Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში ოპოზიციის აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა


გავრცელებული ცნობებით, ბელორუსიაში პოლიციამ ხმაურის ყუმბარები გამოიყენა ოპოზიციის აქციის დასაშლელად იმ დროს, როცა დემონსტრანტები ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, ვლადიმირ ნეკლიაევის ოფისიდან მინსკის ოქტომბრის მოედნისკენ მიემართებოდნენ. აქცია პრეზიდენტობის რამდენიმე ოპოზიციურმა კანდიდატმა მოიწვია დღევანდელი არჩევნების გასაპროტესტებლად. მათი განცხადებით, არჩევნები გაყალბდა. „ინტერფაქსის“ კორესპონდენტის ცნობით, დემონსტრანტებს გზა პოლიციის ავტობუსმა მოუჭრა. იუწყებიან, რომ რამდენიმე პირი დააკავეს, გამოიყენეს ხმაურის ყუმბარები და პოლიციას რამდენიმე ადამიანი ძალის გამოყენებით მიწაზე, თოვლში ჰყავდა გაკავებული. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ თავად ვლადიმირ ნეკლიაევი ნაცემია და საავადმყოფოშია მოთავსებული. დღეს უფრო ადრე, საპროტესტო აქციაზე საუბრისას პრეზიდენტმა და დღევანდელ არჩევნებზე პრეზიდენტობის მეოთხე ვადისთვის მებრძოლმა ალექსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა: „იმის გასაგებად, თუ რა ელით აქციის მომხრეებს - ჩვენი კანონები წაიკითხეთ. ყველაფერი ზედმიწევნით კანონიერად მოხდება. იგივე ითქმის უსაფრთხოებაზეც. ნუ ღელავთ - დღეს მოედანზე არავინ იქნება.“ დღევანდელი არჩევნების პატიოსნად ჩატარებას ევროკავშირი ეკონომიკური პრობლემების მქონე ბელორუსიისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის პირობად სახავს.
XS
SM
MD
LG