Accessibility links

logo-print
გაზეთ ”ვერსიის” პირველი გვერდი - ”ბურჯანაძის შურისძიება. ვინ იქნება შემდეგი?!”. რედაქტორის სვეტში უამრავ შეკითხვას ნახავთ: ”იქნებ, აგვისხნას ვინმემ, ვისთვის ან რისთვის ინახავდა გრეჩიხა-სააკაშვილის საიდუმლოს ბურჯანაძეების ოჯახი 3 წელი, რატომ დაუდგა გვერდით გაყიდულ ოპოზიციას ”ქალბატონი პატიოსნება” თუნდაც 2008 წლის აპრილის დღეებში, რატომ აღიარა ლევან გაჩეჩილაძე ლიდერად, როგორ აბარებდნენ აღსარებას ”უცნობს” - გიორგი გაჩეჩილაძეს - საკანში ცალკე ბურჯანაძე და ცალკე ბიწაძე, რისთვის შეხვდა ოქრუაშვილს პარიზში? რატომ ეჯდა საათობით მოლაპარაკებებზე ეროსი კიწმარიშვილს ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბრამდე? გახსოვთ, ალბათ, ეროსის სქემა, ”ნაციონალური მოძრაობის დამხობა მიშასთან ერთად”... თუ არ გახსოვთ, ეროსიც მოაღებს პირს ერთ მშვენიერ დღეს...” - წერს ”ვერსიის” სვეტის ავტორი.

”რეზონანსში” კულტუროლოგ ლელა იაკობიშვილთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”თითქოსდა მართული ინფორმაციული ნაკადებით უკვე თავად მმართველები ზარალდებიან. მოსახლეობა კი უკვე დისტანცირებულია მათგან და ”დაბნეულობას აღარ იმჩნევს”, ”საინფორმაციო სოფლის მშენებლობის” ქაოსში სწორედ რომ კარნავალური ხალისით ებმება და ინფორმაციულ ანარქიას აშენებს. ეს რომ მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ გახლავთ და გაცილებით მასშტაბური პროცესია, უკვე აშკარაა. თუ ძალზე პრეტენზიული არ ვიქნები, ამ მოვლენას მე ”ვიკილიქსის სინდრომს” დავარქმევდი, მის ქართულ ვერსიას კი - ვიკილიქსის ”სექენდ ჰენდ”-ს. ალბათ, შემთხვევითი არ გახლავთ, რომ ის საეკრანო და ბეჭდვითი კომუნიკაცია ერთ ვერსიაში გათამაშდა. ეს კი უკვე მართლა სამეცნიერო ანალიზის სფეროა და საგაზეთო ინტერვიუს საზღვრებს სცილდება”, - ამბობს ლელა იაკობიშვილი ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”ახალი თაობა” 21 დეკემბერს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე წერს. დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილეს დავით მალაზონიას გაზეთის კორესპონდენტისთვის უთქვამს: ”18 წელია, რაც დასავლეთის კურსი ავირჩიეთ. მე ვცხოვრობდი გაგრაში, არაჩვეულებრივ მხარეში, კარგი ბუნება, კარგი სახლ-კარი. ერთი სიტყვით, ბედნიერად ვცხოვრობდი ჩემს ოჯახთან ერთად. ერთი სიტყვა რომ მეთქვა, მინდა რუსეთი და არა დასავლეთი, მერწმუნეთ, მე დღეს ჩემს სახლში ვიქნებოდი. ყველაფერი შევწირე, ჩემი სახლ-კარი, მთელი ჩემი ქონება, ჩემი ოჯახი, ჯანმრთელობა, წინაპრების საფლავები იმისათვის, რომ გვენახა დასავლეთის ღირებულებები. ამიტომ მივმართავთ ამერიკას, ამერიკის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს, რომ ეს ღირებულებები 18 წელია ჩვენამდე ვერ მოვიდა. აგვიხსნას ბატონმა ელჩმა რაშია საქმე?!”

”საქართველოს რესპუბლიკაში” ერთ-ერთი ავტორი 1991 წლის დეკემბრის მოვლენებს იხსენებს სტატიაში, სათაურით ”როგორ დაიწყო ‘დემოკრატიული რევოლუცია’ ”: ”1991 წლის დეკემბრისთვის გარედან ინსპირირებული დესტაბილიზაცია უმაღლეს ფაზაში შევიდა. 21 დეკემბრის ღამეს პირველ სკოლასთან ტარდებოდა ე.წ. ოპოზიციის მიტინგი. მათ ძლიერი მიკროფონი ჰქონდათ და კარგად გვესმოდა უკიდურესად აღგზნებული თენგიზ სიგუას მუქარა. იმავე 21 დეკემბრის ღამეს მთავრობის სასახლის მოედანზე გაიმართა მიტინგი, სადაც ბატონმა ზვიადმა წინასწარმეტყველური სიტყვა წარმოთქვა! აღნიშნა, რომ არეულობა მოსკოვიდან იმართებოდა და ბნელი ძალების უკან ე. შევარდნაძე იდგა!” - წერს ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი.

”24 საათი” საქართველოს შავიზღვისპირეთის პერსპექტივაზე წერს: ”ქართველი არქიტექტორები საქართველოს შავიზღვისპირეთის მომავალს ორი სტრატეგიული დერეფნის განვითარების სახით განიხილავენ - ინდუსტრიული და ტურისტული. ინდუსტრიული დერეფანი ფოთი-თბილისის დამაკავშირებელ ღერძს წარმოადგენს, რომლის მთავარი ქალაქი ფოთია, ხოლო ტურისტული დერეფანი, რომელიც ფოთს ბათუმთან აკავშირებს, ფაქტობრივად, მთელ სუბტროპიკულ სანაპიროს მოიცავს და მისი მთავარი ქალაქია ბათუმი.” - ”24 საათში“ გამოქვეყნებული ამ სტატიის სათაურია ”როგორი გვინდა იყოს ზღვისპირა ქალაქები”.
XS
SM
MD
LG