Accessibility links

logo-print

რას ედავებიან „ეროვნული ფორუმის“ აქტივისტს


უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ”თავისუფალი აზრის სახლში”

უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა ”თავისუფალი აზრის სახლში”

ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ პატიმრობიდან გაათავისუფლონ „ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი აქტივისტი, კახა ჩაკვეტაძე, რომელიც, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, 2010 წლის 21 ოქტომბერს ლილოს ბაზრობასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. კახა ჩაკვეტაძის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ბრალდებულისათვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას აკლდა სათანადო დასაბუთება. რას ედავებიან „ეროვნული ფორუმის“ აქტივისტს და რატომ მიიჩნევენ მას პოლიტიკური ნიშნით დევნილად?

2010 წლის 21 ოქტომბერს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, „ელსავაკოს“, იმავე „ლილოს ბაზრობის“, ტერიტორიაზე მცირე მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და შემოსავლების სამსახურის მიერ რამდენიმე სავაჭრო ობიექტის დალუქვა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებთან შეხვედრის მიზნით „ეროვნული ფორუმის“ წევრებმა ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლა სცადეს, მაგრამ პასუხად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული რამდენიმე ათეული ადამიანის ფიზიკურ წინააღმდეგობას წააწყდნენ. აქციაზე იმყოფებოდა „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე კახა შარტავა. მისი თქმით, კახა ჩაკვეტაძეს სცემა ახალგაზრდა მამაკაცთა ჯგუფმა, რომლის წევრებმა, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ წარმოადგინეს არანაირი საბუთი. შესაბამისად, გაურკვეველი დარჩა, თუ ვინ უწევდა მათ წინააღმდეგობას და ვინ არ უშვებდა ღია ბაზრობის ტერიტორიაზე:

„პოლიცია მოშორებით იდგა და საერთოდ არ ერეოდა საქმეში. ბოლოს, როცა რამდენიმე ადამიანმა წააქცია და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო კახა, მომიწია დაყვირება, მოკლეს, მოკლესო... ამ ყვირილზე მოვიდა პოლიცია და გაიფანტნენ „ზონდერები“. პოლიციამ ძირს დაგდებული წამოაყენა და წაიყვანეს, როგორც ჩვენ გვითხრეს, საავადმყოფოში დაზიანებების დასათვალიერებლად, მაგრამ, ფაქტობრივად, გაიტაცეს“.

კახა შარტავას თქმით, ჩაკვეტაძეს წინააღმდეგობა არ გაუწევია, მით უმეტეს, რომ პოლიციელების განცხადებით, ისინი დაზარალებულის საავადმყოფოში გადაყვანას აპირებდნენ, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩაკვეტაძე დააკავეს ბაზრობის დაცვის თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, რასაც კახა ჩაკვეტაძის ადვოკატი ზურაბ მეფარიძე ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგან არავის ეცვა ფორმა და არც საბუთები წარმოუდგენია ვინმეს. და კიდევ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვეთ მოეწოდებინა ცნობა, „ელსავაკოს“ დაცვის თანამშრომლები იყვნენ თუ არა ოფიციალურად გაფორმებული დაცვის პოლიციის დეპარტამენტში. აღმოჩნდა, რომ იყვნენ, მაგრამ ხელშეკრულება გაფორმებულია ზუსტად 21 ოქტომბერს, ანუ ინციდენტის დღეს, ძალაში შესვლის ვადად კი მითითებულია 1 ნოემბერი“.

21 ოქტომბერს ლილოს ბაზრობაზე მომხდარი ინციტენტით სახალხო დამცველიც დაინტერესდა. 10 ნოემბერს გიორგი ტუღუშის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„ინციდენტის დროს ლილოს ბაზრობას იცავდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის - წარმომადგენლები და შპს “ელსავაკოს” (ლილოს ბაზრობის) კერძო დაცვის თანამშრომლები. ამასთან, არსებული ვიდეოჩანაწერებიდან დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე ინციდენტში მონაწილე პირებს ეცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი, რაც არღვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს“.

სახალხო დამცველის გარდა, 21 ოქტომბრის ინციდენტი და „ეროვნული ფორუმის“ აქტივისტის დაკავების ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმაც შეისწავლა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ვიდეოკადრების სახით საქმეში დევს მდიდარი მასალა, რომელიც ჭეშმარიტების დადგენის საშუალებას იძლევა.

„ფაქტია, რომ ამ ადამიანის დაკავებაში არის ძალიან ბევრი დარღვევა და პრობლემა, იმიტომ რომ გადაღებული კადრებიდან კარგად ჩანს, რომ ძირს აგდია ადამიანი და მას სცემენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები. არანაირი ნიშანი არ არის, რომ ისინი არიან სამართალდამცავები... ეს ადამიანი არ უწევს წინააღმდეგობას, ძირს აგდია და ურტყამენ მას. ასევე არ უწევს წინააღმდეგობას დაკავების დროს, მაგრამ მაინც შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა სრულიად დაუსაბუთებლად“, - უთხრა თამარ ჩუგოშვილმა რადიო თავისუფლებას.

იმის შესახებ, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდებას დასაბუთება აკლდა, ლაპარაკია სახალხო დამცველის განცხადებაშიც, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კახა ჩაკვეტაძის ადვოკატების ყურადღება ამჟამად მიპყრობილია საქალაქო სასამართლოსკენ, სადაც 16 დეკემბერს წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ საკუთარი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, არსებითი განხილვა კი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ვადაში, ანუ უახლოეს ორ კვირაში, დაიწყება.
XS
SM
MD
LG