Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 15 დეკემბერი 2010


მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომელიც დღესაც რუსეთში ეთნიკურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების შესახებ წერს. გაზეთი აქვეყნებს ინტერვიუს ექსპერტთან კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძესთან, რომელიც ამ დაპირისპირების მიზეზებს უახლოეს ისტორიაში ეძებს: "რაც დღეს მოსკოვში ხდება, ხელისუფლების მიერ რამდენიმე წლის წინ დაშვებული შეცდომის გამოძახილია. ეს არის ანტიკავკასიური განწყობა, რომელიც ხელოვნურად იქნა გაღვივებული... საბჭოთა კავშირის დროსაც კი შემოღებული იყო კავკასიელებისთვის დამამცირებელი ტერმინი "ლიცო კავკაზსკოი ნაციონალნოსტი". ანუ არავინ იცის, რა ეროვნების არის კონკრეტული ადამიანი, უბრალოდ, კავკასიელია და დამთავრდა. ასეთი მიდგომის გამო გაჩენილი გაღიზიანება ნელ-ნელა დაგროვდა”, - უთხრა მამუკა არეშიძემ „რეზონანსს“. სტატიის სათაურია ”ეთნოკონფლიქტი იმპერიის ცენტრში / აზიელების თემი მოსკოვში თავად ემზადება თავდასხმისთვის/”.

სხვა სახის დაპირისპირებას - კერძოდ, ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას მიერ ლევან გაჩეჩილაძის ხელისუფლებასთან საიდუმლო კავშირში დადანაშაულებას და ამასთან დაკავშირებულ გამოხმაურებებსა თუ კომენტარებს ეძღვნება დღევანდელი ქართული პრესის დიდი ნაწილი.

„ვერსია“ წერს: ასგზის დამარხული "შავნაბადას შეხვედრის" თემა ასმეერთედ აღდგა და ახლა საქმეს ახალი დეტალები თუ ქაღალდები დაემატა. ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, ლევან გაჩეჩილაძე შეხვედრაზე არ ყოფილა. მას ოთხი ადამიანი ესწრებოდა - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე, პრეზიდენტობის კანდიდატები სააკაშვილი და გაჩეჩილაძე და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილიო". თავად უსუფაშვილმა „ვერსიას“ უთხრა, ”ოთახში სხვა არავინ ყოფილა და საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა... რაც შეეხება რაღაც ქაღალდების გადაცემა-გადმოცემას, იმ შეხვედრაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, მსგავსი რამ ნამდვილად არ მომხდარაო". სტატიის სათაურია - ”რას დაჰპირდა პრეზიდენტი ოპოზიციას და რატომ გაახსენდა გაჩეჩილაძეს შავნაბადას შეხვედრაზე საკუთარი ოცნებები?”

"რაღა დროს გაჩეჩილაძის სკანდალია. იმის მერე სამი წელიწადი გავიდა და თუ ვინმესთვის საინტერესო თემაა, ვფიქრობ, ეს ყველაფერი ხელისუფლების ინტერესებშია.” - ეს კონსერვატიული პარტიის ლიდერ ზვიად ძიძიგურის ნათქვამია, რომელიც ინტერვიუს „ახალ თაობას“ აძლევს. „დღეს როცა ეს თემები იწევა, ეს ნიშნავს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირ კმაყოფილებას გრძნობენ ამ ჭორების ისევ ქექვითა და გახსენებით. ვფიქრობ, ამისი არც დროა ახლა და არც აუცილებლობა”, - უთხრა ზვიად ძიძიგურმა „ახალ თაობას“.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG