Accessibility links

”ნაგვის გატანა 3 ლარად კაცზე” – დღევანდელი ”რეზონანსი” დასუფთავების საფასურის შესაძლო გაზრდაზე წერს: ”დასუფთავების საფასური, ”რეზონანსის” ინფორმაციით, გაორმაგდება. ხელისუფლების მხრიდან ოფიციალურად ჯერჯერობით მხოლოდ ის განცხადებები კეთდება, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები იმის დასათვლელად, ეს მომსახურება თვითმმართველობებს რა უჯდებათ. თუმცა პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ დასუფთავების გადასახადი ერთ სულზე სწორედ 3 ლარი გახდება”, - წერს ”რეზონანსი”.

”მთავრობამ, ქამარი შემოვიჭიროთო და ხალხს კი წაუჭირა ყელში” - ასეთი სათაურით სტატია ”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება: ”ახალ წელიწადს ჩვენი მეკვლე გაერთიანებული ქვითრით მოსული გადასახადები იქნება და მათგან ერთ-ერთს თუ ვერ გადაიხდით, დანარჩენ მომსახურებასაც ვეღარ ეღირსებით”, - წერს ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი და იმავე სტატიაში განაგრძობს: ”იმდენი იძახეს ქამრები უნდა მაგრად მოვიჭიროთ და ხალხისთვის თავგადაკლულებმა ვიზრუნოთო, ბოლოს ქამარი ისევ ხალხს წაუჭირეს კისერში...”.

”ახალი თაობის” კორესპონდენტი პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილს ეკითხება: ”ბატონო რამაზ, ითქვა ისიც, რომ ამ ზამთარს გადაჰყვება ეს ხელისუფლებაო, თქვენ თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?”- კლიმიაშვილი პასუხობს: ”რასაკვირველია, ვეთანხმები, ოღონდ, დავუმატებდი, რომ შესაძლოა, ამ ზამთარს ჩვენც გადავყვეთ და ეს მწარე რეალობაა. ეს ხელისუფლება თუ გადაჰყვება, ეს სულ არ მადარდებს, მაგათი ბოლო სწორედ ეგ არის, მაგრამ ჩვენ თუ გადაგვაყოლეს, ჩვენი ქვეყნისგან თუ არაფერი დარჩა და ნაწილ-ნაწილ დაშლილი დაურიგდა მეზობლებს, მაშინ რა ვქნათ?!” - კითხულობს რამაზ კლიმიაშვილი, რომელთან ინტერვიუსაც ”ახალი თაობა” აქვეყნებს.

”ალია” წერს: ”ორშაბათს, გვიან ღამით, სოსო რობაქიძეს სცემეს. ცხვირპირდასისხლიანებული და თვალებჩალურჯებული შვილმკვდარი მამა პოლიციის ნაცვლად რედაქციაში მოვიდა და ინციდენტის დეტალებზე გვესაუბრა”, - წერს გაზეთი. სოსო რობაქიძე ”ალიას” უყვება, რომ მას კეკელიძის ქუჩის 25 ნომერთან ორმა პირმა სცემა და რომ ისინი ”მერსედესის” მარკის ჯიპიდან გადმოვიდნენ. რობაქიძე ჟურნალისტს ეუბნება, რომ ოცი დღის წინ სამართალდამცავ უწყებაში მომუშავე მისმა ახლობელმა დაურეკა და უთხრა ”ფრთხილად” ყოფილიყო.

”ალიაში” წაიკითხავთ აგრეთვე სტატიას რუსეთში დაგეგმილი ნანი ბრეგვაძის კონცერტის შესახებ. ავტორი ბაუმანის სახელობის უნივერსიტეტის კულტურის სასახლის წარმომადგენელს ვლადიმერ ბაკლაჟენკოს დაუკავშირდა. რესპონდენტს უთქვამს, რომ კონცერტი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და მასზე მომღერალს თანხმობაც განუცხადებია: ”ის, რაც ახლა ხდება, ძალიან ცუდია. შეიძლება ნანი ბრეგვაძე იქ რაღაც პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება. მე მაინც იმედი მაქვს, რომ კონცერტი ჩატარდება”, - აცხადებს მოსკოვში არსებული იმ კულტურის სასახლის წარმომადგენელი, სადაც ნანი ბრეგვაძის კონცერტი იყო დაგეგმილი, და დასძენს, რომ 1500-კაციანი დარბაზის ყველა ბილეთი გაყიდულია.
XS
SM
MD
LG