Accessibility links

logo-print

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მწვავე დისკუსიის ფონზე დამტკიცდა


საქართველოს პარლამენტის სხდომა

საქართველოს პარლამენტის სხდომა

საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელიც პარლამენტმა (95 ხმით 8-ის წინააღმდეგ) 17 დეკემბერს დაამტკიცა. რამდენიმეთვიანი განხილვისა და პროექტში შეტანილი გარკვეული შესწორებების შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიცია კვლავაც საუბრობს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში ხელისუფლების მიერ პრიორიტეტების არაადეკვატურ განსაზღვრაზე. რა პასუხი აქვთ ოპოზიციის უკმაყოფილებაზე მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს?

სახელმწიფო ბიუჯეტში, რომლის მოცულობაც დაახლოებით 7 მილიარდი ლარით განისაზღვრება, ხელისუფლება რამდენიმე პრიორიტეტულ სფეროს გამოყოფს. ესენია, მაგალითად: სოფლის მეურნეობა, განათლება, ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის ”ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ” მიმართული ბიუჯეტი, რომელმაც ”სტაბილურობა” უნდა უზრუნველყოს.

თუმცა ასე არ ფიქრობს საპარლამენტო ოპოზიცია. მაგალითად, ”ქართული დასის” ლიდერი, დეპუტატი ჯონდი ბაღათურია დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი საქართველოს რეალობას არ შეესაბამება:

”ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არ ჰგავს იმ ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, რომლის ყოველი მეორე მოქალაქე სიღატაკის ზღვარს მიღმაა. ქვეყანაში 2 მილიონი ადამიანი შიმშილობს. აქ კი ჭარბობს გასართობი პროგრამებისა და შადრევნებისა და მსგავსი ტიპის ხარჯების დაფინანსება...”

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისგან უმრავლესობას 17 დეკემბერს კიდევ არაერთი მწვავე შეფასების მოსმენა მოუწია. მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტს ”სტაგნაციური” უწოდა, ხოლო საქართველოს ეკონომიკას დაღმასვლა უწინასწარმეტყველა. თარგამაძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტში ”არაერთი შავი ხვრელია” და ამის საუკეთესო მაგალითს ”სამთავრობო და საპრეზიდენტო ფონდების გაორმაგება” წარმოადგენს:

”ნაცვლად 25-25 მილიონისა, ჩვენ ლამის 100-მილიონიანი აბსოლუტურად უკონტროლო სარეზერვო ფონდები მივიღეთ სახელმწიფო ბიუჯეტში...”

გიორგი თარგამაძის კრიტიკა საპენსიო თემასაც შეეხებოდა და 17 დეკემბრის სხდომაზე ეს თემა კიდევ არაერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა წამოსწია. ოპონენტებმა შეახსენეს მმართველ პარტიას, რომ პენსიის ოდენობა საქართველოში უკვე კარგა ხანია 100 დოლარის ეკვივალენტი უნდა გამხდარიყო, მაგრამ მმართველი პარტიის მიერ 2008 წლის მაისში დადებული ეს პირობა ჯერ ისევ შეუსრულებელია.

დაპირება კარგად ახსოვს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ზურაბ მელიქიშვილს, თუმცა ის ცდილობს ოპონენტებს დაპირების შეუსრულებლობის ობიექტური მიზეზები შეახსენოს. ამ კუთხით, უპირველეს ყოვლისა, 2008 წლის აგვისტოს ომი და რუსეთის აგრესია სახელდება:

”... აქ იყო შემოჭრა არა მარტო იმისთვის, რომ რამდენიმე სოფელი დაეკავებინათ, არამედ იყო პირდაპირი დარტყმა ეკონომიკურ ობიექტებზე, ესეც კარგად გაითვალისწინეთ... ეს იყო პირდაპირი გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ არ ჩაედოთ საქართველოში თანხა... ამას 2009 წლის განმავლობაში დაემატა მსოფლიო ფინანსური კრიზისი...”

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად წარმოქმნილი ბარიერები 17 დეკემბერს პარლამენტის ტრიბუნიდან ფინანსთა მინისტრმაც ახსენა, მათ შორის, ინფლაციასთან მიმართებითაც. ითქვა, რომ საქართველოს შიდა ბაზარს აგვისტოს შემდეგ სწრაფად დაეტყო საერთაშორისო ინფლაციით გამოწვეული შედეგები. ამ პრობლემასთან გამკლავების ერთ-ერთ მთავარ ნაბიჯად კახა ბაინდურაშვილმა სოფლის მეურნეობის სექტორის ლამის 4-ჯერ გაზრდილი დაფინანსება დაასახელა. თუკი ადგილობრივი წარმოება გაიზრდება და მოძლიერდება, ფასების ნახტომისებური ზრდა აღარ იქნება მოსალოდნელი.

თუმცა ოპოზიციას პრეტენზია სოფლის მეურნეობის სფეროს დაფინანსებასთან მიმართებითაც აქვს. საუბარია მარცვლოვანი კულტურის სათესლე ჯიშების დაფინანსებაზე, რისთვისაც დაახლოებით 20 მილიონი ლარია გამოყოფილი. მაგალითად, ქრისტიან-დემოკრატი დეპუტატის ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ეს ჯიშები მომავალი წლებისთვის სათესლე მასალის მიღების საშუალებას არ იძლევა. ამ ინფორმაციას უარყოფს როგორც ფინანსთა მინისტრი, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები.

17 დეკემბერს ფინანსთა მინისტრს პასუხის გაცემა მოუხდა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა კიდევ ერთ ბრალდებაზე, რომელიც ჯანდაცვის სფეროს შეეხება. ოპონენტები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება კი არ გაიზარდა, არამედ, პირიქით, შემცირდა. კახა ბაინდურაშვილის განმარტებით, მაჩვენებელი მხოლოდ სადაზღვევო სფეროში გაჩაღებული კონკურენციის შედეგად შემცირდა, რაც მოსახლეობისთვის შეთავაზებული მომსახურების მოცულობაზე საერთოდ არ ასახულა:

”ჯანდაცვის პაკეტს რაც შეეხება, 350 მილიონი ლარი გახლდათ 2010 წელს, 318 მილიონი ლარია 2011 წელს. საიდან მოდის სხვაობა - 31 მილიონი ლარი? ეს არ გახლავთ ჩამოჭრილი თანხა. ეს არის ჯანმრთელობის დაზღვევისგან გამოწვეული ეკონომია. თქვენ იცით, რომ შარშან გამოცხადდა ტენდერი, სადაც ძალიან ბევრმა სადაზღვევო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და ეს თანხა ამის შედეგად დაიზოგა...”

დაზოგილი 30 მილიონი ლარის თემამ ოპოზიციაში კიდევ ერთი შეკითხვა წარმოშვა: რატომ არ ხმარდება სადაზღვევო სფეროში დაზოგილი ფული ისევ სადაზღვევო სფეროს, ანუ იმ ადამიანების დაზღვევას, რომლებიც სადაზღვევო პოლისებისა და უსახსრობის გამო ექიმთან ვერ მიდიან? ქრისტიან-დემოკრატი დეპუტატის, ლევან ვეფხვაძის მიერ დასმული ამ შინაარსის შეკითხვისთვის 17 დეკემბრის სხდომაზე კონკრეტული პასუხი არავის გაუცია.

რაც შეეხება ოპოზიციის კიდევ ერთ სერიოზულ პრეტენზიას, რომ საგრძნობლად შემცირდა ჯანდაცვის სფეროს მთელი რიგი პროგრამების დაფინანსება, ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ეს ფაქტი თანამდებობის ბოროტად გამოყენების ტენდენციის აღკვეთით ახსნა. მისი თქმით, ადრინდელი პრაქტიკის მიხედვით, ბიუჯეტში გაწერილ გაზრდილ თანხებს ზოგიერთი ჩინოვნიკი სატენდერო პირობებს არგებდა. ეს კი, პაციენტების რიცხვის ნაცვლად, მხოლოდ მომსახურების ფასს ზრდიდა. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ცალკეული პროგრამების დაფინანსების საჭიროებას სახელმწიფო სწორედ ამ მიზნით ცალკე გამოყოფილი 50 მილიონი ლარით დააფინანსებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები 17 დეკემბერს ოპონენტებისთვის იმის დასაბუთებას ცდილობდნენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი არა სესხის აღების, არამედ საგადასახადო შემოსავლების ზრდის (ანუ ეკონომიკური ზრდის) საფუძველზე იზრდება. ხაზი ესმება იმ ფაქტს, რომ 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელში 5 მილიარდ ლარზე მეტია გადასახადების მოცულობა. ბიუჯეტის გაზრდას ფინანსთა სამინისტრო ქვეყანაში საგადასახადო ადმინისტრირების დახვეწით ხსნის.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ბეჟან ბუცხრიკიძის ინფორმაციით, 2011 წელს გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელია 355 მილიონ ლარი, აქედან 205 მილიონი ლარი - საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ხოლო 150 მილიონი ლარი - უცხო ქვეყნების მთავრობებიდან ან მათი წარმომადგენლობებიდან. ამ თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისკენ იქნება მიმართული.

ასეა თუ ისე, 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი საშემოდგომო სესიის ბოლო - რიგგარეშე - სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა მხარდაჭერის გარეშე დამტკიცდა.
XS
SM
MD
LG