Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელს ელოდებიან


გვიან საღამოს, თბილისში ჩამოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელი დიკ მარტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრებს ხვალ დილიდან დაიწყებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დიკ მარტის ვიზიტი წინ უძღვის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 17 იანვარს, პარიზში დაგეგმილ მოსმენას, რომელიც აგვისტოს ომს და მის შემდგომ დამტკიცებული რეზოლუციების შესრულებას შეეხება. თბილისში ვიზიტამდე, მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელი დღეს მოსკოვში შეხვდა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გრიგორი კარასინთან დიკ მარტის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ კომენტარში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოსკოვში სურთ 2008 წლის მოვლენებს მონიტორინგის კომიტეტმა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეფასების გათვალისწინებით შეხედოს. დღესვე დიკ მარტი შეხვდა რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს კონსტანტინ კოსაჩოვს. შეხვედრის შემდეგ მან ჟურნალისტებს აცნობა, რომ 17 იანვარს, პარიზში დაგეგმილ მოსმენაზე ევროსაბჭომ სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები არ მიიწვია.
XS
SM
MD
LG