Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 20 დეკემბერი 2010


”ასავალ-დასავალის” ინფორმატორი კულისებიდან გამოდის!” - გაზეთი დღეს ბადრი ბიწაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს: ”სააკაშვილმა მითხრა, ახლა ჩემთან მოდის ”გრეჩიხა”, შენ აგერ შედი ოთახში, დაჯექი და რასაც ”გრეჩიხა” დამელაპარაკება, ყველაფერს მოისმენო. შევედი ოთახში, დავჯექი და ვუსმენ სააკაშვილის და ”გრეჩიხას” ლაპარაკს!” - ჰყვება ბიწაძე, რომელთან ინტერვიუსაც ”ასავალ-დასავალი” აქვეყნებს. ინტერვიუს მიხედვით, შეხვედრა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედგა და იმ შეხვედრაზე ლევან გაჩეჩილაძემ სააკაშვილს თავისი მოთხოვნები დაუწერა. ის, თითქოს, 6 თვით პრემიერ-მინისტრობას, 5 მილიონს - ”ილია ჭავჭავაძის სახელობის ბანკის” შესაქმნელად საწყის კაპიტალს - ითხოვდა.

ბიწაძესთან ინტერვიუში წაიკითხავთ, რომ მისთვის ვანო მერაბიშვილს 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ლევან გაჩეჩილაძისთვის მისაცემად 2 მილიონის დამატება უთხოვია. ამავე ინტერვიუში ბიწაძე იმასაც ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილს ხელისუფლებამ ნინო ბურჯანაძის ”ჩასაძირად” ფული მისცა. ”ასავალ-დასავალის” ავტორი, ჯაბა ხუბუა, წერს: ”რაც შეეხება ფურცლებს, რომლებზეც ლევან გაჩეჩილაძის მიერ სააკაშვილისთვის წაყენებული პირობებია ჩამოწერილი, ადამიანთა ამ ჯგუფმა არ ისურვა მათი ამ კვირაში გამოქვეყნება” და უახლოეს მომავალში თვითონ გამოაქვეყნებენო.

ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს ”კვირის პალიტრა”. ბურჯანაძე ტელედებატებში მონაწილეობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს და ამბობს: ”არ მჭირდება და არც ჩემი სტილია პრესაში ვინმეზე შეკვეთილი სტატიების გამოქვეყნება". ჟურნალისტი: ”ითქვა, რომ ინფორმაცია თითქოს ლევან გაჩეჩილაძის ხელით ჩამოწერილ უკვე ყველასთვის ცნობილ მოთხოვნებზე ჟურნალისტს თქვენმა მეუღლემ, ბადრი ბიწაძემ, მიაწოდა”. ბურჯანაძე: ”და ამაზე მე კომენტარი უნდა გავაკეთო?”. ჟურნალისტი: ”რაკი ეს ითქვა, სასურველია გააკეთოთ”. ბურჯანაძე: ”რა უნდა ვუპასუხო ასეთ ბინძურ სისულელეს? ასეთ აბსურდებზე დამამტკიცებელი საბუთი მოვთხოვო ვინმეს თუ როგორ უნდა გავაკეთო კომენტარი?”

”კვირის პალიტრაშივე” ქვეყნდება ”ქართული პარტიის” წარმომადგენელ კახა მიქაიასთან ინტერვიუც, სადაც ის აცხადებს, რომ რა დოკუმენტიც უნდა გამოქვეყნდეს, ეს ფაბრიკაცია იქნება. ”მზად ვართ ამ წერილს ექსპერტიზა გავუკეთოთ და, როგორც ლევანი ამბობს, საფლავში ჩავყვეთ ამ საქმეს”, - აცხადებს მიქაია.

”კვირის ქრონიკაში” ლევან გაჩეჩილაძესთან ვრცელი ინტერვიუ იბეჭდება: ”სააკაშვილის სასამართლოსა და მერაბიშვილის მანიპულაციის პირობებში არანაირ დოკუმენტს არ გამოვიყენებ არავის წინააღმდეგ! იქნება თავისუფალი არჩევნები? იქნება თავისუფალი სასამართლო? - ყველაფერს ვიტყვი და საზოგადოებას ყველაფერს ვანახვებ, რაც გამაჩნია!..” - ამბობს ლევან გაჩეჩილაძე ”კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”ვერსია” წერს, რომ ”ბურჯანაძის გუნდის ყოფილი წევრი რომან კუსიანი ირაკლი ალასანიას პარტიაში მიდის!”. სტატიაში კუსიანის პოლიტიკურ ბიოგრაფიასაც გაეცნობით.

”ახალი თაობის” პირველ გვერდზე სათაურია: ”გიგა ბოკერია პრეზიდენტობისთვის ემზადება”. ამას ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომელთან ინტერვიუც ასე სრულდება: ”...სანამ ოპოზიცია ერთმანეთში რაღაც საქმეებს არკვევს, არჩევს, ამასობაში სააკაშვილის ჩანაცვლების პროგრამა უკვე ჩაირთო. ეს გუშინ და დღეს არ ჩართულა. კარგა ხნის ჩართულია და ეს სქემა სერიოზულადაა ამუშავებული. მიმდინარეობს თანხების მობილიზება ბოკერიას ირგვლივ, მიმდინარეობს გარკვეული პოლიტიკური ძალების მობილიზება”. ჟურნალისტი: „ვანო მერაბიშვილი ბოკერიას გუნდში მოიაზრება?”. შალვა ხაჭაპურიძე: ”მერაბიშვილი, ბოკერია, ირაკლი ალასანია...” – ”ახალი თაობა” აქვეყნებს შალვა ხაჭაპურიძესთან ინტერვიუს.

”მთელი კვირა” ესაუბრა საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ თედო ჯაფარიძეს: ”ხშირად მეჩვენება, რომ ჩვენ ვცდილობთ ავამაღლოთ ჩვენი სახელმწიფოს პირამიდა და ამისთვის დიდ ენერგიას ვხარჯავთ (უნდა ითქვას, რომ გვაქვს ბევრი მიღწევა), მაგრამ ზოგჯერ მეჩვენება, რომ ამ ”პირამიდას” არა ფუნდამენტიდან, არამედ ზემოდან, მისი წვერიდან ვაშენებთ.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG