Accessibility links

logo-print
გარდაიცვალა რიჩარდ ჰოლბრუკი - ამერიკელი დიპლომატი, რომელმაც 1995 წელს ბოსნიისთვის დეიტონის შეთანხმების გაფორმებას მიაღწია და რომელიც სიკვდილამდე აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელი იყო ავღანეთსა და პაკისტანში.

ჰოლბრუკი პარასკევს გახდა ცუდად - აორტა გაუსკდა - და მას შემდეგ ვაშინგტონის ერთ-ერთ საავადმყოფოში იწვა, მაგრამ, რთული ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ის 69 წლის იყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჰოლბრუკს „ამერიკის საგარეო პოლიტიკის ჭეშმარიტი გიგანტი“ უწოდა. ობამას თქმით, მსოფლიოში მილიონობით ადამიანია, რომელთა სიცოცხლეც ჰოლბრუკმა გადაარჩინა თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში კონფლიქტურ რეგიონებში დიპლომატიური მუშაობით:

რიჩარდ ჰოლბრუკი: დიპლომატის ცხოვრებიდან

x
„რიჩარდ ჰოლბრუკი ამ ქვეყანას წარმატებით ემსახურებოდა თითქმის 50 წლის მანძილზე - დაწყებული ვიეტნამით, სადაც ის, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, საგარეო უწყების წარმომადგენელი იყო, და დამთავრებული იმ ხელშეკრულებათა არქიტექტორობით, რომელთა მეშვეობითაც ბალკანეთში ხოცვა-ჟლეტა დასრულდა - ასევე, ავღანეთსა და პაკისტანში ჩვენს საგანგებო წარმომადგენლად ყოფნისას ჩვენი რეგიონალური მცდელობების განხორციელებაში შეტანილი წვლილით. ამ ამოცანებს შორის კი უამრავი კრიზისული ვითარება და ცხელი წერტილი იყო. მარტივად რომ ითქვას, ის იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი გიგანტი“, - თქვა ობამამ.

სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებით, აშშ-მა ერთ-ერთი ყველაზე „ძლიერი დამცველი და ყველაზე ერთგული საჯარო მოხელე“ დაკარგა.

როგორც აღვნიშნეთ, სიკვდილამდე ჰოლბრუკი აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლად მუშაობდა ავღანეთსა და პაკისტანში. ეს პოსტი მას 2009 წლიდან ეკავა. „ვაშინგტონ პოსტის“ თანახმად, უკანასკნელი სიტყვები, რომელიც ჰოლბრუკმა წარმოთქვა, მის ამ მისიას უკავშირდებოდა. გაზეთი ჰოლბრუკის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნარკოზის გაკეთების წინ ჰოლბრუკმა თავის ქირურგს, წარმოშობით პაკისტანელს, მიმართა სიტყვებით: „ავღანეთში ომი უნდა დაასრულოთო“.

ორშაბათს ავღანეთის და პაკისტანის ლიდერებმაც გამოხატეს მწუხარება ჰოლბრუკის სიკვდილის გამო.

პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ თქვა, პაკისტანმა მეგობარი დაკარგა და მისთვის პატივის მიგების საუკეთესო გზა ის იქნება, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ შემართება ექსტრემიზმის ამოძირკვისა და მშვიდობიანი არსებობის საქმეშიო.

ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის წარმომადგენელმა, აჰმად ზია სიამაკმა, რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს შემდეგი უთხრა:

„ღრმად დამწუხრებული ვართ პაკისტანსა და ავღანეთში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენლის, რიჩარდ ჰოლბრუკის სიკვდილით. ეს ძალიან დიდი დანაკარგია. თქვენი რადიოს მეშვეობით ამერიკის ხალხსა და მთავრობას სამძიმარს ვუთვლით.“

მიხეილ სააკაშვილი და რიჩარდ ჰოლბრუკი თბილისში მედიასთან შეხვედრისას. 2010 წლის 22 თებერვალი.
რიჩარდ ჰოლბრუკის კარიერის მწვერვალად 1995 წელს დეიტონის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ითვლება ბოსნიისთვის. ამ შეთანხმებით ბალკანეთში სამი წლის მანძილზე მიმდინარე ხოცვა-ჟლეტის შეჩერება მოხერხდა.

რიჩარდ ჰოლბრუკი საქართველოშიც კარგად ახსოვთ. პრეზიდენტის სამსახური და საგარეო საქმეთა სამინისტრო მისი სიკვდილის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ და მას საქართველოს ერთგულ მეგობრად მოიხსენიებენ. მართლაც, ჰოლბრუკს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა როგორც აშშ-ისთვის, ისე ევროკავშირისთვის ერთგვარ საჩვენებელ გამოცდად მიაჩნდა რუსეთთან ურთიერთობაში.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჰოლბრუკი საქართველოში ჩავიდა. 2008 წლის 22 აგვისტოს „ვაშინგტონ პოსტისთვის“ თბილისში დაწერილ მის წერილში ვკითხულობთ:

„ამ გამოწვევას დასავლეთმა რიტორიკაზე მეტი ქმედებით უნდა უპასუხოს. ახლა ყველაფერზე მნიშვნელოვანია მასშტაბური ეკონომიკური და სამხედრო დახმარება. საქართველოს აღდგენაზე პასუხისმგებლობის საჯაროდ აღება საუკეთესო გზაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა თავის მიზანს ვერ მიაღწიოს.“

მიმდინარე წლის თებერვალში ჰოლბრუკი საქართველოში კიდევ ერთხელ ჩავიდა, ამჯერად ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში საქართველოს წვლილის განხილვის მიზნით. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ის კრწანისის სასწავლო ცენტრსაც ეწვია, სადაც საქართველოს სამხედროები ავღანეთში გაგზავნის წინ წვრთნას გადიოდნენ. „ხაზგასმით უნდა ვთქვა, ბატონო პრეზიდენტო, რომ ჩვენ ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ ამერიკელი, ბრიტანელი ან ფრანგი სამხედროების მსგავსად, ქართველი ჯარისკაცებიც ავღანეთში უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ძალების/ნატოს ხელმძღვანელობით იმსახურებენ, და არა რაიმე ეროვნული ნიშნით“, - განაცხადა ჰოლბრუკმა საქართველოში ვიზიტისას.
ჰოლბრუკის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამენ ბრიტანეთის, ავსტრიის, ნატოს, ევროკავშირის წარმომადგენლები.

თავისი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში ჰოლბრუკმა გაეროსა და გერმანიაში აშშ-ის ელჩადაც იმსახურა და ორჯერ იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე. ჰოლბრუკი შვიდჯერ იყო წარდგენილი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე.
XS
SM
MD
LG