Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამბაქოს შესახებ ახალი კანონი დამტკიცებულია


პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული ახალი კანონი დაამტკიცა, რომელშიც თამბაქოს შესახებ დღემდე არსებული სამი კანონი გაერთიანდა. რაც შეეხება რეგულაციებს, მთავრობის მტკიცებით, თამბაქოს სფეროში რეგულაციები უცვლელი რჩება, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სამართალდარღვევის შემთხვევაში აუცილებელია სანქციების გამკაცრება.

ზედმეტად ბანალური ვიქნები, თუკი სიუჟეტს ისეთი ფრაზებით დავიწყებ, როგორიც არის, მაგალითად: მოწევა იწვევს ნაადრევ სიკვდილს ან საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას და, მეტიც, თქვენი შვილების ჯანმრთელობას. ამ კონკრეტულ სიტუაციაში, ალბათ, ორიგინალურობა არც ისე მარტივია, ამიტომ ვიქნები ბანალური: ხელში მიჭირავს სიგარეტის ნახევრად ცარიელი კოლოფი, რომელსაც საკმაოდ მსხვილი შრიფტით აწერია: ”მოწევა კლავს”.

თუმცა მსგავსი ტიპის წარწერები სიგარეტის კოლოფებზე სულაც არ უშლის ხელს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 36 პროცენტს იყოს აქტიური მწეველი. მწეველთა 12,2 პროცენტი ქალებზე მოდის. როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, მწეველ ქალთა რიცხვი 2004 წლის შემდეგ 8 პროცენტით გაიზარდა.

კანონი საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2003 წელს მიიღო. ამას მოჰყვა კანონები ”სურსათისა და თამბაქოს შესახებ” და კანონი „თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ“, - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე.

ამჯერად მთავრობის ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შევიდა თამბაქოს შესახებ ახალი კანონპროექტი, სახელწოდებით კანონი ”თამბაქოს კონტროლის შესახებ”, რომელიც სამი წინამორბედი კანონის ერთობლიობას წარმოადგენს და მისი მოქმედების ეფექტურობაზე იქნება ორიენტირებულიო, ამბობს ოთარ თოიძე:

”თამბაქოს საკითხი სამ კანონში იყო დანაწევრებული. გარდა ამისა, სურსათის შესახებ კანონმდებლობის დიდი ნაწილი სხვა კანონში გადავიდა და ამიტომ კანონი დარჩა გამოშიგნული და, შესაბამისად, შეიქმნა პირობები იმისათვის, რომ ეს სამი მიმართულება გაერთიანებულიყო ერთ კანონში”.

როგორც ოთარ თოიძე აღნიშნავს, ახალ კანონპროექტში ხელუხლებლად არის გადმოტანილი ის ნორმები, შეზღუდვები, ვალდებულებები, მოთხოვნები და აკრძალვები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა 2003 წელს მიიღო და რომლის მიხედვითაც, მაგალითად, თამბაქოს მოწევა იკრძალება სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, სამედიცინო, ასევე სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებების დახურულ შენობა-ნაგებობებში, მასობრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიც არის რესტორნები, კაფე-ბარები და საზოგადოებრივი კვების ობიექტები. დაწესებულებების ხელმძღვანელები კი ვალდებულნი არიან მწეველთათვის გამოყონ სპეციალური მოსაწევი ადგილები. კანონდარღვევის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, ჯარიმის ოდენობა 5 ლარიდან 500 ლარამდე მერყეობს.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე გიორგი ბახტურიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა შეტანა და კონტროლის გამკაცრება. მას ამისათვის საკუთარი რეცეპტი აქვს:

”თუკი სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოხდება კანონის დარღვევა, ამ შემთხვევაში მარტო ჯარიმა კი არ უნდა იყოს, არამედ სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში მათ ლიცენზია უნდა შეუჩერდეთ, სკოლების შემთხვევაში კი აკრედიტაცია ჩამოერთვათ. დამერწუნეთ, ეს გაცილებით ეფექტურად იმოქმედებდა, რადგან სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მათ ლიცენზია არ შეუჩერდეთ ან აკრედიტაცია არ ჩამოერთვათ”.

როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში განმარტავენ, ამ ეტაპისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რაიმე განსაკუთრებული ცვლილების შეტანა არ იგეგმება.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, 2010 წლის განმავლობაში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის მოთხოვნების სულ 13 სამართალდარღვევაა აღრიცხული. აქედან 9 თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციისათვის დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაა, ოთხი კი თამბაქოს მოხმარების წესის დარღვევა.

ქუჩაში გასული რადიო თავისუფლების კითხვა იყო მარტივი: რასთან ასოცირდება თქვენთვის თამბაქო? პასუხები სხვადასხვაგვარი იყო:

- არაჯანმრთელ ცხოვრების წესთან, ეკონომიკურ პრობლემებთანაც, რადგან მისი მოხმარება საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს.
- ნაჩქარევ სიკვდილთან.
- სიკვდილთან.
- თამბაქო მავნებელია.
- ნივთიერება, რომლის მოწევის შემდეგაც ადამიანი იღებს სიამოვნებას.
- თამბაქო მიყვარს და მსიამოვნებს.
- რა ვიცი, ბოლი, მეტი კი არაფერი.
XS
SM
MD
LG