Accessibility links

logo-print

კიდევ ერთი ფორსმაჟორი დევნილთა განსახლების საკითხებში


ზაფხულში გამოსახლებული ერთ-ერთი დევნილი ოჯახის საყოფაცხოვრებო ნივთები

ზაფხულში გამოსახლებული ერთ-ერთი დევნილი ოჯახის საყოფაცხოვრებო ნივთები

რამდენიმე დღეში, 24 დეკემბრამდე, დევნილთა ჩასახლების 30 ობიექტი იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა დატოვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია შენობებიდან მათ ძალით გაასახლებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ შეტყობინება დევნილებს საცხოვრებელი ფართების დაცლის შესახებ 3 დღის წინ გაუგზავნა და ალტერნატიული ფართები შესთავაზა. დევნილები თბილისიდან პერიფერიებში გადასვლას არ აპირებენ და თავიანთი უფლებების დაცვას საპროტესტო აქციების გაგრძელებით გეგმავენ. საპროტესტო მუხტს აძლიერებს ის, რომ საცხოვრებელი ადგილების შეცვლა დევნილთა სამინისტრომ ადგილნაცვალ პირებს ზამთარში და წინასაახალწლო დღეებში მოსთხოვა.

”ახალ წელს ეუბნებიან, რომ თქვენ უნდა დატოვოთ სახლები და წახვიდეთ სადღაც. მე მაინტერესებს იმ ჩინოვნიკის გულში ჩავიხედო, რომელიც დევნილებს ახალ ეთნიკურ წმენდას უტარებს და ახალ წელს ქუჩაში აგდებს, როგორ სძინავს, მე ეს მაინტერესებს ძალიან”, - განაცხადა 16 დეკემბერს საგანგებოდ მოწვეულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტიის - ”ჩვენ თვითონ” - ლიდერმა პაატა დავითაიამ და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს დევნილთა გამოსახლების საკითხის პირად კონტროლზე აყვანა სთხოვა. ამავე საკითხზე იგი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. იმ შემთხვევაში კი, თუ ხელისუფლების მიდგომა დევნილების მიმართ არ შეიცვლება, მზადაა დევნილთა მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები გამართოს.

დევნილთა საცხოვრებელი ფართებიდან გამოსახლების ახალი ტალღა კი საპროტესტო აქციების ფონზე პრაქტიკულად უკვე მიმდინარეობს. ორი თვეა პერმანენტული აქციის დისლოკაციის უცვლელ ადგილად დევნილთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია იქცა, 15 დეკემბერს აქცია გაიმართა თბილისის საკრებულოს წინ, უკვე დაგეგმილია საპროტესტო აქციის 17 დეკემბერს გამართვაც, ამჯერად უკვე პარლამენტის შენობის წინ.

”დავჯდებით აქ და მომკლან მეც... და ყველა, არც ერთი არ გავალთ, იმიტომ რომ არც ერთს არა გვაქვს სახლი“.

”საჭმელი ხომ მინდა, საიდან მოვიტანო საჭმლის ფული? იქ სამუშაო არ არის. მთელი ხობი, სენაკი, ზუგდიდი დაცლილია. ადგილობრივები ყველა თბილისშია ჩამოსული სამუშაოდ და ეხლა მე წავიდე იქით?”

კითხულობენ დევნილები, რომელთაც თბილისში დაკავებული საცხოვრებელი ფართების სანაცვლოდ სახელმწიფო დევნილთა განსახლების სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში პირად საკუთრებაში სთავაზობს ფართებს გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, ჩხოროწყუს რაიონის სოფლებში - ზუმში, ლესიჭინეში, ფოცხოეწერში, ზუგდიდის რაიონის სოფლებში -ჭკადუაში და ნარაზენში, ხობის რაიონის სოფელ ნოჯისხევსა და აბაშის რაიონის სოფელ აბაშისპირში.

”იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებსაც ახლა ასახლებენ, 1993 წელს აფხაზეთიდან დევნილები არიან. მათ ბოლო წლებში სხვადასხვა აუთვისებელი ადმინისტრაციული ფართები დაიკავეს და ეს ფართები, სახელმწიფოს პოზიციით, კოლექტიურ ცენტრებად არ ითვლება”, - განმარტავს ”დევნილთა უფლებებისათვის” კოალიციის აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ ბენდიანიშვილი.

”აქედან გამომდინარე, ძალიან რთული სიტუაციაა შექმნილი, იმიტომ რომ, ერთი მხრივ, დევნილები ითხოვენ ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას თბილისშივე, თუმცა, მეორე მხრივ, სახელმწიფო ასეთი პრეცედენტის დაშვებას არ აპირებს, იმიტომ რომ რაიონში ძალიან ბევრი დევნილი მძიმე მდგომარეობაშია დასაქმებისა და ცხოვრების პირობების მხრივ და შეიძლება ამ ადამიანებმა გადმოინაცვლონ მერე დედაქალაქში და ასევე მოითხოვონ საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა”.

ასეთ ვითარებაში ზურაბ ბენდიანიშვილისთვის სახელმწიფოს ხისტი პოზიცია გასაგებია, თუმცა მისთვის გაუგებარი და გაუმართლებელია, რატომ გახდა აუცილებელი დევნილთა გასახლება სწორედ ზამთრის პირზე.

შეჩერდეს დევნილთა გამოსახლება დეპორტაციის გზით... - ეს უკვე ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა შეფასებაა. კონსერვატორი კახა კუკავა, მაგალითად, დევნილთა საკითხის წამოწევას კოლეგებთან და თანამოაზრეებთან ერთად საკრებულოს სხდომაზეც გეგმავს. სახელმწიფო უწყებებიდან ამ საკითხზე კომენტარს პრაქტიკულად არ აკეთებენ. გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის საქართველოს ოფისის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში ელენა ფერეტი კი ამბობს:

”დევნილებისთვის, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ არც კომპენსაცა და არც ბინებით დაკმაყოფილებულან, შესაძლებელია სტანდარტების შესაბამისი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების გადაცემა. თუმცა, ამავდროულად, კარგი იქნება, რომ რეგიონებში გადაყვანასთან ერთად, სახელმწიფომ დევნილებისთვის შემოსავლის მომტანი პროექტების განხორციელებასაც შეუწყოს ხელი”.

კიდევ ერთი ინიციატივა კი, რომელიც მთავრობის მიერ დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის შესრულების გამჭვირვალობას და ზოგადად დევნილთა უფლებების უკეთ დაცვის უზრუნველყოფას შეეხება, სპეციალური კომისიის შექმნას ითვალისწინებს და არასამთავრობო სექტორიდან მოდის. ეს ინიციატივა დევნილებთან ინდივიდუალური მუშაობის აუცილებლობას ეყრდნობა - მით უფრო, რომ ბრალდებები არაკეთილსინდისიერი ქმედებების შესახებ სახელმწიფოს მხრიდან დევნილების მიმართაც ისმის. ბოლოს კი შევნიშნავთ, რომ იმ სახელმწიფო უწყებების ჩამონათვალში, რომელსაც დევნილებმა და მათმა გულშემატკივარმა პოლიტიკოსებმა მიმართეს, პრეზიდენტიც შედის. ამ უკანასკნელს კოდორის ხეობიდან დევნილებმა მიმართეს და თბილისში - კერძოდ, სააღსრულებლო ბიუროს შენობაში - საცხოვრებლად დატოვების ნებართვა სთხოვეს.
XS
SM
MD
LG