დაადგა.

ქალი ციხეს და მგზავრობას კაცზე უკეთესად იტანს.

ვაგზალი ძალიან ჰგავდა საიქიოს მიმღებს. ასეთ ვაგზალში აღმოჩნდა ქალი. აღელდა, მაგრამ ძალა მოიკრიბა და, როგორც იქნა, გარეთ გამოვიდა. ეგონა, დავიბადეო.

დიდი სამზარეულოა, ბურუსიანი და განათებებიანი, თაღიანი, ფანჯრებიანი, ვერ გაიგებ, იწყება აქ რამე, თუ მთავრდება. ქალები - ბევრზე-ბევრნი. ყველანი, გამონაკლისის გარეშე, ქვაბებიდან ამოწვერილ ხის დიდი კოვზებით გულმოდგინედ ურევენ ფაფას და ერთადერთი კაცი, ღაჟღაჟა შეფ-მზარეული, ორაზროვანი ღიმილით მიდი-მოდის, თითქოს იატაკი ქანს აძლევდეს.

ძალიან შორს, მაგრამ სამზარეულოს ტერიტორიაზე, ყველაზე უსაფრთხო ადგილას, ჩანასახივით მოკუნტულა კაცი, რომელიც ოდესღაც საიდანღაც შორიდან ჩამოვიდა და არალეგალურად იცხოვრა ამ ქალაქში, - ისე ინტენსიურად და ისეთი თავგადასავლებით, რომ ვერც ერთი ადგილობრივი ვერ შეეჯიბრება ცოდნაში, თუ სად რა არის და სად რა ხდება. რომელიც, ასევე ოდესღაც, როცა ჯერ კიდევ მათხოვრობდა, შეეცოდა ერთ ქალს, რომელსაც ახლახან საყვარელი ძაღლი ჰყავდა დაკარგული და ამ კაცში დაუდგინდა თავისი გრძნობა, ანუ სიყვარული.
თავისუფლების დღიურები - ბესიკ ხარანაული
please wait

No media source currently available

0:00 0:11:36 0:00

მაგრამ ეს ყველაფერი ძველი ამბავია. დღეს ეს კაცი გახლავთ ქალაქის მთავარი გამთამაშებელი. ანუ, ისაა, ვინც შემოქმედებითად განკარგავს ქალაქის ცხოვრების კულტურულ და სათამაშო ინტენსივობას. მთელი ქალაქის მოპულსირე ცხოვრების რუკა მის კედელზეა განათებული და უყურებს მას მთავარი გამთამაშებელი და წარმართავს თავის სოფლიდან. შესაბამისად, ძალიან იღლება.

და უნდება დასვენება და სატელევიზიო პაუზად ჩაურთავს ამ სცენას მსოფლიოს ყველაზე დიდი სამზარეულოდან, სადაც სრულიად ერთი ფერის და ერთიანი სტერილურობის სიტუაციაში, მზარეული ქალები ხის ფალოსებს ურევენ ფაფას და პლასტიკურად შემართული შეფ-მზარეული იცავს რიტმს.

ამ სამზარეულოში გამთამაშებელს დედა პოულობს ყნოსვით.

მაგრამ შვილი დედას ვერა ცნობს.

აქ კვლავ გაისმის კატეგორიული ხმა: „ჰოდა, აი, ასეთი უბედურება მოხდა!“

ამეშალა ფიქრები, რომელიც მხოლოდ უცხო კაცის ბუტბუტს შეიძლება შეედაროს... ჩამსახველი ადამიანი. შემრჩევი ადამიანი. მკვლელი ადამიანი (კაცი კლავს გამკვეთი საგნით, ქალი კლავს მიმღებით - საწამლავით).

დამბრუნებელი ადამიანი...

ასეთი იყო კვირის გათენება. არა მგონია, დანარჩენ დღეს უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდეს. მთელ დღეს ვიკითხავ და სიზმარს დავივიწყებ.

შუადღის მერე დავიღლები და, რომ მივწვები, თუ მოვიკუნტე, ვიფიქრებ, რომ სიზმარი ჯერ არ გამსვლია ტანიდან. გავსწორდები და გულაღმა დავწვები. გამიხურდება ხერხემალი და ტანში შემივა სამზარეულოს ეროტული სცენა. გამახსენდება კვლავ რაღაც-რაღაცები, არ მომეწონება და გადავბრუნდები კედლისკენ. არც კედლისკენ მომეწონება. გადმოვბრუნდები ქვეყნიერებისკენ...

რადგან ამ დილიდან მთელი დღე მოჩანს.

ორშაბათი, დაუფიქრებლად ვგრძნობ, ცხადის დღე იქნება. ხოლო ცხადი, თუ გაგიკვირდა რამე, სიზმარია.

ასე, რომ...

6 დეკემბერი, ორშაბათი
გავიღვიძეთ მე და ჩემმა მექანიკურმა არსებამ. ავდექით. ვიფერთხებით იმისგან, რაც აგვყვა. მიფსმა-მოფსმა საკმარისი არაა, მაგრამ ცხადში დაბრუნების აშკარა ნიშანია. ყავა... მოწევა... ამ პაუზებში ბევრი რამ ეტევა... აკაკი იტყოდა, ჭიან პაპიროზსა სვამსო... გემრიელია აკაკი, ენას თავის დიალექტზე რომ მიუშვებს ხოლმე. მისი სალიტერატურო ქართულიც, რომელსაც მკაცრად თავს დაკანკალებს, ამ დიალექტისგანაა რბილი და ბუნებრივი...

ჩემი მექანიკური არსება გამოყოლილშია ჯერ კიდევ და მაინც ნაძალადევის პარკისკენ მიაბიჯებს... მადა რომ გაქვს და თავს იკავებ, ან სხვა რაღაცეებზე ახურდავებ და მადას იგდებ, სწორია ნეტა? მადა არ უნდა გადიოდეს სურვილების კატეგორიაში... ღორის მწვადი, რა თქმა უნდა, ჯობია ადამიანს, ძროხის ხაშლამაც, ღვინოც, მაგრამ ადამიანიც რომ კარგია... თვითონ შენ გაწუხებს, გონების თვალით რომ ჩამოირბენ და არავისთან გაჩერდება გული, დამამცირებელია... შუა გზაზე ვარ ჩემს ორივე თავთან - ნამდვილთანაც და მექანიკურთანაც. შუქნიშანი მირღვევს წონასწორობას, მარჯვნივ მეწევა, ცხადისკენ... მწვანეზე გადავალ და შევალ პარკში. ერთ საათს ვიქნები. წამოვალ, პურს ვიყიდი საცხობში, მერე სიგარეტს - ხურდას დავუტოვებ, რაკი თვითონ, სხვებისგან განსხვავებით, გიბრუნებენ... და კმაყოფილი, ზესტაფონის კუთხეში, სახლისკენ გადავალ...

პირველი, რასაც პარკში შესვლისთანავე წაველოლიავები, სტეფანეს საქანაო ნავებია. პარკში გააახლეს რაღაცეები, მარტო სტეფანეს ნავები დატოვეს კუნძულივით. საქათმესავითა აქვს შემოღობილი, იქ კი, სადაც ჯდება და ისვენებს, დიქტები გაუკრავს ქარსაცავად. ხან ერთი-ორი ბავშვი დაქანაობს, ხან იცდის სტეფანე... – „რუსთავზე“ ან სხვა არხზე განათავსე რეკლამა-მეთქი. გაიცინა, გავიცინე. საძუნძულოდ რომ მოიცლის კაცი, თანაგრძნობიან ღიმილს იმსახურებს...

7 დეკემბერი, სამშაბათი
ნორამ მითხრა, ზურასთან შევედი დილას, ხო არაფერი გინდა, შვილოო? და იმან კიდევ - რატომ მაწუხებო?

დაიბნა დედა, განა შეწუხება უნდოდა? მაგრამ გამორჩა, რომ შვილი ძილს იყრევინებდა. სხვაგან იყო და უკან გაჭირვებით ბრუნდებოდა...

კარგია, რომ ყოველდღიური ცხოვრება დაუბორკავს ხოლმე ადამიანს სულს, რომ ადამიანი ახლა უკვე სხვა ნივთთაგან გამოიცდება. მსგავს გარდასახვებს მის გარდა ვერავინ (თუ ვერაფერი?) შეძლებდა.

ამ დილას, პარკში რომ შევედი, - აგე, სტეფანე დგას თავის ნავების შემოღობილში და ჩემკენ მომართულად იღიმება. სხვაგან მუშაობს კიდევ ღამის ყარაულად და საკუთარი რეჟიმი აქვს. ამას გარდა, ყოველთვის როდია სანაოსნო ამინდი. წვიმა, ქარი, სიცივე... ესენი სტეფანეს კონკურენტებია. ეხლა კი მავთულბადეზე ჩამოუწყვია ხელები. ვიგრძენი, რომ მე მელოდება.

- აი, ახლაც მიშველე და მე ვიცი...

სამი ლარი მქონდა ჯიბეში, პურისა და სიგერეტისთვის. მოვუბოდიშე და მივეცი.

- იყოს, პატარას ვიყიდი... იცოდე, არც ეს დამავიწყდება და არც ის ათი ლარი!

- რა ათი ლარი?!

- ამას წინათ, ბავშვები არ იყვნენ, ქროდა და ციოდა და დავლიეთ მე და შენ და შენ მითხარი - ხო ხედავ, საკმაო ბავშვები არ არიან ქვეყანაზე, ეხლა მე წავალ და ბევრ ბალღს გავაკეთებ, რომ შენს ნავებზე იქანაონო! ისე, შენც წადი სახლში, ამ ამინდში მარტო ჯავრიანი ბავშვი გამოვა გარეთ, განა რამდენს აკეთებ დღეში?.. აჰა, შენ, ათი ლარი, მეტი არა მაქვს და მგონი არც შენ აკეთებ მეტს...

- ეე, შე კაი კაცო, ათ ლარს რომ ვაკეთებდე... - და გვიცინია მე და სტეფანეს. ეხლაც იღიმება სტეფანე უძალოდ, ნისლი უდგას ჭროღა თვალებში.

საღამოს საპატრიარქოს ტელევიზიამ დამირეკა, „კვირიაკესთვის“ ჩავწეროთ საუბარიო. კარგი-მეთქი.

8 დეკემბერი, ოთხშაბათი
ახლა ვნახოთ, როგორ შეიჭმევა ეს და შემდეგი დღეები.

„კვირიაკედან“ უნდა მოსულიყვნენ თორმეტ საათზე, მაგრამ ოთხისთვის გადაიდო.

მეტი არცაა დღე.

9 დეკემბერი, ხუთშაბათი
დილის ცხრა საათისთვის ვჯდები საპატრიარქოს მანქანაში და მივდივარ „ერთსულოვნებაში“ - დილის გადაცემაში.

დაბრუნებული, ტელეფონის ზარებს ვპასუხობ. მოვეწონე ხალხს. სხვა უნდა ყველას კარგი, თვითონ კი უნდა, მარტომ იმამაძაღლოს.

მიიწურა დრო ზარებისა. ვიფიქრე, კითხვა მიშველის-მეთქი. გავაგრძელე აკაკის „უცნობი პუბლიცისტიკა“.

10 დეკემბერი, პარასკევი
აღვიდგინე თავში, რომ დღეს, ხუთ საათზე, უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსში უნდა შევხვდე სტუდენტებს „კითხვა-პასუხის“ საღამოზე. გამიხარდა, რომ არ დამავიწყდა და ამან აღმაგზნო - სიამოვნებამ, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, რომ ყოველთვის ვასრულებ პირობას. სულელურად დავიძინე.

11 დეკემბერი, შაბათი
დღეს მონაწილეობა უნდა მივიღო გადაცემაში, რომელიც უნგრეთში, შანდორ პეტეფის სახლ-მუზეუმში გრიგოლ აბაშიძის ბიუსტის დადგმას ეძღვნება.

პირველისთვის უნდა მივიდე. დანარჩენი დღე - კაპუტ! იმიტომ, რომ ოთხამდე მაინც გაგრძელდება... მერე სანამ სახლში მივალ...

რადიო თავისუფლებაღა რჩება. ესეც დამთავრდება და დავიფიცებ, რომ - ამის მერე - აღარ! - როგორც ქურდებმა, ლოთებმა და ბოზებმა იციან...

- ალო! - ვპასუხობ ძალიან წვრილ და ნორჩ ხმას. ხმა მეუბნება:

- ბატონო ბ., მე თქვენთან ნამყოფი ვარ, თუ შეიძლება, რომ თქვენი პორტრეტი გავაკეთო?

ვიცი, რომ ვერ დავიმახსოვრებ, მაგრამ, გატეხილი ხმით გაზეთის სახელს მაინც ვეკითხები და ამ „ყოყმანის“ შემდეგ ვთანხმდებით შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG