Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას აპროტესტებს


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელიც აშშ-ის სენატის კომიტეტში 9 დეკემბერს დარეგისტრირდა, მოსკოვმა 4 დღის დაგვიანებით გააპროტესტა. საუბარია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე, რომელიც, საქართველოს საგარეო უწყების შეფასებით, ძველებურად ”ისტერიკული” არ არის. რის მიღწევას ცდილობს რუსეთი და რას ფიქრობენ საქართველოში მოსკოვის პროტესტზე?
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოთქმულია ”სინანული”, რომ შეერთებული შტატების სენატში ინიცირებული რეზოლუციის პროექტი რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ე.წ. ”ახალ რეალობას” უგულებელყოფს:

”რეზოლუციის პროექტში, ისევე როგორც კონგრესის ბევრი წევრის პოზიციაში, იგნორირებულია ახალი რეალობა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2008 წლის აგვისტოში გაჩაღებული აგრესიის შედეგად წარმოიშვა... ამ ქმედებების შედეგად (და იმას, რომ აგრესია სწორედ თბილისმა გააჩაღა, ცოტა ვინმე თუ უარყოფს), წარმოიქმნა ორი ახალი სახელმწიფო - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. და ამის შემდეგ, მინიმუმ არაკორექტული და არალოგიკურია მათი ჩათვლა ”რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებად.”
აქვეა გამოხატული იმედი, რომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის განხილვამდე ამერიკელი სენატორები აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილ ”ახალ რეალობას” გაითვალისწინებენ და გადაწყვეტილებებსაც ამის მიხედვით მიიღებენ.

შეერთებული შტატების სენატში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის ინიცირებას რუსეთის უარყოფითი რეაქცია რომ მოჰყვებოდა, ბუნებრივად მოსალოდნელი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის სერგი კაპანაძისთვის. ერთადერთი, რაც მისთვის მოულოდნელი იყო, ეს რუსეთის საგარეო უწყებისთვის უჩვეულო ტონია:

”... არ იყო ისეთი მძაფრი, როგორსაც მოველოდი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საკმაოდ დაბალანსებული განცხადება იყო და მასში ისტერიკული ტონი, რაც სჩვევიათ ხოლმე, არ შეინიშნებოდა...”

სერგი კაპანაძე ჩვენთან საუბრისას თავს იკავებს იმის დაზუსტებისგან, თუ რამ განაპირობა რუსეთის საგარეო უწყების შედარებით დაბალანსებული რეაქცია. თუმცა ის მაინც ვარაუდობს მიზეზს, კერძოდ, იმას, რომ შესაძლოა მოსკოვში უკვე შესაბამისად აცნობიერებენ ამ პროცესის შეჩერების შეუძლებლობას. ამასთან, სერგი კაპანაძე ამერიკის სენატში ინიცირებულ პროექტს საქართველოს ოკუპაციის აღიარების საყოველთაო საერთაშორისო სურათის ჭრილში განიხილავს.

”სწორედ ეს არის მნიშვნელობა ასეთი დოკუმენტების, რომ ის, რაც დეკლარირებულია სიტყვიერად, უკვე აისახება პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სერგი კაპანაძემ.

”სენატი ადასტურებს შეერთებული შტატების პოლიტიკას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები აღიარებული უნდა იყოს როგორც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები”, - ვკითხულობთ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 9 დეკემბერს დარეგისტრირებულ რეზოლუციის პროექტში.

აქვეა მოწოდება, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა ვადა და პირობა. გარანტირებული უნდა იყოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ყველა პირისთვის. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა სრული და ღირსეული დაბრუნება საკუთარ სახლებში.

სენატში ინიცირებული რეზოლუციის პროექტის ტექსტში ახალი მართლაც არაფერია. მასში ასახულია ყველა ის აქცენტი, რომელზეც სხვადასხვა დროს არაერთხელ გაუმახვილებიათ ყურადღება აშშ-ის უმაღლესი რანგის პოლიტიკოსებსა თუ დიპლომატებს. ამასთან, ყველასათვის ნათელია ისიც, რომ შეერთებულ შტატებს არსად და არასოდეს უცდია რუსეთის მიერ აგვისტოს ომის შემდეგ დამკვიდრებული ე.წ. ახალი რეალობის აღიარება. სწორედ ამის გამო, გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე ფიქრობს, რომ რუსეთის პროტესტი ზეგავლენას ვერც შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებაზე მოახდენს. ანალიტიკოსი პრაქტიკულად ვერ ხედავს მიზეზს, რის გამოც სენატმა შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციას. ამასთან, მისი ვარაუდით, შეერთებული შტატების სენატის ნაბიჯი მისაბაძი გახდება საერთაშორისო პოლიტიკის სარბიელზე.

მოსამზადებელი სამუშაოების შედეგად შექმნილი საერთო სურათის გათვალისწინებით, შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბათუ ქუთელია ვარაუდობს, რომ ხსენებულ რეზოლუციას სენატი მომავალი წლის დასაწყისში მიიღებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG