Accessibility links

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოეწყო პრეზენტაცია პოეტ ირაკლი კაკაბაძის წიგნისა ”წერილები და მავთულხლართები”. წიგნის პრეზენტაციის პარალელურად მოეწყო აზერბაიჯანელი ფოტოგრაფის, ნაილი ვექილის, გამოფენა - ”საქართველოში ცხოვრების 3 წელი”.

საქართველოში სოციალური ფოტოგრაფია ნამდვილად არ აღიქმება ეგზოტიკად. საბედნიეროდ, არაერთი კარგი ფოტოხელოვანი მუშაობს ამ ჟანრში, მაგრამ ყოველთვის საინტერესოა უცხოს თვალით დანახული საქართველო - არა ქართული ”მთა და ბარი”, პეიზაჟები, ხუროთმოძღვრება, არამედ ცოცხალი ადამიანები და მათი ურთიერთობა, მათი ურთიერთობა გარემოსთან. ამ მხრივ, აზერბაიჯანელი ფოტოხელოვანის, ნაილი ვექილის გამოფენა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში იყო გახსნილი, უნიკალურია - პორტრეტები ადამიანებისა, რომლებიც არ პოზიორობენ და სიყვარულით და, მე ვიტყოდი, ცნობისმოყვარეობით დანახული პორტრეტები. ეს გამოფენა პოეტმა ირაკლი კაკაბაძემ ასე წარმოგვიდგინა:

”ეს არის ჩემი მეუღლის, აზერბაიჯანელი ფოტოხელოვანის პერსონალური გამოფენა, რომელიც მოიცავს მისი 3 წლის მანძილზე საქართველოში ცხოვრების სიუჟეტებს, სიტუაციებს... ძირითადად, მხატვრული ფოტოებია, რომლებიც უცხოურ პრესასთან მუშაობის დროს დარჩა გამოუქვეყნებელი”.

მხატვრული ფოტოები ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა პრესისთვის, თუმცა ქართული ხელოვნებისთვის, სამწუხაროდ, სოციალური თემაც ნაკლებად საინტერესოა. ჯერჯერობით ძნელია ზუსტად იმის თქმა, ვისი ბრალია ეს - თავად მხატვრებისა თუ საზოგადოების, რომელიც სოციალური თემების მიმართ გულგრილია ხოლმე... იქნებ მედიისა? ინტერვიუს ჩაწერის დროს ამაზე არ გვილაპარაკია - გამოფენის გახსნა იყო, საზეიმო განწყობა, მოლოცვები... თუმცა ირაკლი კაკაბაძე დაგვეთანხმა, რომ სოციალური თემატიკა დეფიციტია ქართულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში და დაამატა, ამას ყველგან ხაზგასმით ვამბობო.

ირაკლი კაკაბაძის პოეტური კრებული ”წერილები და მავთულხლართები” პოეტის ბოლო დროის ნამუშევრებს მოიცავს. როგორც ირაკლი ამბობს, ეს ”თავისუფალი სტილის ლექსებია”, ე.ი. არაა პუბლიცისტიკა და არც უბრალო ლირიკაა. ესაა უფრო პოეტური სახეებით გაჯერებული პუბლიცისტიკა. ”სანამ გამოხვალ რომელიმე ერთი სიბრძნიდან, მღვდელო, ჩაალაგე ჩემოდანი”...რაღა თქმა უნდა, სოციალური პოეზიაა, რომელსაც მართლა ძალიან მოუხდა ეს ლაკონიური და ძალიან გამომხატველი სურათები.

ეს გამოფენა დაიხურა, მაგრამ კრებული, რომელიც ”კავკასიურმა სახლმა” გამოსცა, წიგნის მაღაზიებში იყიდება. სოციალური პოეზია, უაღრესად სიმბოლური სახელით - ”წერილები და მავთულხლართები”, გიორგი ლობჟანიძის წინასიტყვაობით, გიორგი ლობჟანიძისა, რომელიც სრულიად მართებულად აღნიშნავს, ამ ლექსებში ჩვენი უახლესი წარსულის სურათები იხატებაო.
XS
SM
MD
LG