Accessibility links

საქართველოს დაპირება და ძალის გამოუყენებლობის დილემა ჟენევაში


ჟენევის მოლაპარაკებათა მე-14 რაუნდზე განსახილველ მთავარ საკითხად კვლავაც ძალის გამოუყენებლობის პრობლემური საკითხი სახელდება. თუმცა, წინა რაუნდებისგან განსხვავებით, 16 დეკემბერს დაგეგმილ მოლაპარაკებებს დამატებითი ინტრიგა შესძინა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 23 ნოემბერს ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გახმაურებულმა სამშვიდობო ინიციატივამ. ამ ინიციატივას რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის წარმომადგენელთა ცნობისმოყვარეობაც უკავშირდება, თუმცა ჟენევაში ისინი მაინც საკუთარი (თბილისისთვის კატეგორიულად მიუღებელი) პოზიციის დაცვას აპირებენ. მოსალოდნელია თუ არა გარღვევა ჟენევის მოლაპარაკებათა მე-14 რაუნდზე?

საქართველოს დელეგაცია ჟენევაში იმ იმედით გაემგზავრა, რომ საერთაშორისო მოლაპარაკების მე-14 რაუნდზე სათანადო ყურადღება დაეთმობა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას და რომ ახლა საქართველოს მაგალითს რუსეთმა უნდა მიბაძოს. გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გახმაურებული ინიციატივის მიხედვით, საქართველომ თავის თავზე აიღო ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი ვალდებულება საქართველოს დეოკუპაციის პროცესში და ოდნავ მოგვიანებით ამ ცალმხრივი დეკლარაციის წერილობითი ვარიანტი საერთაშორისო ორგანიზაციებსაც გადაეგზავნათ.

პრეზიდენტ სააკაშვილის 23 ნოემბრის სამშვიდობო ინიციატივას 6 დეკემბერს ერთდროული სიტყვიერი განცხადებები მოჰყვა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო პრეზიდენტების მხრიდან, რომლებიც, თავის მხრივ, დებენ პირობას, რომ არ გამოიყენებენ სამხედრო ძალას საქართველოს წინააღმდეგ.

თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ამგვარი პირობის დადებას საქართველო არა თავისი ოკუპირებული რეგიონებისგან, არამედ რუსეთისგან მოელის. ჟენევაში საქართველოს დელეგაციის წევრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის სერგი კაპანაძის თქმით, ახლა საქართველოს მსგავსი სამშვიდობო ნაბიჯი რუსეთმა უნდა გადადგას, რადგანაც სწორედ ის წარმოადგენს მხარეს საქართველოსთან სამხედრო დაპირისპირების პროცესში.

რუსეთი კი ჟენევის მოლაპარაკებებზე, წინასწარ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, მხოლოდ თბილისის, ცხინვალისა და სოხუმის სამშვიდობო წინადადებების განხილვას აპირებს. საგარეო უწყების ვებ-გვერდზე 9 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მოსკოვი მოელის, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე სწორედ დასახელებული ”სამი მხარის” ინიციატივების განხილვისა და ”იურიდიულად განმტკიცების” გზების გამონახვა მოხერხდება. ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება ნახსენებია იმავე წყაროს მიერ 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაშიც, რომელშიც მოსკოვი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თანასწორუფლებიანი სახელმწიფოებრივი ურთიერთობის აუცილებლობას მის მიერ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებულ ორ ოკუპირებულ რეგიონსა და საქართველოს შორის.

“პირველ რიგში, საუბარია პირდაპირი, თანაბარუფლებიანი, კონსტრუქციული და მშვიდი ურთიერთობის დამყარებაზე ამ ქვეყნებს შორის, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებების მიღწევის ჩათვლით“, - ვკითხულობთ განცხადებაში. ასეთი პოზიცია კი, ბუნებრივია, კატეგორიულად მიუღებელია საქართველოსთვის.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და მისი ოკუპირებული ტერიტორიების ერთ სიბრტყეზე დაყენებით მოსკოვი წინასწარვე ბლოკავს წარმატების მიღწევის შანსს ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე.

გარღვევის მოლოდინზე ლაპარაკისგან თავს იკავებენ ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესის თანათავმჯდომარეები, ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს საგანგებო წარმომადგენლები, რომლებმაც მე-14 რაუნდის წინ ტრადიციულად მოიარეს მოსკოვი, თბილისი, ცხინვალი და სოხუმი, თუმცა მათთვის ცხადია, რომ მოლაპარაკებათა დაახლოებით 2-წლიან პროცესში ახალი სამშვიდობო კონტექსტი გამოიკვეთა და რომ ამ პროცესს დასაბამი მისცა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გახმაურებულმა სამშვიდობო ინიციატივამ. ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარე, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი პიერ მორელი კმაყოფილია იმით, რომ სამშვიდობო ინიციატივები ჟენევის მოლაპარაკებების შედეგად გამოჩნდა:

”არ გვინდა განსაკუთრებით ვიამაყოთ... მაგრამ ფაქტია, რომ ერთწლიანმა მუშაობამ ძალის გამოუყენებლობის საკითხზე, ხელი შეუწყო ასეთი განცხადებების მომზადებას...”

ეს განცხადება პიერ მორელმა 10 დეკემბერს, სოხუმში სტუმრობისას გააკეთა. თუმცა, კმაყოფილების მიუხედავად, ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეები აცნობიერებენ, რომ დისკუსიაში მონაწილე მხარეების პოზიციათა დასაახლოებლად კიდევ არცთუ ხანმოკლე, შრომატევადი სამუშაო პროცესის წარმართვაა აუცილებელი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG