Accessibility links

logo-print
”ასავალ-დასავალში” ლევან გაჩეჩილაძის ხელისუფლებასთან გარიგების შესახებ გამოქვეყნებულ მასალაზე მსჯელობა დღევანდელ პრესაშიც გრძელდება. ”ყველა სიახლე” ლევან გაჩეჩილაძის თანაპარტიელ, ”ქართული პარტიის” პოლიტიკურ მდივან ეროსი კიწმარიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ამბობს, რომ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებით მისი საწინააღმდეგო კამპანია დასრულდა და დარტყმის მთელი სიმძიმე ლევან გაჩეჩილაძეზე გადავიდა: ”ამ დროიდან, როცა მე რუსეთში საქართველოს ელჩად გამიწვიეს, პიარმანქანა გაჩეჩილაძის ”გაშავებაზე” ამუშავდა”, - ამბობს კიწმარიშვილი.

”ყველა სიახლეშივე” რესპუბლიკური პარტიის ლიდერ დავით უსუფაშვილთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ. ის ამბობს: ”ნინო ბურჯანაძე ხარ თუ ვიღაც პეტრე, თუ ხედავ, რომ ხალხს ატყუებენ და შენ ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები გაქვს, რას ელოდები? იქნებ, ფიქრობ, რომ თუ ასეთი ადამიანი შენ გვერდით იქნება, მაშინ მოტყუვდეს ხალხი, მაგრამ თუ დაგიპირისპირდება, აყვირდები... თუ ასე იქცევი, მე შენზე კომპრომატი აღარ მჭირდება. არავითარი ქაღალდები, ვიდეოფილმები და ა.შ. აღარ არის საჭირო იმის დასამტკიცებლად, რა უსინდისოდ იქცევი.”

”ალია” ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს ”სახალხო კრების” საინიციატივო ჯგუფის ყოფილ წევრ სოსო ჯაჭვლიანთან. ის საინიციატივო ჯგუფიდან წამოსვლის მიზეზზე ლაპარაკობს: ”ჩემთვის მათი ლაპარაკი იმდენად გაუგებარი იყო, - პოლიტიკოსებს ხომ თავიანთი ენა აქვთ, თავიანთი ურთიერთობები, - მართალი გითხრათ, ვერ ჩავწვდი და წამოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. ისინი ახალს არაფერს ლაპარაკობდნენ, ამბობდნენ იმას, რასაც მთელი ხუთი წლის მანძილზე ისედაც ამბობენ.”

”ალია” აფხაზეთის ყოფილ ჯანდაცვის მინისტრთან ინტერვიუსაც აქვეყნებს. დალილა ხორავა აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელ გია ბარამიაზე ამბობს: ”გია სოხუმსკის” ბიზნესს ჯიბის ქურდებისა და რეკეტების ”ბიზნესი” წარმოადგენდა. უამრავი მოწმე არსებობს იმისა, რომ ის ოფიციალურ თაღლითად იყო ცნობილი და მისი საქმიანობა მუდმივად შავბნელ საქმეებს უკავშირდებოდა”, - ამბობს დალილა ხორავა გია ბარამიძეზე.

”რეზონანსში” დღეს ვრცელი სტატია ქვეყნდება, სადაც დეტალურად არის აღწერილი მედიამფლობელების გამჭვირვალობის საკითხის განხილვის პროცესი. გაზეთიდან შეიტყობთ აგრეთვე, რომ კანონში შესაბამისი ცვლილების მეორე მოსმენით განხილვა პარასკევისთვის გადაიდო.

”რეზონანსი” პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაურთან დაღესტანში მცხოვრები დიდოელების წარმომადგენლის სტუმრობაზეც წერს. მამუკა არეშიძე თვლის, რომ ასეთ საკითხს ძალიან დიდი სიფრთხილით სჭირდება მიდგომა. ვასილ ჭყოიძის აზრით კი, ”საქართველომ, როგორც კავკასიის ლიდერმა, თავის თავზე უნდა აიღოს კავკასიელი ხალხების პრობლემატიკის გატანის ფუნქცია საერთაშორისო ფორუმებზე.”

ამავე თემაზე ”24 საათშიც” წაიკითხავთ. გაზეთს ნუგზარ წიკლაურმა უთხრა: ”ჩვენთან 15 ათასი დიდოელის ხელმოწერა მოიტანეს. ისინი სულ 40 ათასამდე არიან დარჩენილნი. გამოდის, რომ ჩვენგან დახმარებას ითხოვს სრულწლოვანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.”

”ახალი თაობა” პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ის ამბობს: ”დასავლეთს აქვს მხოლოდ ერთი ბერკეტი მისი ხედვისა და ფასეულობების საწინააღმდეგოდ რომელიმე ქვეყანაში შიდა პროცესების განვითარებისას - ის თანდათან რკინის ფარდას ავლებს ამ ქვეყნის გარშემო. სხვა ჩარევის საშუალება დასავლეთს არ გააჩნია. თუ ქართველები ეგუებიან იმ ვითარებას, რომელიც თავად არ მოსწონთ, ეს ვერ გახდება ფრანგის და ამერიკელის დარდის პრიორიტეტი. ე.ი. კარგად ბრძანდებით, მეგობრებო, ხომ? თქვენი არადემოკრატიულობის გამო შეგიწყვიტავთ ყველა ტიპის დახმარებას, ჩვენ ემბარგოს დავადებთ ამ ტიპის თქვენს საქმიანობას და იქნება შეზღუდვები, რაც კიდევ უფრო გააუარესებს შექმნილ ვითარებას და ეს იქნება მანამ, სანამ ჩვენი საზოგადოება თვითონ არ იტყვის - ასე ცხოვრება აღარ შეგვიძლია!” - სოსო ცისკარიშვილთან ინტერვიუს ”ახალი თაობა” აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG