Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმაური "დინამოს" კორტების გარშემო


საპროტესტო აქციაზე წარმოდგენილი კორტების ფოტო
საპროტესტო აქციაზე წარმოდგენილი კორტების ფოტო
თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე ჩოგბურთის კორტები თვეზე მეტია დაკეტილია. კორტების ადგილას ტერიტორია გაჩეხილია და ახალი მშენებლობისათვის მზადდება. "დინამოს" საწვრთნელი ბაზა დროებით ორთაჭალაში გადაისროლეს, თუმცა სიშორის გამო იქ ბავშვების ნახევარიც აღარ დადის. ქალაქის ამ რეკრეაციული ზონის განადგურებას კი არასამთავრობო ორგანიზაციები და რამდენიმე პოლიტიკური პარტია აპროტესტებენ. მორიგი საპროტესტი აქცია მერიასთან 22 დეკემბერს გაიმართა. ხელისუფლება კი ამბობს, რომ ცხრა თვეში დინამოს კორტების ნაცვლად თბილისს ახალი, სუპერთანამედროვე საჩოგბურთო კომპლექსი ექნება.

იმ ადგილს, სადაც თბილისის ყველაზე ცნობილი ჩოგბურთის კორტები იყო, ეს სახელი, ალბათ, კიდევ დიდხანს შერჩება. თუმცა თავად კორტები იქ აღარ იარსებებს. საწვრთნელი ბაზა ცოტა ხნის წინ დახურეს, ბავშვები დაითხოვეს, თანამშრომლები უკან გამოაბრუნეს.

”გამოგვყარეს, სადისტებივით გვექცეოდნენ. მეორე დილით რომ მივედით, საერთოდ კარი აჭედილი დაგვხვდა”, - იხსენებს ერთი თვის წინანდელ ამბავს დინამოს კორტების ერთ-ერთი მწვრთნელი, თეა მუჩაიძე.

როცა ამ ინტერვიუს ვიწერთ, ის დარჩენილ მოსწავლეებს ორთაჭალაში ავარჯიშებს, სადაც დროებით დაუთმეს ტერიტორია. სანამ სახელმწიფო დაპირებული ახალი კომპლექსის აშენებას არ დაასრულებს, 8-9 თვე სწორედ აქ, ისნის დასახლებაში, 5 დეკემბრის ქუჩაზე მოუწევთ ვარჯიში. თეა მუჩაიძე ჩივის, რომ შვიდი-რვა წლის ბავშვები, რომლებიც კორტების მახლობლად ცხოვრობდნენ, ასე შორს ჩოგბურთზე ვეღარ ივლიან:

”ბავშვები დაიფანტნენ. ასი ბავშვიდან ამ ბაზაზე ხუთი ბავშვი წამოვიდა. შორსაა ძალიან და, მით უმეტეს, 5 დეკემბრის ქუჩაზე ვინ ივლის საღამოს 7-8 საათზე”.

თანამედროვე საჩოგბურთო კომპლექსი შენდება, რომელიც საცურაო აუზ ”ოლიმპიკის” ტერიტორიაზე განთავსდება და 2011 წლის ზაფხულისათვის დასრულდება ...
მარტივი მოკვლევით გამოიკვეთა, რომ კორტების გასხვისების ამბავი ძალიან ბუნდოვანია, მასში ბევრი ადამიანის ინტერესია ჩადებული და ამ სიუჟეტით ყველა კითხვას პასუხს ვერ გავცემთ. თუმცა რადიო თავისუფლება მაინც შეეცადა რამდენიმე კითხვის პასუხი ეპოვა. ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლეილა მესხს, ვკითხეთ, როგორ მოხდა, რომ კორტები ერთ მშვენიერ დღეს გასხვისებული აღმოჩნდა და ამას წინ ვერავინ აღუდგა, ან სად იყო ამ დროს ჩოგბურთის ფედერაცია. ლეილა მესხი მოგვითხრობს, რომ კორტების მფლობელები, აქციონერები ჯერ კიდევ 1995 წელს დინამოს კორტებზე მომუშავე ადამიანები გახდნენ. შემდეგ მათ ეს აქციები გაყიდეს. შემდეგ კიდევ ახალი მფლობელი გამოჩნდა, ვის ხელშიც ყველა აქცია აღმოჩნდა:

”შემიძლია ვთქვა, რომ ვადანაშაულებ ”ჩოგბურთის სამყაროს” ხალხს, რომლებმაც ეს აქციები თავისი სურვილით გაყიდეს და კორტები კერძო საკუთრება გახდა, ვის საქმიანობაში ჩარევის უფლებაც ფედერაციას, უბრალოდ, არა ჰქონდა”.

ფაქტია, კორტების ტერიტორია ახლა სხვისია. სახელმწიფომ ამ სიტუაციაში გადაწყვიტა საკუთარი ხარჯებით ახალი კომპლექსი აეშენებინა:

”თანამედროვე საჩოგბურთო კომპლექსი შენდება, რომელიც საცურაო აუზ ”ოლიმპიკის” ტერიტორიაზე განთავსდება და 2011 წლის ზაფხულისათვის დასრულდება. ყველა ბავშვი თავისი მწვრთნელით სწორედ ამ დროისთვის გადავა ახალ კომპლექსში. იქ იქნება სამი დახურული და ცხრა ღია კორტი და, ცხადია, აღიჭურვება სუპერ-თანამედროვე ინფრასტრუქტურით”, - განმარტავს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესცენტრის წარმომადგენელი, გიორგი ჭანიშვილი.

საპროტესტო აქცია თბილისის მერიასთან
კორტების ტერიტორიის გასხვისებამ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ”თბილისის ჰამქარის” წარმომადგენელი ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, კიდევ ერთი პრობლემა წარმოშვა: დაზიანდა ქალაქში რეკრეაციული ზონა.

”ეს არის რეკრეაციული ზონა და, სულ მცირე, ეს სტატუსი უნდა მოუხსნა, თუ რამეს უპირებ. ეს კიდევ ცალკე დავის საგანია - რატომ უნდა მოუხსნა, როცა ასეთი ადგილი გაქვს შუა ქალაქში. 180 ხე მოჭრეს. ვინც ეს გააკეთა, ციხეში უნდა იჯდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ქალაქის ცენტრში არსებულ კორტებზე, რომელიც ლავრენტი ბერიას დროს, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გააკეთეს. რატომ უნდა ააშენო ამ ადგილას მაინცდამაინც რაღაც შენობა? და კონკრეტულად კი, როგორც ვიცი, საჯარო რეესტრის შენობა, რომლის აშენებასაც თავიდან ორთაჭალაში გეგმავდნენ?”

ალექსანდრე ელისაშვილთან ერთად კორტების ე.წ. ბაღის გაჩეხის ფაქტს მერიასთან კონსერვატორი ლაშა ჩხარტიშვილიც აპროტესტებდა, რომელმაც მომხდარი პირდაპირ ეკოციდად შეაფასა.

იმის გასარკვევად, მართლაც შენდება თუ არა საჯარო რეესტრის შენობა კორტების ადგილას, ვინ არის მიწის ახლანდელი მფლობელი, რატომ აიღო თავის თავზე სახელმწიფომ ახალი კორტების მშენებლობა, მერიას მივმართეთ. დაგვპირდნენ, რომ ნახევარ საათში გვიპასუხებდნენ დასმულ შეკითხვებზე, თუმცა, სამწუხაროდ, პასუხი მერიისგან ვერ მივიღეთ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG