Accessibility links

logo-print

საჯარო ინფორმაციის ახალი მონაცემთა ბაზა


ახალი საიტის - opendata.ge - პრეზენტაცია

ახალი საიტის - opendata.ge - პრეზენტაცია

www.opendata.ge ახალი ვებსაიტია, რომელიც პროექტ ”საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის” ფარგლებში შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.

ახალი საიტი ყველა ტიპის საჯარო ინფორმაციის მოგროვება-განთავსებას ისახავს მიზნად. ახალ ონლაინმონაცემთა ბაზაში უკვე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია სახელმწიფო ფონდების, მინისტრებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა ხელფასებისა და პრემიების შესახებ. ვებსაიტზე ოფიციალური გზით მოპოვებული ინფორმაციის დამატება საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეეძლება.
ამ პროექტის მიზანი არ არის სკანდალის აგორება და ვინმეს მიმართ ბრალდება. მისი მიზანია ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა...

ბიუჯეტი, მივლინებები, ქონებრივი დეკლარაციები, სარეზერვო ფონდები, საკომუნიკაციო ხარჯები, სახელფასო ფონდები და პრემიები - ამ ჩამონათვალს საიტის პირველივე გვერდზე შეხვდებით. ინფორმაცია ზოგ შემთხვევაში სრულყოფილია, ზოგან კი ცარიელი გრაფა დაგხვდებათ. მაგალითად, ჯერჯერობით ვერ მიიღებთ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასების შესახებ იმ მარტივი მიზეზით, რომ მათ ორგანიზაცია ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს” ამ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხი არ გასცეს. არადა, როგორც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ახალი ვებგვერდის მიზანი სწორედ ღია მონაცემთა ბაზის შექმნა იყო მაქსიმალურად მეტი საჯარო ინფორმაციით:

”ამ პროექტის მიზანი არ არის სკანდალის აგორება და ვინმეს მიმართ ბრალდება. მისი მიზანია ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაზრდა, სამოქალაქო საზოგადოების უფრო აქტიურად ჩართვის ხელშეწყობა და, საერთოდ, გამჭვირვალობის ზრდა ქვეყანაში. ჩვენ, მოქალაქეებმა, უნდა ვიცოდეთ, თუ რა თანხებს ხარჯავს მთავრობა”.

”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” ამ კონკრეტული პროექტის დირექტორი, ლევან ავალიშვილი, გვიხსნის, რომ მათი მიზანი მოგროვილი ინფორმაციის ანალიზი არ არის და ეს ექსპერტების შესაფასებელია. მათი მიზანი იყო რაც შეიძლებ მეტი ინფორმაციის მიღება კანონიერი გზით - გზით, რომლის არსებობის მიუხედავად, საჯარო ინფორმაციის მოპოვება საქართველოში კვლავაც პრობლემად რჩება.
წლის მანძილზე მინისტრებისა და მათი მოადგილეების პრემიების ოდენობა აღემატება ხელფასის ოდენობას...

ინფორმაციის მოძიების პერიოდში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო დაწესებულებებს შორისაც არის ღია და დახურული სტრუქტურები, რომლებიც არათუ უარს აცხადებენ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, არამედ პასუხის გაცემასაც კი არ მიიჩნევენ საჭიროდ. აი, ასეთი გახლავთ სურათი, რომელიც, ლევან ავალიშვილის თქმით, მათ მიიღეს:

”მაგალითად, რეინტეგრაციის სამინისტრო გამოჩნდა როგორც ყველაზე გამჭვირვალე, რადგან მათ არა მხოლოდ სრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდეს, არამედ ეს ინფორმაცია კანონით დადგენილ ვადებში მივიღეთ. ვადები დაარღვია საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თუმცა ინფორმაცია მათაც გადმოგვცეს, რასაც ვერ ვიტყვით პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, განათლების სამინისტროზე, შსს-სა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროზე”.

განსაკუთრებით საინტერესო ვითარებაა სახელმწიფო მოხელეების პრემიებთან დაკავშირებით, გვეუბნება ქეთი ხუციშვილი. მოძიებულ ინფორმაციაში უცნაური თანაფარდობა შეინიშნება. მაგალითად, ასეთი:

”წლის მანძილზე მინისტრებისა და მათი მოადგილეების პრემიების ოდენობა აღემატება ხელფასის ოდენობას”.
არსად, არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრემია რომელიმე სახის სახელმწიფო საიდუმლოებაა...

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ყველა ინფორმაცია, რომელიც ეხება საჯარო დაწესებულებას, არის ღია საზოგადოებისათვის, გარდა ინფორმაციის იმ ნაწილისა, რომელიც სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოდ მიიჩნევა. ჩინოვნიკის არც ხელფასი და, მით უმეტეს, არც პრემია, ხმალაძის განმარტებით, დახურული ინფორმაცი არ არის:

”არსად, არც ერთ კანონში არ წერია, რომ პრემია რომელიმე სახის სახელმწიფო საიდუმლოებაა. და ეს ვერც იქნება ასე იმ მარტივი მიზეზით, რომ ყველა საჯარო მოსამსახურე, დაწყებული პრეზიდენტით და უბრალო მოხელით დამთავრებული, არის საზოგადოების მიერ დაქირავებული პირი, რომელსაც ხელფასს ვუხდით ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან”.

მონაცემთა ბაზის განახლება ახალ ვებგვერდზე გრძელდება. როგორც პროექტის ხელმძღვანელები აცხადებენ, ამ პროცესში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც კანონიერი გზით მოიპოვებს იმ ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო ხარჯებს ეხება და რაც შესაძლოა საზოგადოებისათვის იყოს საინტერესო. კიდევ ერთი მიზანი, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც პროექტის ავტორები საქმეს გაკეთებულად მიიჩნევენ, შემდეგია: სახელმწიფო სტრუქტურებმა საჯარო ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდებზე უნდა გამოაქვეყნონ დროულად, ანუ მანამდე, ვიდრე მათ ამას მედია, არასამთავრობო სექტორი თუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე მოსთხოვდეს.
XS
SM
MD
LG