Accessibility links

logo-print

ზურაბ ლეჟავას მოთხრობა საუკეთესო ევროპული მოთხრობების ანთოლოგიაშია


ამერიკულმა გამომცემლობამ Dalkey Archive Press-მა, რომელიც ილინოისის უნივერსიტეტის გამომცემლობის ფილიალია და ყოველწლიურად ბეჭდავს კრებულს, სახელწოდებით “საუკეთესო ევროპული მოთხრობა”, 2011 წლის ანთოლოგიაში ქართველი მწერლის, ზურაბ ლეჟავას, ერთი მოთხრობა - ”მაცივარი სექსისა წილ” - შეიტანა. მომავალ წელს საქართველოს კულტურის სამინისტრო Dalkey Archive Press-თან ერთად ერთობლივი პროექტის განხორციელებას - ინგლისურ ენაზე ”თანამედროვე ქართული მოთხრობის ანთოლოგიის” გამოცემას - გეგმავს.
მწერალი ზურაბ ლეჟავა

”ფორმის თვალსაზრისით ამერიკული ლიტერატურა ძალიან კონსერვატიულია, ანთოლოგიების ავტორები კი საოცრად კარგად გრძნობენ თავს ისეთ ლიტერატურულ ფორმებში, როგორიცაა ავანგარდული და ექსპერიმენტული ლიტერატურა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამერიკელებს ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი სხვისი კულტურებისგან”, - წერს „ნიუ იორკ ტაიმსში“ საუკეთესო ევროპული მოთხრობების კრებულის ერთ-ერთი შემდგენელი, ამერიკაში მცხოვრები ბოსნიელი მწერალი ალექსანდერ ჰემონი, რომელიც ასევე გახლავთ ნობელის ლიტერატურული პრემიის აკადემიის წევრი.

”სწორედ მან შეარჩია ზურაბ ლეჟავას მოთხრობა და კრებულში შესულ ოცზე მეტ ავტორს შორის დაბეჭდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქართული ლიტერატურა ნელ-ნელა იზოლაციიდან გამოდის და მისით მთელი მსოფლიო ინტერესდება”, - ფიქრობს საქართველოს კულტურის მინისტრი ნიკა რურუა. კრებულის რამდენიმე სასიგნალო ეგზემპლარი, რომელშიც ზურაბ ლეჟავას ინგლისურად ნათარგმნი ”მაცივარი სექსისა წილ” მოხვდა, სწორედ კულტურის სამინისტროში წარუდგინეს საზოგადოებას. როგორც ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი მედეა მეტრეველი განმარტავს, ამ კრებულს პირველივე წელს 100 000-ზე მეტი ადამიანი წაიკითხავს: ”ამ წიგნის გამომცემლობა თავად ზრუნავს წიგნის რეალიზაციაზე როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში”.

შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა. ზურაბ ლეჟავას ბოლო კრებულის გამომცემელი ბაკურ სულაკაური მოგვითხრობს, რომ ამერიკული გამომცემლობა ყველა ევროპული ქვეყნიდან მხოლოდ ერთი ავტორის ერთ მოთხრობას ირჩევს - თუ რა კრიტერიუმებით, ეს სულაკაურისათვის უცნობია:
მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიო ლიტერატურულ პროცესში ჩავეწერეთ, ასევე ის, რომ თუნდაც ერთ ავტორს კარგი თარგმანით გაიცნობს იქ ვინმე და მიხვდება, რომ საქართველოში ლიტერატურა არსებობს...

”საქართველოდან სხვა მწერლების ნათარგმნი მოთხრობებიც გავგზავნეთ. ჩვენმა გამომცემლობამ, მაგალითად, ზურაბ ლეჟავას ამ მოთხრობის გარდა, შევთავაზეთ დათო ქართველიშვილის, აკა მორჩილაძის, ბესო ხვედელიძის მოთხრობებიც, თუმცა მათ სწორედ ლეჟავა აირჩიეს”.

სულაკაური ამბობს, რომ თავისთავად ფაქტი სასიამოვნოა, თუმცა ის ევროპულ თუ ამერიკულ ბაზარზე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში გარდამტეხი ვერ იქნება:

”ამ წიგნის გამოცემა, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ყველა ქვეყნის ყველა გამომცემლობა მოგვაწყდება და ქართველი ავტორების თარგმნას დაიწყებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიო ლიტერატურულ პროცესში ჩავეწერეთ, ასევე ის, რომ თუნდაც ერთ ავტორს კარგი თარგმანით გაიცნობს იქ ვინმე და მიხვდება, რომ საქართველოში ლიტერატურა არსებობს; მერე იმასაც გაიგებს, რომ სხვა ავტორებიც საინტერესოდ წერენ. მოკლედ, კარგი ბიძგია.”

თანამედროვე ქართველი პროზაიკოსის ზაზა ბურჭულაძის აზრით, - ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც, - თანამედროვე ქართველი ავტორების შემოქმედება დასავლურ ლიტერატურულ სივრცეში ჟონავს - იქ, სადაც, მისი თქმით, აქტუალურები არიან მოქმედი ავტორები, რომლებმაც რაღაც საინტერესო უკვე დაწერეს, მაგრამ მოლოდინი, კიდევ რას იტყვიან ისინი, არსებობს.
მწერალი ზაზა ბურჭულაძე

ზაზა ბურჭულაძისათვის, რომელმაც ზურაბ ლეჟავას ერთ-ერთ სტატიაში ქართული პროზის ფიროსმანიც უწოდა, ლეჟავა არის დროის ადეკვატური მწერალი:

”ეს რეალობა, შესაძლოა, ზურაბ ლეჟავას ფილტრში სულ სხვაგვარად ტრანსფორმირდება - არა ისე, როგორც ჩვენ ვხედავთ - და, შესაძლოა, ხანდახან აბსოლუტურად ფანტასტიკურ და, ზოგ შემთხვევაში, დემონურ ქმნილებებსაც ვღებულობდეთ, მაგრამ ეს მისი რეალობაა და ამიტომაა საინტერესო. რეალობას ხატავდა ფიროსმანიც, რომელსაც საერთოდ არ ჰყავდა ჟირაფი ნანახი, მაგრამ ხატავდა, და შავი ლომიც საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ის ხატავდა... აი, ზუსტად ასე. ლეჟავას მე ერთხელ ქართული პროზის ფიროსმანი ვუწოდე და ასეც არის - ეს არის აბსოლუტურად თვითმყოფადი მწერალი, რომელმაც ზოგ შემთხვევაში არც კი იცის წინადადება როგორ ააგოს, - სუფთა პროფესიონალურ მხარეზე ვამბობ, - მაგრამ იცის, რა ემოცია უნდა ჩადოს მასში”.

ევროპულ ანთოლოგიაში შესული მოთხრობა ”მაცივარი სექსისა წილ” შესულია ზურაბ ლეჟავას ბოლო კრებულშიც, რომელსაც ჰქვია ”ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე - ოქტომბრის თვეში”. ამ კრებულმა ლიტერატურული პრემიაც აიღო, ”გალა 2010”, ნომინაციაში „წლის წიგნი“. თუმცა ლიტერატურის მოყვარულები ზურაბ ლეჟავას იცნობენ ჯერ კიდევ ლიტერატურულ ჟურნალ ”არილიდან”, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს გამოდიოდა და სადაც მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა. შემდეგ კი გივი ალხაზიშვილმა გამომცემლობა „მერანში“ მისი პირველი წიგნიც გამოსცა: ”როგორც მწერალი, ის სრულიად ახალგაზრდა ავტორებთან ერთად მოვიდა, ასე ვთქვათ, ლიტერატურაში, მიზეზთა გამო... თავისი მძიმე ცხოვრების გამო, გვიან დაიწყო გამოქვეყნება, მაგრამ ამ კაცს ჰქონდა გამოცდილება, რის ნაკლებობასაც ბევრი ახალგაზრდა მწერალი განიცდის. ის ხატავდა პერსონაჟებს დაბალი და საშუალო ფენებიდან, უსაინტერესოეს ადამიანებს. ეს ხატვა მაშინ, 90-იანი წლების ბოლოს, იყო ძალიან საინტერესო და მანამდე ასე მკაფიოდ არც ერთ ავტორთან არ გვხვდება”.

თავად ზურაბ ლეჟავა კი ფიქრობს, რომ ეს მოთხრობა არ არის მხოლოდ ქართული მოთხრობა. მას მომწონებელიც და, პირიქით, კრიტიკულად განწყობილი მკითხველიც ყველა ქვეყანაში გამოუჩნდება.
XS
SM
MD
LG