Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში საპრეზიდენტო არჩევნების გასაპროტესტებლად ათასობით პირია შეკრებილი


გავრცელებული ცნობებით, ათასობით ადამიანია შეკრებილი მინსკში მიმდინარე აქციაზე დღევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების გასაპროტესტებლად. აქციის მონაწილეები კენჭისყრას გაყალბებულს უწოდებენ. მთავრობის მომხრე კვლევითი ცენტრის, EcooM-ის მიერ ჩატარებული ეგზიტ-პოლის თანახმად, პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ - რომელიც მეოთხე ვადისთვის იბრძვის - ხმათა თითქმის 80 პროცენტი მოიპოვა. ლუკაშენკას ცხრა ოპონენტი უწევდა კონკურენციას - რომელთა ნაწილმაც არჩევნები ჯერ კიდევ მისი მსვლელობის პროცესში დაგმო. პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატებმა აქცია მინსკის ოქტომბრის მოედანზე, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მოიწვიეს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი მინსკიდან გვატყობინებს, რომ მოედანზე ხუთიდან ათ ათასამდე ადამიანია შეკრებილი. ჩვენი კორესპონდენტი მინსკში შექმნილ ატმოსფეროს დაძაბულს უწოდებს. დღეს უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკში პოლიციამ ოპოზიციის აქციის დაშლის მიზნით ხმაურის ყუმბარები გამოიყენა. იუწყებოდნენ, რომ რამდენიმე პირი დააკავეს. ასევე იყო ცნობები, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, ვლადიმირ ნეკლიაევი ნაცემია და საავადმყოფოშია მოთავსებული. მანამდე, საპროტესტო აქციაზე საუბრისას ლუკაშენკამ განაცხადა: „იმის გასაგებად, თუ რა ელით აქციის მომხრეებს - ჩვენი კანონები წაიკითხეთ. ყველაფერი ზედმიწევნით კანონიერად მოხდება. იგივე ითქმის უსაფრთხოებაზეც. ნუ ღელავთ - დღეს მოედანზე არავინ იქნება.“ დღევანდელი არჩევნების პატიოსნად ჩატარებას ევროკავშირი ეკონომიკური პრობლემების მქონე ბელორუსიისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის პირობად სახავს.
XS
SM
MD
LG