Accessibility links

logo-print

კონტროლის პალატა 2011 წლის 10 პრიორიტეტს ასახელებს


საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი

საქართველოს კონტროლის პალატამ შეიმუშავა განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხა, რომელიც 10 პუნქტისაგან შედგება. როგორც კონტროლის პალატის განცხადებაშია აღნიშნული, ნუსხაში შესულია ყველა ის ღონისძიება ან პროგრამა, რომელსაც სახელმწიფოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ნუსხა ხუთი კრიტერიუმის მიხედვით შედგა:

დიდი მოცულობის ხარჯები, არასწორი მართვის კრიტერიუმები, თაღლითობა და უფლებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, სისტემური რეფორმის საჭიროება და, ბოლოს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი - ამ კრიტერიუმებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, აკმაყოფილებენ ის უწყებები, რომელთა პროგრამები და ღონისძიებებიც კონტროლის პალატის განსაკუთრებული საჯარო ინტერესის ნუსხაში მოხვდა. განსაკუთრებული ინტერესის ნუსხა 21 დეკემბერს ჟურნალისტებს კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა, წარუდგინა. როგორც ის აღნიშნავს, თითოეული პრიორიტეტი საფუძვლიანი შესწავლისა და მათში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დარღვევების შემდეგ გამოიკვეთა:

”ეს არის იმ პროგრამებისა და უწყებების ჩამონათვალი, სადაც, ამ კრიტერიუმების არსებობის შემთხვევაში, ესა თუ ის უწყება ან კონკრეტული სფერო იქნება ჩვენი და საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის საგანი. ჩვენ შევიმუშავეთ ის ათი პრიორიტეტი, რომლებიც საფუძვლად დაედება 2011 წლის კონტროლის პალატის სამოქმედო გეგმას”, - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ძალიან გართულდა თბილისის მერიისაგან კონკრეტული ინფორმაციის მიღება...
2011 წლის კონტროლის პალატის სამოქმედო გეგმა კი საკმაოდ მსუყედ გამოიყურება. მივყვეთ ჩამონათვალს: სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით წარმართული ჯანმრთელობის დაზღვევის პროგრამები, სოციალური უზრუნველყოფისა და დახმარების სისტემის მართვა, სამედიცინო მომსახურების პროგრამები, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, სოფლის მეურნეობის, თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების მართვა - ეს იმ პრიორიტეტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მიხედვითაც კონტროლის პალატამ 2011 წელს უნდა იმოქმედოს.

თუმცა არის კიდევ ერთი სფერო, სადაც კონტროლის პალატა მონიტორინგის ინტენსიურ გაგრძელებას გეგმავს - ეს თბილისის თვითმმართველობის სისტემა გახლავთ.

”ხშირად გაისმის კითხვა: რა ხდება თბილისის ბიუჯეტში?.. ამიტომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მერიის მიერ დახარჯული თანხების კონტროლი იქნება. ჩვენ წინასწარი მონიტორინგის შედეგად გამოვავლინეთ საკმაოდ პრობლემატური საკითხები. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კონტროლის პალატაში შეიქმნას სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეული, რომელიც იმუშავებს მხოლოდ და მხოლოდ თბილისის ბიუჯეტის კონტროლზე”, - აღნიშნავს ლევან ბეჟაშვილი.

კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ეკონომიკის ექსპერტი, დავით ნარმანია, იმ ე.წ. მეექვსე კრიტერიუმზე საუბრობს, რომელიც კონტროლის პალატის ხუთი კრიტერიუმის თანმდევი უნდა გახდეს. ეს ინფორმაციის გამჭვირვალობასთან დაკავშირებული პრობლემებია, რომელიც, მისი თქმით, თითქმის ყველა სტრუქტურაში არსებობს, თუმცა განსაკუთრებული სიმწვავით სწორედ თბილისის მერიაში ვლინდება.

”საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ძალიან გართულდა თბილისის მერიისაგან კონკრეტული ინფორმაციის მიღება, რაც მოწმობს იმას, რომ ამ უწყებაში ყველაფერი რიგზე არ უნდა იყოს”, - ამბობს დავით ნარმანია.

როგორც დავით ნარმანია ვარაუდობს, კონტროლის პალატის მიერ ჩამოთვლილი პრიორიტეტების შემდეგ, შესაძლებელია, საჯარო ინტერესების ნუსხაში შესულმა უწყებებმა მუშაობის პრინციპი შეცვალონ, რაც ლოგიკურად მომავალში დარღვევების ნაკლებ რიცხვზე უნდა აისახოს. თუმცა, მისივე თქმით, პირველ რიგში კონტროლის პალატამ საზოგადოებას გასულ წლებში ჩატარებული მუშაობის შედეგების სრული ანგარიში უნდა წარუდგინოს.

კონტროლის პალატის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის აუცილებლობაზე საუბრობს ეკონომიკის საკითხების დამოუკიდებელი ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძეც. როგორც ის ამბობს, კონტროლის პალატის მუშაობის შედეგები საზოგადოებისათვის ამ ეტაპზე უცნობი რჩება, ასევე გაურკვეველია მისთვის, არის თუ არა კონტროლის პალატა მუშაობის პროცესში სრულიად დამოუკიდებელი.

”დღევანდელი კონტროლის პალატის საქმიანობა პრაქტიკულად საზოგადოებისათვის არ არის ცნობილი. რა თქმა უნდა, ის რაღაც ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ერთია, როდესაც შეგიძლია იმოქმედო დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით და მეორეა, თუ როგორ ასრულებ მოვალეობას და რა ინფორმაციასა და შედეგებს დებ საქმიანობის პროცესში. შედეგები ყველაზე კარგად უნდა იძლეოდეს პასუხს კითხვაზე, არის თუ არა რომელიმე ორგანო თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას თავისუფალი”, - ამბობს დემურ გიორხელიძე.

კონტროლის პალატის თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი, კითხვაზე, თუ როგორ აფასებს უკვე თითქმის გასული 2010 წლის მუშაობას, საკმაოდ ზოგად პასუხს იძლევა და ამბობს, რომ ისინი იყვნენ ეფექტიანნი: მათი მუშაობის შედეგად რამდენიმე ათეული მილიონი ლარით შეივსო საქართველოს ბიუჯეტი; გამოვლინდა რამდენიმე კორუფციული სქემა; შვედ კოლეგებთან ერთად საქართველოში დაინერგა ფინანსური აუდიტის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მქონე მეთოდოლოგია; შეიქმნა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი.
XS
SM
MD
LG