Accessibility links

logo-print

დაუბალანსებელი და ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობის მქონე მედია


ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ბასი

დაუბალანსებელი რეპორტაჟები, ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობა, რომელიც ხელისუფლების და ბიზნესის გადაკვეთის საკითხებს გააშუქებდა, შესაძლოა დემოკრატიული პროცესების ხელის შემშლელი იყოს, – ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ჯონ ბასმა, გორში ქართული მედიის შეფასებისას გააკეთა.

ჯონ ბასი გორში ტელეკომპანია “თრიალეთის” ხელმძღვანელებსა და ჟურნალისტებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა ელჩს ბოლო პერიოდში ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის ფაქტების შესახებ უამბეს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ბადრი ნანეტაშვილმა განაცხადა, გორის ცენტრში სტალინის მონუმენტის დემონტაჟისას ნაცემი ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ჯონი ნანეტაშვილის, პოლიციელების მიერ ცემის ფაქტი გამოძიებული არ არის. მან ამერიკის ელჩს ხელისუფლებასთან შუამდგომლობა სთხოვა, რათა ტელევიზიის ჟურნალისტებს ინფორმაციის მოპოვებისას პრობლემები აღარ შეექმნათ.

„საუბარი გვქონდა ჩვენს ტელეკომპანიაზე განხორციელებული სხვადასხვა სახის ზეწოლის შესახებ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ელჩს ვთხოვეთ, შუამდგომლობა გაეწია ხელისუფლებასთან, რათა ნორმალურად ვითანამშრომლოთ; რომ ვიყოთ ობიექტური და სამართლიანი ტელევიზია, რომელიც გააშუქებს როგორც ხელისუფლების გაკეთებულ საქმეებს, ასევე მოსახლეობის პრობლემებს, მოთხოვნებსა და ოპოზიციის მოსაზრებებსაც“, – განაცხადა ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ბადრი ნანეტაშვილმა.

ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს და ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს პირობა მისცა, რომ მათ მიერ მიწოდებულ მასალებს ყურადღებით შეისწავლის და ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს. ჯონ ბასი ადგილობრივ ტელევიზიაში სტუმრობამდე კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში იმყოფებოდა. მან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკა ვაჩეიშვილთან ერთად არბოს წმინდა გიორგისა და ტირძნისის სამების რესტავრირებული ეკლესიები მოინახულა. X-XI საუკუნეების ძეგლებს რესტავრაცია ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის გრანტით ჩაუტარდა. ამისთვის 49 400 დოლარი გამოიყო. ნიკა ვაჩეიშვილის აზრით, ამ ეკლესიების აღდგენას არამარტო კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

ვიზიტის დასასრულს ამერიკის ელჩმა, ჯონ ბასმა, გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძესთან ერთად გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ამერიკის განახლებული კუთხე გახსნა, სადაც ამერიკული წიგნების, ჟურნალებისა და ფილმების მდიდარი კოლექციაა თავმოყრილი.
XS
SM
MD
LG