Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებს ლიმიტებს აღარ მოსთხოვს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი რუსეთის უმაღლესი სასწავლებლებისთვის ლიმიტების თხოვნას აღარ აპირებს. როგორც ცნობილია, ყოველწლიურად რუსეთის ინსტიტუტები და უნივერსიტეტები ოსი აბიტურიენტებისთვის ლიმიტებს გამოყოფენ; ადგილზე კი რუსეთში წამსვლელ აბიტურიენტებს დე ფაქტო რესპუბლიკის განათლების სამინისტრო არჩევს. სიაში მოხვედრილები არჩეულ უმაღლეს სასწავლებელში უგამოცდოდ ირიცხებიან.

მრავალი ოსი ახალგაზრდა უმაღლეს განათლებას სწორედ ამ ლიმიტებით იღებს, მაგრამ ვლადიკავკაზში მომხდარმა ინციდენტმა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი შეაშფოთა. ჩრდილოეთ ოსეთის სამთო-ეკოლოგიურ ინსტიტუტში ცხინვალელ და ყაბარდო-ბალყარელ სტუდენტებს შორის ჩხუბი მოხდა, რომლის დროსაც არაერთი ახალგაზრდა დაშავდა. ამ კონფლიქტმა კი ეთნიკური დაპირისპირების სახე მიიღო. მასობრივ ჩხუბში მონაწილე სტუდენტებს კოკოითიმ ერის შემარცხვენლები უწოდა:

”ისინი ვინც დანაშაულებრივ საქმიანობას სჩადის, რესპუბლიკის დისკრედიტაციას ეწევა. ბოლო ინციდენტი, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში მოხდა ვითარებას ეთნიკური თვალსაზრისით ძაბავს“.

ეს განცხადება დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ცხინვალში სტუდენტების მშობლებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, უკვე დადგენილია, რომ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში გაგზავნილთა 30 პროცენტი საერთოდ ვერ სწავლობს და მათ რიცხავენ. 10 პროცენტი კი კრიმინალურ საქმიანობას ეწევა. ამ სტატისტიკის შემდეგ კოკოითი ასკვნის რომ ახალგაზრდების რუსეთში გაგზავნა მიზანშეწონილი აღარ არის.

„მე პრინციპულად განწყობილი ვარ, მომავალი წლისთვის არც ერთი ადგილი არ მოვითხოვო. გვაქვს უნივერსიტეტი და აქ ისწავლონ. აღარ ვაპირებ გავაგზავნო ხალხი და ამით ჩვენი რესპუბლიკის ავტორიტეტი დავაზიანო. რატომ უნდა გავგზავნო, როცა 30 პროცენტს რიცხავენ, იმიტომ რომ ლექციებზე არ დადიან, 10 პროცენტი კრიმინალია. შედეგი ის არის, რომ რესპუბლიკას არცხვენენ“, – განაცხადა კოკოითიმ.

ყველაფერთან ერთად, დე ფაქტო რესპუბლიკაში სერიოზული დემოგრაფიული პრობლემა შეიქმნა. ცხინვალიდან აბიტურიენტებს იმ პირობით უშვებდნენ, რომ ისინი როგორც სპეციალისტები უკან დაბრუნდებოდნენ და სამშობლოს გამოადგებოდნენ, მაგრამ დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების ეს სურვილი ვერ სრულდება, რადგან ახალგაზრდების დიდი ნაწილი უპირატესობას რუსეთში დარჩენასა და საქმის იქ დაწყებას ანიჭებს. იყო შემთხვევები, როცა ლიმიტებში აბიტურიენტების ჩასმაც ნაცნობობითა და კორუფციული გარიგებებით ხდებოდა. ამიტომ ხშირად რუსულ ინსტიტუტებში ისეთი ახალგაზრდები ხვდებოდნენ, რომლებსაც ელემენტარული საშუალო–საბაზისო განათლებაც კი არ ჰქონდათ მიღებული.

ახლა კოკოითიმ გადაწყვიტა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაეხმაროს და რუსული ლიმიტები აღარ მოითხოვოს. ადგილობრივ უნივერსიტეტში ზოგიერთ სპეციალობაზე წელს კონკურსი საერთოდ არ იყო, როცა ლიმიტში მოსახვედრად რიგები იდგა. ოს აბიტურიენტებს ახლა ან ადგილობრივ უნივერსიტეტში მოუწევთ საბუთების შეტანა, ან საკუთარი ხარჯებით რუსეთში წასვლა და იქ გამოცდების ჩაბარება.
XS
SM
MD
LG