Accessibility links

რატომ გაათავისუფლეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი?


მაჰმუდ აჰმადინეჟადი (მარცხნივ) და მანუჩერ მოთაქი

მაჰმუდ აჰმადინეჟადი (მარცხნივ) და მანუჩერ მოთაქი

ირანის პრეზიდენტის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოთაქის დათხოვნა მოულოდნელი იყო. მაგრამ უფრო უცნაური ის იყო, რომ მაჰმუდ აჰმადინეჟადი ამდენ ხანს ეგუებოდა კაბინეტში პოლიტიკოსს, რომელიც დაახლოებული იყო პრეზიდენტის მეტოქეებთან.

მანუჩერ მოთაქი პროფესიონალი დიპლომატია.13 დეკემბერს მისი ბოლო ქმედება მინისტრის თანამდებობაზე იყო სოლიდარობის გამოხატვა ბრიტანელი სტუდენტების მიმართ, რომელთა გამოსვლა პოლიციამ სასტიკად ჩაახშო. აჰმადინეჟადის ეს ნაბიჯი, ყოველგვარი განმარტების გარეშე გაეთავისუფლებინა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში განაგებდა ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყებას, ბევრისთვის იყო მოულოდნელი. დასავლეთის პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ირანის რელიგიური ლიდერი დღემდე მხარს უჭერდა მოთაქის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე, მაგრამ რა მოხდა ახლა, ჯერ ძნელი სათქმელია, თუმცა ის ცხადია, რომ ირანში ალი ხამენეის გარეშე ამ დონეზე საკადრო ცვლილება არ ხდება. რასაც ვარაუდობენ, არის ის, რომ ატომური პროგრამის და, საერთოდ, ატომური პოლიტიკის საკითხებში ბოლო ხანს მოთაქის და აჰმადინეჟადს უთანხმოება გაუჩნდათ. ასახელებენ ერთ-ერთ ფრაზას, რომელიც უთქვამს მოთაქის გასულ კვირაში დასავლეთის მისამართით ათენში: არსებობს პოზიციები, რომლებშიც შეგვიძლია თანამშრომლობაო. ცნობილია, რომ ირანი იბრძვის თავისი უფლების განსახორციელებლად, ატომური პროგრამა საკუთრი სურვილისამებრ გაატაროს. მოთაქი სენეგალში იყო ოფიციალური ვიზიტით, როცა აჰმადინეჟადმა გადაწყვიტა სამსახურიდან დაეთხოვა თავისი მთავარი დიპლომატი. პრეზიდენტმა მადლობის სიტყვა არ დაიშურა მოთაქისთვის. შოტლანდიის „სანტ ენდრიუს უნივერსიტეტის“ ირანის კვლევის პროფესორი, ალი ანსარი, თვლის, რომ საქმე არ ეხება იდეოლოგიურ დაპირისპირებას, მას უფრო პირადი უთანხმოება ჰგონია მოთაქის განთავისუფლების მიზეზი:

„ეს კამათი და დაპირისპირება მე მგონია უფრო პირადი, ვიდრე სტრუქტურული თუ იდეოლოგიური კონფრონტაცია. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ საქმე იმას ეხება, თუ ვინ წარმართავს ირანის საგარეო პოლიტიკას. ასევე იმ ფაქტსაც, რომ ის წარუმატებელია. არაერთი ადამიანი შეუერთდა აჰმადინეჟადის მთავრობას, მაგრამ შემდეგ დაუპირისპირდნენ მას. ამ კამათს ნაკლები აქვს საერთო მძაფრ ხაზთან ან ამაზე შეხედულებებთან. მიზეზი უფრო ისაა, რომ აჰმადინეჟადს უყვარს თვითონ, პირადად გააკონტროლოს ვითარება და არ მოსწონს, როცა სხვებს აკისრიათ პასუხისმგებლობა. მოთაქი კი, მართალია, არა მთლად დამოუკიდებელი მინისტრივით, მაგრამ ცდილობდა ემოქმედა პასუხისმგებლობის გრძნობით. ამ დროს კი საჭირო იყო ფორმალური მხარის დაცვა.“

ანსარი ლაპარაკობს ირანის პარლამენტის - მეჯლისის - ამჟამინდელი თავმჯდომარის ფაქტორზეც. მისი თქმით, მოთაქი უკვე ადრევე, 2007 წელს, დაასუსტა ფაქტმა, რომ ალი ლარიჯანი, ბირთვულ სფეროში ირანის წარმომადგენელი, სახელმწიფო უშიშროების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, პრეზიდენტმა გაათავისუფლა და მის ნაცვლად თავისი ახლო მოკავშირე საიდ ჯალილი დანიშნა. ლარიჯანი მოთაქის ახლობელია და ალი ანსარი ამბობს, რომ საინტერესოა რა მოხდება ახლა, როგორი იქნება მეჯლისის რეაქცია: მან ხომ მოთაქის მემკვიდრე უნდა დაამტკიცოს თანამდებობაზე.

ამ განთავისუფლებას მალევე მოჰყვა მემკვიდრის, ალი აქბარ სალეჰის, დასახელება პოსტზე. იგივე აჰმადინეჟადი მიმართავს სალეჰის, ატომური უწყების ხელმძღვანელს, თქვენი აქტიურობა, თქვენი ცოდნა და თქვენი ძვირფასი გამოცდილებაა საფუძველი, რატომაც დაგასახელეთ დროებით საგარო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზეო. როცა პრეზიდენტი უცხოეთში მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრს ათავისუფლებდა, ამ დროს ირანის ტელევიზიით ხშირად მოჩანდა სალეჰი, რომელიც ატომური პროგრამის წარმატებაზე ლაპარაკობდა. ირანს, რომელსაც, დასავლეთის ვარაუდით, ატომური იარაღის შექმნა სურს, მოლაპარაკება ელის დასავლეთის ქვეყნებთან, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრსა და გერმანიასთან მისი ბირთვული პროგრამის გარშემო. სხვათა შორის, გერმანიამ მოითხოვა, რომ მოლაპარაკება, მოთაქის განთავისუფლების მიუხედავად, უნდა შედგეს. ირანმა გამოაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკა - ისევე როგორც ბირთვული პოლიტიკა - ამ ქვეყნისა არ შეიცვლება. რაც შეეხება დასავლეთს, მოელიან, რომ აჰმადინეჟადის ეს ნაბიჯი აშშ-ის ადმინისტრაციას გაუიოლებს თეირანის იზოლირებას, რადგან ირანის საგარეო პოლიტიკა ახლა უფრო ექსტრემალური სახით წარმოჩნდება. ასე ფიქრობს ახლო აღმოსავლეთის ეკონოკიმისა და პოლიტიკის კვლევის ისრაელის ცენტრის კომენტატორი მეირ ჯავედანფარი: „ეს დასავლეთისთვის შეიძლება კარგი იყოს. თუ არაკვალიფიცირებულ პირს დანიშნავენ, ეს წაადგება პრეზიდენტ ობამას გეგმას და სურვილს, ისლამური რესპუბლიკა იზოლაციაში მოაქციოს. იქ არიან მოთაქიზე უკეთესი დიპლომატები, მაგრამ არიან უარესებიც. და აჰმადინეჟადთან შეკავშირებულები სწორედ უარესები არიან.“

დაბოლოს, კიდევ ერთხელ: მინისტრის კანდიდატურა პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს პარლამენტს, რომელმაც შეთავაზება უნდა დაამტკიცოს.
XS
SM
MD
LG