Accessibility links

logo-print

2010 - ყველაზე მძიმე წელი კონფლიქტის ზონის სოფლებისთვის


ომის დროს დაზიანებული სახლი ერგნეთში

ომის დროს დაზიანებული სახლი ერგნეთში

2010 წელი ყველაზე მძიმე ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართული სოფლებისთვის იყო. ამას აღიარებს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია.

ცხინვალის მოსაზღვრე სოფლებში პრობლემა კოკოითის ხელისუფლების მიერ გადაკეტილმა სარწყავმა არხებმა შექმნა. გვალვიან ზაფხულში ათასობით ჰექტარი მიწა მოურწყავი, ადგილობრივი მოსახლეობა კი უმოსავლოდ დარჩა. ამის გამო მათი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

ხელისუფლებამ სოფელ ზემო ნიქოზთან ალტერნატიული წყალსაცავი გააკეთა, მაგრამ ამან პრობლემა ბოლომდე ვერ მოაგვარა. წყალსაცავის ზემოთ დარჩენილმა სოფლებმა წყალი მაინც ვერ მიიღეს. ერგნეთის მცხოვრებ ლია ჩლაჩიძის თქმით, მისმა თანასოფლელებმა უმძიმესი წელი გადაიტანეს.

შემოდგომით ხელისუფლებამ დაზარალებულ სოფლებში შეშა და ფქვილი კი შეიტანა, მაგრამ, ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ეს საკმარისი არ არის.

ადგილობრივი ხელისუფლება გასულ წელს წარმატებულს უწოდებს. საარჩევნო წელს ნაციონალური მოძრაობა თვითმმართველობაში უმრავლესობით მოვიდა. რეგიონის ვიცე-გუბერნატორი ზურაბ ჩხეიძე ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში გასაკეთებელი კიდევ ბევრია. შვებას ადგილობრივი მოსახლეობა მომავალი წლის პირველ ნახევარშივე იგრძნობს, რადგან სარწყავი წყლის პრობლემა მთლიანად მოგვარდება.

ოპოზიციას ხელისუფლების დაპირებების არ სჯერა. ეროვნული ფორუმის რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერის თქმით, ხელისუფლებას კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთა პრობლემები ნაკლებად ადარდებს და ფინანსების დიდ ნაწილს ეგრეთ წოდებულ ფასადურ პროექტებზე ხარჯავს.

სოფლად და ქალაქად მცხოვრებლებიც ერთხმად აღიარებენ, რომ მთავარ პრობლემად დასაქმების პრობლემა რჩება და ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს პროექტების განხორციელება, ხელისუფლება კი, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ მომავალი წელი 2010-ზე ბევრად უკეთესი იქნება.
XS
SM
MD
LG