Accessibility links

logo-print

სვანეთში ზვავში მოყოლილი ალპინისტის ძებნა გრძელდება


სვანეთი

სვანეთი

დღეს მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა სვანეთში, წანერის უღელტეხილთან, ზვავში მოყოლილი ალპინისტის, კარლო ხერგიანის, სამძებრო სამუშაოები. 13 დეკემბერს, დაახლოებით 15 საათზე, თეთნულდის მწვერვალის მიმართულებით მიმავალი ორი ალპინისტი - გიორგი ნავერიანი და კარლო ხერგიანი - ზვავში მოყვა. გიორგი ნავერიანმა ზვავიდან თავის დაღწევა შეძლო და 8-საათიანი სიარულის შემდეგ ჩააღწია სოფელ მულახში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას მომხდარის შესახებ შეატყობინა.

დღესაც უშედეგოდ დასრულდა 13 დეკემბერს სვანეთში ზვავში მოყოლილი ორი ალპინისტიდან ერთ-ერთის, კარლო ხერგიანის, სამძებრო სამუშაოები. როგორც ნაციონალური ტელეარხები იტყობინებიან, უამინდობის გამო სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენი ვერ ჩაერთო, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარემ, გოჩა გვარამიამ, კი მომხდარის დეტალებზე ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ სოფელ მულახის მცხოვრებლებთან ერთად სამუშაოებში თბილისიდან ჩასული 7-კაციანი სამაშველო ჯგუფი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და ვერტმფრენიცაა ჩართული:

”სასაზღვრო პოლიცია, ადგილობრივი მოსახლეობა, სამაშველო სამსახური და თუკი რამ სტრუქტურა არსებობს რეგიონში, ჩართულია პროცესში. გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ძებნა, დღის მეორე ნახევარში ავიაციაც ჩაერთო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მისი პოვნა. დღესაც ყველა ეს სამსახური ჩართულია და მიმდინარეობს ძებნა”.

მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ორი ალპინისტი - გიორგი ნავერიანი და კარლო ხერგიანი - 13 დეკემბერს თეთნულდის მწვერვალის დასალაშქრად წავიდა, მაგრამ გზაში გაუავდრდათ და უკან დაბრუნება გადაწყვიტეს. წანერის უღელტეხილთან კი მათ ზვავმა მოუსწრო. იმის გამო, რომ ამ უღელტეხილის გარდა უკან დასაბრუნებელი სხვა გზა არ არსებობდა, გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ორივე მათგანი ზვავმა ჩაიყოლა. გიორგი ნავერიანმა თავის დაღწევა მოახერხა და სოფელ მულახის მცხოვრებლებს მომხდარის შესახებ შეატყობინა. ადგილი, სადაც ეს შემთხევვა მოხდა, ზღვის დონიდან დაახლოებით 3 ათას მეტრზე მდებარეობს.

ალპინისტი გელა ოთარაშვილი, რომელიც 2005 წლის ზაფხულში მესტიაში, სვანეთის კავკასიონზე მომხდარი ტრაგედიის დროს ცოცხალი გადარჩა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ წელიწადის ამ დროს - მით უმეტეს, ახალმოსული თოვლის პირობებში - ძალიან სარისკოა მსგავსი ლაშქრობა:

”არ არის მიზანშეწონილი, ეს არამდგრადი თოვლია. უნდა მოვიდეს თოვლი, მერე რაღაც პერიოდი უნდა გავიდეს, ჩვენ ვიძახით ხოლმე, რომ თოვლი უნდა დაჯდეს, დაიტკეპნოს, გაიყინოს და მერე უფრო უხიფათოა”.

გელა ოთარაშვილი ამბობს, რომ მსგავს სიტუაციაში სამაშველო სამსახურის დროულ რეაგირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. 2005 წელ ქართველი და ჰოლანდიელი ალპინისტები სვანეთში 5 დღის განმავლობაში საკვების და დახმარების გარეშე იმყოფებოდნენ, უამინდობის გამო სამაშველო ჯგუფი ადგილზე დროულად ვერ მივიდა. მაშინ ორი ქართველი ალპინისტი, ზაალ ქიქოძე და მერაბ ხაბაზი დაიღუპნენ, გელა ოთარაშვილის გადარჩენა კი დასახმარებლად ჩასულმა ალპინისტებმა შეძლეს:

”სამთო-სამაშველო სამსახური, სამწუხაროდ, არ არსებობს. წარმოიდგინეთ, როგორი მომზადებული უნდა იყო. ჯერ ერთი, უნდა იყო კარგი მთამსვლელი და, მერე, უნდა შეგეძლოს სხვისი დახმარებაც. ასევე საჭიროა სპეციალური ვერტმფრენებიც, რაც ჩვენთან არ არის”.

ალპინისტთა და მეკლდეურთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ბენო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ ხშირად მსგავსი შემთხვევები თავად მთამსვლელთა გამოისობით ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ალტპინისტი, - კარლო ხერგიანიც და გიორგი ნავერიანიც, - მისი სიტყვებით, კარგად იცნობდნენ რეგიონსაც და მაღალი დონის პროფესიონალებიც იყვნენ, როგორც ჩანს, სიფრთხილის მიუხედავად, მაინც ვერ შეძლეს საშიშროების ბოლომდე გათვალისწინება. ბენო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ კომუნიკაციის საშუალებებს და პირად აღჭურვილობას ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ყველა ალპინისტისთვის ის ხელმისაწვდომი არაა:

”კარგი იქნებოდა ’რაციები’ რომ ჰქონოდათ. ამ დროს გადარჩენის შანსი იზრდება. სატელიტურ ტელეფონზე ლაპარაკი საერთოდ აღარ არის. ეს ყველაფერი ხელმისაწვდომია, მაგრამ ძვირი სიამოვნებაა, ყველას გვესმის, სვანი მთამსვლელებისთვის კი არა, კარგად აღჭურვილი თბილისელი სპორტსმენებისთვისაც”.

ბენო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ უკანასკნელ დროს სამაშველო სამსახურის აღჭურვილობა და მომზადების დონე საკმაოდ გაიზარდა, რაც გადარჩენის შესაძლებლობას უზრდის ალპინისტებს.

მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის, გოჩა გვარამიას, განცხადებით, დაკარგული ალპინისტის, კარლო ხერგიანის, სამძებრო სამუშაოები ხვალაც გაგრძელდება. რთული რელიეფის და თოვის გამო მაშველები იმ ადგილას მისვლას ვერ ახერხებენ, სადაც, გადარჩენილი გიორგი ნავერიანის განცხადებით, შემთხვევა მოხდა.
XS
SM
MD
LG