Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადაში ბრალდება მოუხსნეს ადგილობრივ ტელეკომპანიას, რომელსაც მაყურებლებმა უჩივლეს ქართველი მოციგავის დაღუპვის ჩვენების გამო


კანადის სამაუწყებლო სტანდარტების საბჭო ამართლებს ადგილობრივ მაუწყებელ CTV-ის მოქმედებას. ამ ტელეკომპანიას მაყურებლებმა უჩივლეს იმის გამო, რომ აჩვენა ვანკუვერის ოლიმპიურ თამაშებზე მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვა. 145 საჩივრის განხილვის შემდეგ, სამაუწყებლო სტანდარტების საბჭომ დაასკვნა, რომ CTV-ის ჰქონდა უფლება, ეჩვენებინა, როგორ ამოვარდა ქართველი მოციგავის ციგა ტრასიდან და როგორ შეეჯახა ბოძს და ეს უფლება ჰქონდა მიუხედავად იმისა, რომ YouTube-მა და ზოგმა სხვა ვებსაიტმა მოხსნეს ტრაგიკული ინციდენტის ამსახველი ჩანაწერი. კანადის სამაუწყებლო სტანდარტების საბჭოს განცხადებით, მაყურებლების საჩივრებში გამოთქმული იყო კრიტიკა იმის გამო, რომ მოციგავის ბოძთან შეჯახება მეტად მძიმე სანახავი იყო მაყურებლისთვის და, იმავდროულად, უხეში ჟესტი დაღუპულ სპორტსმენთან და მისი მგლოვიარე ოჯახთან, მეგობრებთან და კოლეგებთან მიმართებით. მაგრამ სამაუწყებლო საბჭოს შეფასებით, ტელევიზიას არ უჩვენებია კადრები, რომლებიც აჩვენებდა ქართველ სპორტსმენს უბედური შემთხვევის შემდეგ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ CTV-ის არ უცდია სენსაციურობის დამატება ტრაგიკული ინციდენტისთვის. უბედური შემთხვევა, რომელმაც 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილის სიცოცხლე შეიწირა, წელს 12 თებერვალს მოხდა, ვანკუვერში ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე.
XS
SM
MD
LG