Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა, 21 დეკემბერი 2010

  • ნიკო ნერგაძე

ქართული გაზეთები დღეს ბევრს წერდნენ ინტერნეტსაიტ „პრესა.გეს“ შესახებ. ”რეზონანსმა” გვაუწყა: "საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საინფორმაციო-პოლიტიკური ინტერნეტგამოცემა "პრესა.გე", რომელიც ხელისუფლებისადმი მკვეთრი კრიტიკით გამოირჩეოდა, ჟურნალისტების მთელმა შემადგენლობამ ახალ ხელმძღვანელთან დაპირისპირების გამო დატოვაო.” გაზეთი წერს, რომ წამოსვლის მიზეზი გიორგი კაპანაძის გეგმები იყო, რომელიც ცდილობდა გამოცემა პროსახელისუფლებო გამხდარიყო. ”თავად კაპანაძე, რომელიც ინტერნეტტელევიზია ITV-სა და "პრესა.გეს" ახალი დირექტორია, ცენზურის ფაქტს უარყოფს და ამბობს, გამოცემა არსებულ კურსს განაგრძობსო", - წერს "რეზონანსი".

ამ ამბის წინაპირობის შესახებ ”ალია” ჰყვება. 2008 წლის შემოდგომაზე „კავკასუს ონლაინის“ მფლობელმა მამია სანადირაძემ საიტის ჟურნალისტები თავისთან მიიწვია და პარტნიორობა შესთავაზა, ორი წლის შემდეგ კი ის საქართველოდან გაიქცა. „კავკასუს ონლაინს“ ახალი მფლობელი ჰყავს. ახალმა ცოცხმა ხელისუფლების შესასვლელი კარგად გამოხვეტა და პრობლემებიც დაიწყოო. ”ალიას” ჟურნალისტმა გია იაკობაშვილმა უთხრა, გიორგი კაპანაძე „რიალ ტივიში“ მუშაობდა, რაც ჩემთვის გარკვეულ ადამიანებთან ასოცირდებაო”. უფრო მეტს ამ ამბის შესახებ დღევანდელ ”ალიასა” და ”რეზონანსში” წაიკითხავთ.

”ალია” ასევე აქვეყნებს დაცვის დეპარტამენტის ინკოგნიტო რესპონდენტის ინტერვიუს. "მე პირადად კერძო ობიექტია და იქ ვარ დაქირავებული, მაგრამ მანამდე ვიტყვი, რომ ჩვენი დეპარტამენტი არის ერთი დიდი "კასა", უზარმაზარი ყულაბა. ამხელა ფული შესდიოდეს სახელმწიფოს, მე სხვა დაწესებულება არ მეგულება. თან ისე, რომ ვერც ვერავინ ედავება. აი, მე ვარ ოფიცერი, ხელფასი მეწერება 1200 ლარი, ობიექტი ამდენს რიცხავს ჩემს ანგარიშზე. ხელზე ვიღებ 350 ლარს და ეს ოფიციალურად! დანარჩენი სად მიდის, კაცმა არ იცის", - უთხრა ანონიმურმა რესპონდნეტმა ”ალიას”.

დანარჩენს რაც შეეხება, გაზეთები დღესაც ბევრს წერდნენ ბურჯანაძისა და ლევან გაჩეჩილაძის ურთიერთბრალდებებზე. თითქმის ყველა გაზეთი წერს ამაზე, ჩვენ ”ახალი თაობიდან” მოგიყვანთ ციტატას: "ნინო ბურჯანაძემ ტელედებატებში გამოიწვია გაჩეჩილაძე. თუმცა "ქართულ პარტიაში" აცხადებენ, რომ ტელედებატებში ბურჯანაძეს თავად გაჩეჩილაძე იწვევს. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მათ პარტიაში ერთადერთი პოლიტიკოსი იყო ლევან გაჩეჩილაძე, რომელიც ნინო ბურჯანაძეს ლობირებდა. თუმცა სანამ "ქართული პარტია" შეიქმნებოდა, ოქრუაშვილი მზად იყო, ნინო ბურჯანაძე გამხდარიყო ახალი პარტიის თავმჯდომარე. ახლა ჯერი "ქართულ პარტიაზეა". რა იქნება საპასუხო დარტყმა ნინო ბურჯანაძისა და ბადრი ბიწაძის წინააღმდეგ, ჯერ უცნობია", - წერს ”ახალი თაობა”.
XS
SM
MD
LG