Accessibility links

logo-print

„საუბარი ვლადიმირ პუტინთან“ მრავლისმეტყველი ეპიზოდებით


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური ტელემარათონის დროს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური ტელემარათონის დროს

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი რამდენიმე საათის მანძილზე პირდაპირ ეთერში პასუხობდა თანამემამულეების შეკითხვებს. ტელევიზია გადასცემდა პროგრამას „საუბარი ვლადიმირ პუტინთან. გაგრძელება“ - ყოველწლიურ ტრადიციად ქცეულ კითხვა-პასუხს, რომლისადმი ინტერესიც წინასწარვე დიდი იყო.

პროგრამის დაწყებამდე პუტინის სახელზე შევიდა 700 000-ზე მეტი შეკითხვა. ეს იყო შეკითხვები, უწინარეს ყოვლისა, ხელფასებისა და პენსიების, ცხოვრების დონის, სოციალური შეღავათების შესახებ. თუმცა, გაიჟღერა სხვა თემებმაც - ხოდორკოვსკის პატიმრობამ, ჯაშუშების საქმიანობამ, კორუფციის პრობლემამ და ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატის რუსეთში ჩატარების მოლოდინმა...

58 წლის ვლადიმირ პუტინი მთელი სატელევიზიო პროგრამის მანძილზე მშვიდი და თავდაჯერებული ჩანდა. აუდიტორია მქუხარე ტაშით შეხვდა ტელესტუდიაში მის გამოჩენას.

პუტინმა საუბარი ეკონომიკის თემით დაიწყო - განაცხადა, რომ წელს ეკონომიკის თითქმის ოთხპროცენტიან ზრდას მიაღწიეს და რომ საფინანსო კრიზისის ყველაზე მძიმე პერიოდი უკან არის მოტოვებული.

პუტინმა შთამეჭდავი სტატისტკური მონაცემებიც მოიყვანა, მისი თქმით, რუსეთში ცხოვრების დონე სულ უფრო უმჯობესდება. „შარშან გვყავდა 6,02 მილიონი უმუშევარი. წელს კი უმუშევრობა შევამცირეთ - ანუ, შევქმენით ახალი სამუშაო ადგილები, ან ძველები აღვადგინეთ, სულ 1,2 მილიონი. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი შეკითხვებს ისმენდა უზარმაზარი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, რიგითი მოქალაქეებისაგან, შეკიითხვებისა და მიმართვების ნაწილი კი წინასწარვე გაეგზავნათ პუტინს სახელზე. ყველაფერმა გულმოდგინედ ინსცენირებული კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა. საქართველოზე საუბარი არ ყოფილა. საქებარი სიტყვები ითქვა რუსეთში საცხოვრებელი სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით - განსაკუთრებით იმ ხალხისთვის, ვინც უსახლკაროდ დარჩა ზაფხულის ხანძრების შედეგად. წუხილი გამოითქვა ექსტრემიზის ბოლოდროინდელი შემთხვევების გამო - პუტინის თქმით, ექსტრემიზმი „დაუშვებელია“ რუსეთში, მრავალეროვან ქვეყანაში. ამ განცხადების ფონია ბოლოდროინდელი არეულობები, რომელთა ერთ-ერთი კულმინაციაც იყო შაბათს მოსკოვში 5000-მდე ულტრანაციონალისტისა და ფეხბურთის გულშემატკივრის საპროტესტო აქცია, შეტაკება მილიციელებთან, თავდასხმები კავკასიელებზე.

პრემიერ-მინისტრმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა მკაცრი ზომების მიღებისაკენ, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში: „წესრიგი უნდა იყოს. და საჭიროა მისი დაცვა. ამიტომაც არსებობს სახელმწიფო, რომ უმრავლესობის ინტერესები დაიცვას“.

იქვე პუტინმა, მილიციის მუშაობა შეაქო და დასძინა, მილიცია რომ არა, „ჩვენს ლიბერალურ ინტელიგენციას მოუწევს წვერი გაიპარსოს, თვითონ დაიხუროს ჩაფხუტი და წინ, მოედნისაკენ - რადიკალებს ეომოს..."

პუტინის საუბრიდან ჩანს, რომ პრემიერ-მინისტრი უკმაყოფილოა რეგიონული მთავრობების მუშაობით - უუნარობით, თავი გაართვან მძიმე კრიმინოგენულ ვითარებას.

პრემიერ-მინისტრისთივს დასმული ერთ-ერთი შეკითხვა ეხებოდა მიხაილ ხოდორკოვსკის - რუსეთში ერთ დროს უმდიდრეს ადამიანს, რომელიც რამდენიმე წელია, ციხეშია და, მისი მომხრეების რწმენით, პოლიტიკური მოტივებით იდევნება. პუტინმა კი საკითხის სამართლებრივ საქმეზე მიუთითა - ხოდორკოვსკის ბრალეულობა სასამართლოში დამტკიცდაო, თქვა მან. „მე, ვლადიმირ ვისოცკის ცნობილი პერსონაჟივით ვფიქრობ, რომ ქურდი ციხეში უნდა იჯდეს“, - ეს სიტყვები, რომლებიც პუტინმა ხოდორკოვსკის შესახებ საუბრისას წარმოთქვა, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვერებლი ფრაზა გამოდგა.

დაბოლოს, კიდევ ერთი მრავლისმეტყველი ეპიზოდი - განსაკუთრებით საყურადღებო ყველასთვის, ვისაც უჩნდება შეკითხვა, რამდენი ხანი შეინარჩუნებს პუტინი ძალაუფლებას. რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ტელესტუდიაში, როცა თვითონვე კითხულობდა მისთვის გაგზავნილ შეკითხვებს, მიმართვებს და იქვე იძლეოდა პასუხებს, შემდეგი შეკითხვაც, უფრო სწორედ, მოწოდებაც წაიკითხა: დადეთ პირობა, რომ ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩატარდებაო! პუტინის პასუხი იყო: გპირდებითო.

ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელსაც, ფიფას გადაწყვეტილებით, რუსეთი უმასპინძლებს, 2018 წელს ჩატარდება...
XS
SM
MD
LG