Accessibility links

logo-print

რატომ წაუყენეს ბრალდება იულია ტიმოშენკოს?


კიევი: იულია ტიმოშენკო ჟურნალსიტებს ესაუბრება პროკურატურასთან, სადაც მისთვის წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მივიდა

კიევი: იულია ტიმოშენკო ჟურნალსიტებს ესაუბრება პროკურატურასთან, სადაც მისთვის წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით მივიდა

უკრაინაში ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობის ბრალდება წაუყენეს ოპოზიციის ლიდერ იულია ტიმოშენკოს. ბრალდება უკავშირდება მის საქმიანობას პრემიერ-მინისტრის პოსტზე და 400 მილიონ დოლარზე მეტის არამიზნობრივ ხარჯვას, რასაც ტიმოშენკო კატეგორიულად უარყოფს.

იულია ტიმოშენკოსათვის წაყენებული ბრალდებები უკავშირდება სახელმწიფო ფონდების ხარჯვას, პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2007-2010 წლებში მისი საქმიანობისას. პროკურორები აცხადებენ, რომ მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა ფული, რომელიც სათბურის აირების ემისიის უფლების გაყიდვის შედეგად ჰქონდა მიღებული, საპენსიო ფონდის შესავსებად გამოიყენა.

სათბურის აირების ემისიის უფლებას რაც შეეხება, კლიმატური ცვლილებების შესახებ კიოტოს ოქმით, რომელიც ხელმომწერი ქვეყნებისთვის სათბურის აირების ემისიის (ანუ, ატმოსფეროში გაფრქვევის) კონკრეტულ ზღვრებს ითვალისწინებს, ბიზნესმენები მთავრობას უხდიან ფულს ნახშირორჟანგის ემისიის უფლების მისაღებად. ამ გზით მიღებულ ფულს მთავრობები იყენებენ ემისიების შემცირებისაკენ მიმართული ძალისხმევის დასაფინანსებლად.

უკრაინის შემთხვევაში, ამჟამინდელი, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლების დავალებით ჩატარებულმა აუდიტმა დაადგინა, რომ ტიმოშენკომ არამიზნრობრივად დახარჯა ეს შემოსავალი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც წლევანდელი თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში მცირე უპირატესობით დაამარცხა იანუკოვიჩმა, გადაჭრით უარყოფს ბრალდებას - აცხადებს, რომ ის პოლიტიკურად არის მოტივირებული.

ორშაბათს ტიმოშენკომ კიევში განაცხადა, რომ სურს მიმართოს პირადად ვიქტორ იანუკოვიჩს იმის სათქმელად, რომ არ ეშინია. „არც მე, არც ხალხს, რომელიც აქ არის მოსული ჩემს მხარდასაჭერად და არც მილიონობით უკრაინელს - არ გვეშინია. თქვენ უნდა გეშინოდეთ. და ამ შიშის გამო ურტყამთ ხალხს, ამცირებთ, ხოცავთ და ციხეში აგზავნით. მაგრამ ეს თქვენ ვერ გადაგარჩენთ“, განაცხადა ტიმოშენკომ.

ტიმოშენკო ირწმუნება, რომ შემოსავალი, რომელიც კიოტოს ოქმით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად მოგროვდა, არ იხარჯებოდა, რომ 320 მილიონი ევრო არ დახარჯულა არამიზნობრივად, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მმართველობის წლებში.

ტიმოშენკოსთვის ბრალდების წაყენებამდე, დაიწყო გამოძიება გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრ გეორგი ფილიპჩუკისა და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ იური ლუცენკოსთვის წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით. ხოლო ყოფილი ეკონომიკის მინისტრი, ბოგდან დანილიშინი დააპატიმრეს, ორ მილიონამდე დოლარის გაფლანგვის ბრალდების საფუძველზე.

პოლიტოლოგი იური იაკიმენკო სამართლებრივი დევნის ტალღას მიაკუთვნებს პრეზიდენტ იანუკოვიჩის მცდელობას, საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს მტკივნეული ზომებიდან, რომლებსაც ეკონომიკის სფეროში მიმართა მისმა მთავრობამ: „მთავრობა დგას ახალი, არაპოპულარული გადაწყვეტილებების წინაშე - საქმე ეხება საპენსიო რეფორმას, შრომის კოდექსს. იმავდროულად, ის მხარდაჭერას კარგავს, ხალხში უკმაყოფილება მატულობს. შესაბამისად, საჭირო ხდება ყურადღების გადატანა ყოფილ პოლიტიკურ გუნდსა და მის ხელმძღვანელობაზე - როგორც მთავარ დამნაშავეებზე იმაში, რაც ახლა ხდება“.

მაგრამ პოლიტოლოგ მიხაილ პოგრებინსკის შეფასებით, ძნელი წარმოსადგენია, საზოგადოებამ მართლაც დაიჯეროს, რომ ტიმოშენკოს და მისი გუნდის წევრებისთვის წაყენებული ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებული არ არის.

„ამჟამინდელი მთავრობა ცდილობს ოპოზიციის მთავარი ლიდერის დისკრედიტაციას იმ ფაქტის მიუხედავად, რომ ის ბოლო დროს ისედაც კარგავს მხარდაჭერას. შეუძლებელია უკრაინელები დაარწმუნო, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა. თუმცა, ხელისუფლება სწორედ ამას აკეთებს. ალბათ, ყველაფერი დამთავრდება პირობითი სასჯელით“, - ამბობს პოგრებანსკი. მისი აზრით, თუ ტიმოშენკოს დააპატიმრებენ, მას საუცხოო შანსს მისცემენ საიმისოდ, რომ დაიბრუნოს მხარდაჭერა და ტრიუმფით დაუბრუნდეს პოლიტიკურ სარბიელს.
XS
SM
MD
LG