Accessibility links

logo-print

ოკუპირებული ტერიტორიები და არასამთავრობო სექტორის პრობლემები


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვარი მდინარე ენგურზე

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საზღვარი მდინარე ენგურზე

კვლავაც სადავო თემად რჩება საქართველოს მთავრობის 320-ე დადგენილება, რომელიც ”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესებს” განსაზღვრავს. ამ დადგენილების გაუქმებას, არასამთავრობო სექტორის კვალდაკვალ, საპარლამენტო პარტია ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაც ითხოვს. მთავრობის ოპონენტები ფიქრობენ, რომ 320-ე დადგენილებით დამტკიცებული წესები ეწინააღმდეგება უკვე მოქმედ კანონში თუ ნორმატიულ აქტებში ჩამოყალიბებულ მიდგომებს.

ამ დადგენილების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველა იმ პრინციპს, რომელიც დეკლარირებული იყო სახელმწიფო სტრატეგიაში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ...
”საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს და მიესალმება საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მოგვარებისა და ტრანსფორმაციის საქმეში, ისე, როგორც ეს გაცხადებულია ”ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში”, - ვკითხულობთ ”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების” პრეამბულაში, თუმცა ყველაზე მთავარი პრეტენზია, რომელიც ოპონენტებს ამ დოკუმენტის მისამართით აქვთ, სწორედ არასამთავრობო სექტორის საქმიანობის შეზღუდვას უკავშირდება.

სწორედ ეს აქცენტია გამოკვეთილი ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლის, დეპუტატ ნიკოლოზ ლალიაშვილის მიერ 20 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაშიც:

”ამ დადგენილების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველა იმ პრინციპს, რომელიც დეკლარირებული იყო სახელმწიფო სტრატეგიაში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და რისთვისაც ამ სტრატეგიამ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება და დაიმსახურა ამდენი ქება და აპლოდისმენტი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან. ეს დადგენილება პრაქტიკულად აწესებს კონტროლს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე. ქმნის ბარიერებს და აწესებს აკრძალვებს არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რაც შეუძლებელს ხდის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებას”.

საქართველოს მთავრობის ხელში გატარებული და მისგან თანხმობამიღებული, ასეთ პროექტებში მონაწილეობა მათ არ უნდათ და უკან იხევენ...
დეპუტატი ნიკოლოზ ლალიაშვილი, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის სახელით, საქართველოს მთავრობას 320-ე დადგენილების დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ მოუწოდებს და ამ საკითხში სრულ სოლიდარობას უცხადებს არასამთავრობო სექტორს. საქართველოს მთავრობის 15 ოქტომბრით დათარიღებული დადგენილების მისამართით არასამთავრობო ორგანიზაციებმა პროტესტი არაერთხელ გამოხატეს.

მე-3 სექტორი მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვებით მთავრობა ცდილობს, დამატებითი კონტროლი დაუწესოს მათ და, რაც მთავარია, ყოველივე ეს ხელს უშლის დაკარგული ნდობის აღდგენას ქართველ, აფხაზ და ოს ხალხებს შორის. სწორედ ამაზე ლაპარაკობს ჩვენთან ინტერვიუში ”ადამიანის უფლებათა სახლის” კოორდინატორი ნინო ღვედაშვილი. მისი ინფორმაციით, უკვე შეექმნა პრობლემები ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, მაგალითად, აფხაზი პარტნიორებისგან:

”...ისინი ამბობენ, რომ მსგავს პროექტებში, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ იქნება მოწონებული თუ დამოწმებული თუ, ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის ხელში გატარებული და მისგან თანხმობამიღებული, ასეთ პროექტებში მონაწილეობა მათ არ უნდათ და უკან იხევენ...”

”ადამიანის უფლებათა სახლი” ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც 30 ნოემბერს საგანგებო შეხვედრა გამართეს. ამის შემდეგ კი, მალევე, 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ პირადად შეხვედრის მოთხოვნით სპეციალური წერილი გაუგზავნა ახლად დანიშნულ სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში ეკატერინე ტყეშელაშვილს. აქვე ვთქვათ, რომ, ”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის წარმართვის წესების” მიხედვით, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს საქმიანობის გეგმების სწორედ ამ უწყებასთან შეთანხმება ევალებათ.

13 არასამთავრობო ორგანიზაციის ხსენებული წერილის კვალდაკვალ, კერძოდ, 9 დეკემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სახელმწიფო მინისტრს შენიშვნების იურიდიული დასაბუთებაც გადაუგზავნა. მასში ნათქვამია, რომ ”აღნიშნული წესები აფართოებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი აკრძალული საქმიანობის ჩამონათვალს, ეწინააღმდეგება სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს...” და ”...აწესებს კონტროლს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე”.

თუმცა სახელმწიფო მინისტრის პასუხი ჯერჯერობით ისევ არ ჩანს და, საფუძვლიანი მცდელობის მიუხედავად, ეკატერინე ტყეშელაშვილთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერც რადიო თავისუფლებამ მოახერხა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან პასუხის მიღების იმედი ლამის უკვე გადაეწურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს, თამარ ჩუგოშვილს, თუმცა ის გაჩერებას არ აპირებს:

”პირველ რიგში, ადგილობრივ დონეზე გვექნება შეხვედრები, დავუკავშირდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც იგივე საკითხებზე მუშაობენ და იზიარებენ ჩვენს დამოკიდებულებას... ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდით ჩვენს მოსაზრებებს... და ვეცდებით, რომ თუ ვინმეს ამ დებულების ფარგლებში შეექმნება პრობლემა, მათი ინტერესები დავიცვათ...”

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, ამ საკითხით დაინტერესებულია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი. საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს ინფორმაცია სისტემატურად მიეწოდებათ.
XS
SM
MD
LG