Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ მუშაობს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის სისტემა საქართველოში


ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა, „ემპათიამ“, გალერეა „ცხრა“-ში უმასპინძლა დევნილების, პატიმრებისა და ყოფილი პატიმრების მიერ გაკეთებული თიხის არტ-ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას. საგამოფენო დარბაზშივე გაიმართა პრესკონფერენცია საქართველოში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირებისა და პრევენციის პრობლემებთან დაკავშირებით.

გალერეა „ცხრა“ ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდით, გუდიაშვილის 9 ნომერში მდებარეობს. 20 დეკემბერს გალერეამ პროფესიონალი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად „ემპათიის“ ბენეფიციართა ნაკეთობებიც გამოფინა.

„ეს ორი ბაჭია ჩემი გაკთებულია. წარმოშობით ქიზიყელი ვარ და ამიტომ კახურ და ქალაქურ მოტივებზეც ვმუშაობ. ეს შანდალია, ეს ყანწი...“ - ამბობს ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი, რომელიც, ვიდრე საპყრობილეში მოხვდებოდა, სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, თუმცა კანონთან პრობლემების შექმნის შემდეგ ჯანმრთელობამაც უმტყუნა:

„დეპრესიაში ჩავვარდი, რამაც ლამის ფსიქიკურ აშლილობამდე მიმიყვანა. არტ-თერაპიამ მიშველა. დამეხმარნენ „ემპათიის“ფსიქოლოგები და ფსიქიატრები, რომლებმაც არტ-თერაპია დამინიშნეს. რაც უნდა მწუხარებასა და დეპრესიაში ვიყო, როცა თიხას მივუჯდები და მუშაობას დავიწყებ, მდგომარეობიდან გამოვდივარ. ეს არის საოცრება”.

არტ-თერაპევტი ბელა ტყებუჩავა

საოცრებას, როგორც ყოფილმა პატიმარმა არტ-თერაპიას უწოდა, ყოფილ და მოქმედ პატიმრებს, დევნილებსა და სოციალურად შეჭირვებულ მოზარდებს ცენტრ „ემპათიის“ არტ-თერაპევტი, ბელა ტყებუჩავა, აზიარებს:

„არტ-თერაპია არის ხელოვნების გამოყენება ფსიქოთერაპიაში! დიდი სტრესი აქვთ მიღებული და ხელოვნება მის დავიწყებაში ეხმარებათ“.

თუმცა, არტ-თერაპიის ამგვარი ეფექტიანობის მიუხედავად, როგორც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, მიმდინარე წლის 22 ივლისიდან სასჯელაღსრულების სამინისტრომ პრაქტიკულად შეაჩერა სამედიცინო და ფსიქო-სოციალური რეაბილატაციის პროექტი სასჯელაღსრულების სისტემის ქალთა და მოზარდთა დაწესებულებებში, სადაც, ჯიშკარიანის თქმით, რეაბილიტაციის სამი ცენტრი მოქმედებდა:

„ვერ მოხერხდა საერთო ენის გამონახვა. სამინისტრომ შემოგვთავაზა პროექტი ექვსი თვით გაგვეგრძელებინა, ისიც მხოლოდ ქალთა კოლონიაში და არა არასრულწოვანთა კოლონიაში, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო. გარდა ამისა, ცენტრი „ემპათია“ მოხსენიებულია როგორც პირველწყარო წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშში, რაც ასევე გახდა სასჯელაღსრულების სამინისტროს მხრიდან ჩვენზე თავდასხმის ძირითადი მიზეზი“.

„ემპათიის“ ბენეფიციარის ერთ-ერთი ნამუშევარი

ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიში, რომლის შესახებაც მარიამ ჯიშკარიანი ლაპარაკობდა, მიმდინარე წლის სექტემბერში გამოქვეყნდა. ანგარიშს მაშინვე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი, რომლის თქმითაც, ხშირ შემთხვევაში წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტები სათანადო რეაგირების გარეშე რჩება, თუმცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ხდება. დეპარტამენტის ხელმძღვანელის მრჩეველი, ტატო ქელბაქიანი, „ემპათიის“ პროექტების შეჩერებასაც კონტრაქტის ვადის ამოწურვით ხსნის. რაც შეეხება მერვე საპყრობილის ტერიტორიაზე მოზარდთა ციხის გადატანას, ამის თაობაზე ტატო ქელბაქიანმა რადიო თავისუფლებას უთხრა:

„გლდანის დაწესებულებაში ცალკე, იზოლირებულად გაკეთდა ერთი განყოფილება (არანაირი შეხება არა აქვს მოზრდილებთან). მომავალი წლიდან ვიწყებთ საშუალო სკოლის პროგრამების სწავლებას... პირობები უარესი კი არა, უკეთესია, ვიდრე მანამდე იყო“.

მიუხედავად ამგვარი განმარტებისა, ცენტრ „ემპათიაში“ აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარება ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ მიღებულ ნორმებს. მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მოზარდი პატიმრები არაჰუმანური მოპყრობის მოწმენი ხდებიან საერთო მიმღებ განყოფილებაში.

„ერთ-ერთი მოზარდი შეესწრო ზრდასრული პატიმრების გაშიშვლებასა და ცემის ფაქტს. ამ მოზარდისთვის ეს იყო შიშისა და სტრესის დიდი წყარო, გამოიწვია სტრესული რეაქცია, რაც ჭეშმარიტი სუიციდის მცდელობით განხორციელდა“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა, რომელიც ასევე ლაპარაკობს სასჯელაღსრულების სისტემაში არაადეკვატური სამედიცინო მომსახურების შესახებ. ამ და სხვა არაერთი პრობლემის გადაჭრის მიზნით ცენტრი „ემპათია“ ხელისუფლებას რეკომენდაციების ჩამონათვალით მიმართავს; ერთ-ერთის მიხედვით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში უნდა შევიდეს მუხლი, რომელიც წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტების გამოძიების ვადას შემოსაზღვრავს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG