Accessibility links

logo-print

ჟენევის დისკუსიისა და ახალი კოალიციის შექმნის კვირა


გაეროს შტაბბინა ჟენევაში

გაეროს შტაბბინა ჟენევაში

საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ანგარიშით დავიწყოთ. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფი, რომელიც კრიზისის დინამიკას სხვადასხვა ქვეყანაში აკვირდება, საქართველოზე ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ომის შემდეგ ხელისუფლება უფრო ცენტრალიზებული არ გამხდარა და შედარებით გამჭვირვალეცაა; შედარებით ნაკლებად კონფრონტაციულია ურთიერთობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის; ძვრები შეინიშნება მედიის გაჯანსაღების მიმართულებით...
კრიზისების ჯგუფის ლოგო

კრიზისების ჯგუფი ვარაუდობს, რომ დახმარების თანხები, რომლებიც ქვეყანამ ომის შემდეგ მიიღო, მალე ამოიწურება და ეს სწორედ მორიგ საარჩევნო ციკლს დაემთხვევა, რაც, ბუნებრივია, საარჩევნო არაეკონომიკურად მომგებიან ხარჯვას უკავშირდება. ჯგუფის მიხედვით კი, სისტემის სტაბილურობისთვის ეკონომიკის გრძელვადიანი საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა აუცილებელი, რაც უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთანაა კავშირში.

მოდით, რეგიონებისკენ გადავინაცვლოთ. რა არის რეგიონებში პრიორიტეტი და ვინ განსაზღვრავს მას?

„ძირითადი პრიორიტეტული საკითხები ისევ და ისევ რჩება კეთილმოწყობითი და ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვენი ბიუჯეტის სოლიდური ნაწილი დაიხარჯება იმ კომუნალური საკითხების მოგვარებაში, რომლებიც პრიორიტეტულად მოსახლეობის მიერ დასახელდა“, - ეს ქალაქ ქუთაისის მერია, რომელიც ამბობს, რომ ბიუჯეტის განკარგვა მოსახლეობასთან ერთად ხდება. მისი სამოქმედო გეგმა სახელწოდებაა მიდგომისა, რომელსაც ცენტრალურმა ხელისუფლებამ ”ბიუჯეტი ხალხთან ერთად” დაარქვა.

”‘ბიუჯეტი ხალხთან ერთად’, რომელიც რამდენიმე წელია ჩვენს რეგიონში ხორციელდება, მაინც არ არის რეალურად ბიუჯეტი ხალხთან ერთად. შეგიძლიათ გახვიდეთ და ნებისმიერ მოქალაქეს ჰკითხოთ და მიხვდებით, რომ მათი პრიორიტეტები და თვითმმართველობის მიერ მიღებული ბიუჯეტის პრიორიტეტები აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისგან“, - ეს ქუთაისის ახალგაზრდა იურისტთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ნოდარ ჯიქიაა.

რეპორტაჟში, რომელიც რადიო თავისუფლებას ქუთაისის კორესპონდენტმა მოაწოდა, მოსახლეობა საკუთარ უმთავრეს პრიორიტეტად დასაქმებას ასახელებს.

იმავე თემაზე სხვა რეგიონებიდან მოწოდებულ რეპორტაჟებში ჩანს, რომ არის შემთხვევები, როდესაც მოსახლეობამ არ იცის, როგორ უნდა აქციოს საკუთარი ინტერესები ბიუჯეტის პრიორიტეტებად; ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლები კი უმრავლეს შემთხვევაში დაგეგმვის პროცესში „მოსახლეობის“ ჩართულობასა და „საზოგადოების“ დაკვეთას ხშირად ახსენებენ.
პირველი რაუნდია მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის პარლამენტის ტრიბუნიდან ძალის არგამოყენების შესახებ ინიციატივა გაახმაურა...

ჟენევაში, საერთაშორისო მოლაპარაკებათა მეთოთხმეტე რაუნდზე, საქართველოს დელეგაცია ჩადის და ცეცხლის არგანახლების შესახებ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე რეაქციებს ელოდება. ქართული დელეგაციიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი ამბობს:

„პირველი რაუნდია მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის პარლამენტის ტრიბუნიდან ძალის არგამოყენების შესახებ ინიციატივა გაახმაურა. ასე რომ, ალბათ, ხვალ უნდა ვნახოთ, რა რეაქცია ექნებათ ამაზე რუსებსა და მარიონეტული ხელისუფლებების წარმომადგენლებს“.

თუმცა, როგორც კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან ირკვევა, „მარიონეტული“ მხარეების აზრი ქართული ახალი სამშვიდობო რიტორიკისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია და საქართველოს მხარე „დიდ“ პოლიტიკაში „დიდ“ პასუხებს ელოდება.
ჩვენ გვჭირდება, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ საქართველო ყოველთვის იყო დიდი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი...

ამ კვირაშივე იქმნება კოალიცია „ევროპული საქართველოსთვის“, რომელშიც 52 ორგანიზაციის წარმომადგენლობა ევროპისკენ გარღვევას ცდილობს და საკუთარ ხედვებს ასე გვამცნობს:

”ჩვენ ვქმნით კოალიციას „ევროპული საქართველოსთვის“, რათა ჩვენი ქვეყანა გახდეს ნატოსა და ევროპულ ერთა ოჯახის თანასწორუფლებიანი წევრი. ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც იდგნენ თავისუფლებისმოყვარე ევროპული აზრის ფუძემდებლები კუდენჰოვე-კალერგი და ჭავჭავაძე, ადენაუერი...”

გია ჯანდიერი: „ჩვენ გვაინტერესებს, რომ ნამდვილი ევროპული ღირებულებების მხარდაჭერა მოვახდინოთ. ეს ნამდვილი ევროპული ღირებულებებია ადამიანის თავისუფლება, ინდივიდუალური თავისუფლება“.
თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელი ლევან რამიშვილი ახალი კოალიციის პრეზენტაციაზე

ლევან რამიშვილი: „ჩვენ გვჭირდება, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ საქართველო ყოველთვის იყო დიდი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი“.

თეა თუთბერიძე: „ამ კოალიციაში, ჩემი აზრით, შეიკრიბნენ ის ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველომ უნდა აიღოს კურსი არა რუსეთისკენ, არამედ ევროპული ცივილიზაციისკენ; მიაჩნიათ, რომ ჩვენს ქვეყანას მომავალი არ ექნება იქ, სადაც პოლიტიკური ელიტის გარკვეული ნაწილი მიექაჩება“.

დაბოლოს, ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით ოცამდე პროცენტს შეადგენენ, რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ჯიმშერ რეხვიაშვილის, მიერ მომზადებულ რეპორტაჟში სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა ახსენა:

„რჩება პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ეთნიკური უმცირესობების უფრო მეტად ჩართვას ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ასევე ის, რომ ისინი არ არიან ფართოდ წარმოდგენილნი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. გარდა ამისა, კვლავ რჩება გარკვეულ პრობლემად ქართული ენის სწავლება“.

ენის პრობლემის მოსაგვარებლად რეგიონებში ცენტრიდან სხვადასხვა პროგრამა ხორციელდება, მაგრამ მათ ეფექტურობაში თავად ადგილზე ეჭვი ეპარებათ. მოძრაობა „მრავალეთნიკური საქართველოს“ ხელმძღვანელი, არნო სტეფანიანი, ჯიმშერ რეხვიაშვილთან საუბარში აღნიშნავს:

„ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ხელისუფლებასაც არ აწყობს, რომ იქ ჩაატაროს სამოქალაქო განათლების პოლიტიკა. არჩევნების წინ ხელისუფლებას უიოლდება მართოს პროცესები ამ რეგიონებში, ანუ მართოს მასა, რომელიც არის გაუნათლებელი“.
კანონები... არის რამე პროგრამა, რომ კანონები ითარგმნოს? ეს სერიოზული პრობლემაა...

ენობრივი ბარიერი რეგიონებში, სხვა ბევრ ცნობილ პრობლემასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისთვის ერთ მარტივ პრობლემას ქმნის. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში ედუარდ აღასარიანი ამბობს:

„კანონები... არის რამე პროგრამა, რომ კანონები ითარგმნოს? ეს სერიოზული პრობლემაა“.

სულ მცირე, ეს პრობლემა საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის თარგმნით უნდა დაიწყოს, რადგან, მარტივად რომ ვთქვათ, რა აზრი აქვს კონსტიტუციაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ თავის გაჩენას, თუ მას ეს თვითმმართველობები, უბრალოდ, ვერ წაიკითხავენ?
XS
SM
MD
LG