Accessibility links

"ვედომოსტი" 2010 წელს აჯამებს. მთავარ მოვლენათა სიაში ხვდება: მედვედევის მიერ ტვიტერის ექაუნთის გახსნა, ტელეომი რუსეთ- საქართველოს შორის, კაჩინსკების ტრაგიკული სიკვდილი, ჟურნალისტ ოლეგ კაშინის სასტიკი ცემა, მოსკოვის მერის გადადგომა, რუსეთის მიერ მომავალი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლობა, მანეჟის მოედანზე მომხდარი შეტაკებები. მოდით, ამ უკანასკნელზე შევჩერდეთ.

"ნაპატიებ ფაშიზმზე"- ჰქვია მაქსიმ კანტორის სტატიას, რომელიც,"ნოვაია გაზეტაშია" გამოქვეყნებული და რომელშიც მოვლენები ცოტა უჩვეული კუთხითაა დანახული. კანტორი ვარაუდობს, რომ ფაშისტური მიდრეკილებანი სოციალური კავშირების დარღვევამ გამოიწვია. ავტორი ერთ მხარეს სოციალიზმს აყენებს, მეორე უკიდურესობის რანგში კი ფაშიზმი აჰყავს, შუა ფენა დემოკრატიაა. მაგრამ დემოკრატიამ ვერ შეძლო გაეხარაო, რადგან ის სოციალური ელემენტი, რომელიც დემოკრატიის განვითარებას სჭირდება, უკუგდებული იყო როგორც სოციალიზმის ანარეკლიო, წერს ავტორი.

როცა ვამბობ, რომ უსამართლო „პრიხვატიზაციით“ მმართველი ელიტა შეიქმნა, მეუბნებიან, რა, შენ ლაგერები გენატრებაო? საბჭოეთი გენატრებაო? სოციალიზმთან ბრძოლის სახელით რუსეთში ახალი ელიტები ჩამოყალიბდა, თუმცა სოციალური ბალანსის გარეშე მიმდინარე კონკურენციაშიო. კონკურენცია კი ასეთ შემთხვევაში ყალბია და ქმნის იმას, რასაც ავტორი "ფეოდალურ კაპიტალიზმს" უწოდებს. "ფეოდალური კაპიტალიზმი" თავს ანტისოციალისტური იდეებით იმართლებს და ფარად დემოკრატიულ რიტორიკას იყენებსო. რა იყო სოციალიზმიო? - გვეუბნებიან ელიტებიო, წერს ავტორი, - თანასწორობა? ვნახეთ ხომ, ამან რა მოგვიტანაო, ამ შემთხვევაში კი ჩვენ გვაქვს კონკურენცია და კონკურენციაში კი, ბუნებრივია, ძლიერი იმარჯვებსო, ეს არ გვინდოდაო? კითხულობს ავტორი და თავადვე პასუხობს:

”აგერ, ბატონო, წამალი სოციალიზმის წინააღმდეგო, გვითხრეს (თუმცა არავის მიუწერია რეცეპტზე, რომ გვერდითი ეფექტი ფალსიფიცირებული აუქციონები იყო). ამიტომაც საზოგადოებამ წამალი ჩაყლაპა.”

კანტორის აზრით, მმართველმა ელიტებმა "ანტისოციალისტური მედიკამენტი" დიდი დოზებით მიიღეს. არ გეყოფათ, კიდევ გადაყლაპეთო. ამან კი, ავტორის აზრით, არა სოციალიზმი, არამედ თავად სოციუმის იდეა და, შესაბამისად, მასზე დაშენებული დემოკრატია დაამარცხაო.

კანტორის აზრით, დიდი დოზებით მიღებულმა ანტისოციალისტურმა მედიკამენტმა საზოგადოების სოციალური იმუნიტეტი დაასუსტა და ამ ფონზე მას ფაშიზმი ადვილად შეეყარა:

”საზოგადოება დღეს ავადაა სოციალური იმუნოდეფიციტით[...]. ასეთ პირობებში საზოგადოება ნებისმიერ დაავადებას ადვილად აიკიდებს და პირველივე ვირუსი ფაშიზმი აღმოჩნდა.”

ფაშიზმი ის იდეაა, რომელიც დემოკრატიის უნარის არმქონეთ კომუნიზმს დაუპირისპირეს როგორც ნაკლებად საშიში ფენომენიო, წერს კანტორი.

”ფაშიზმი ხომ - არც მეტი, არც ნაკლები - ლეგიტიმური უთანასწორობაა. ფაშიზმი სხვა არაფერია, თუ არა უთანასწორობა, განმტკიცებული კანონმდებლობით და არჩევნებით.”

ანტისოციალისტურმა ტალღამ, ამბობს კანტორი, მოიტანა ის, რომ, როგორც კი სოციალურ პროგრამაზე საუბარს იწყებ, მაშინვე მემარცხენეს გეძახიან და გრიყავენო. ამ პირობებში კი, კანტორის აზრით, ნამდვილი სოციალური იდეები, უბრალოდ, გაქრა. რჩება მხოლოდ მმართველთა კეთილი ნების იმედიო. თუ საჭირო გახდება, საავადმყოფოსაც აგვიშენებს გულმოწყალე ბატონიო, მაგრამ საავადმყოფოები თუ სკოლები, კანტორის აზრით, არა ბატონის კეთილი ნება, არამედ სოციუმში ინდივიდის მოცემული უფლებაა.
XS
SM
MD
LG