Accessibility links

logo-print

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს


კვირას გვიან საღამოს მინსკში საპრეზიდენტო არჩევნების გაპროტესტების მიზნით გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შეჭრა სცადეს პარლამენტის შენობაში, სადაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც უდევს ბინა. დემონსტრანტებმა ფანჯრები და შუშის კარები ჩაამსხვრიეს, მაგრამ შენობის შიგნით გამაგრებულმა მილიციამ მათ უკან დაახევინა. ადგილზე სატვირთო მანქანებით ასობით მილიციელი მივიდა.

დემონსტრანტების დასაშლელად მილიცია ძალას იყენებს და ხალხს სცემს. უფრო ადრე, დაახლოებით 10 000 პირი იყო შეკრებილი მინსკის დამოუკიდებლობის მოედანზე, საარჩევნო კომისიის შენობასთან ახლოს. აქციის მონაწილეებმა იქ ოქტომბრის მოედნიდან გადაინაცვლეს. დემონსტრანტები დღეს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ. მთავრობის მომხრე კვლევითი ცენტრის, EcooM-ის მიერ ჩატარებული ეგზიტ-პოლის თანახმად, პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ - რომელიც მეოთხე ვადისთვის იბრძვის - ხმათა თითქმის 80 პროცენტი მოიპოვა. ლუკაშენკას ცხრა ოპონენტი უწევდა კონკურენციას - რომელთა ნაწილმაც არჩევნები ჯერ კიდევ მისი მსვლელობის პროცესში დაგმო. პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატებმა აქცია საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მოიწვიეს. დღეს უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკში მილიციამ ოპოზიციის აქციის დაშლის მიზნით ხმაურის ყუმბარები გამოიყენა. იუწყებოდნენ, რომ რამდენიმე პირი დააკავეს. ასევე იყო ცნობები, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, ვლადიმირ ნეკლიაევი ნაცემია და საავადმყოფოშია მოთავსებული. მანამდე, საპროტესტო აქციაზე საუბრისას ლუკაშენკამ განაცხადა: „იმის გასაგებად, თუ რა ელით აქციის მომხრეებს - ჩვენი კანონები წაიკითხეთ. ყველაფერი ზედმიწევნით კანონიერად მოხდება. იგივე ითქმის უსაფრთხოებაზეც. ნუ ღელავთ - დღეს მოედანზე არავინ იქნება“. დღევანდელი არჩევნების პატიოსნად ჩატარებას ევროკავშირი ეკონომიკური პრობლემების მქონე ბელორუსიისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის პირობად სახავს.
XS
SM
MD
LG