Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიპლომატების გაძევება ბრიტანეთსა და რუსეთს შორის კავშირებს არ ავნებს


ბრიტანეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები: უილიამ ჰეიგი და სერგეი ლავროვი
ბრიტანეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები: უილიამ ჰეიგი და სერგეი ლავროვი
რუსეთმა „არამეგობრული“ ჟესტი უწოდა ბრიტანეთიდან მისი დიპლომატების ჯაშუშობის ბრალდებით გამოძევებას. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა და დასძინა, რომ მის ნაბიჯს რუსეთმა ანალოგიური ქმედებით უპასუხა. თუმცა, როგორც ჩვენი შემდეგი სიუჟეტიდან შეიტყობთ, სულ მცირე, ერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ დიპლომატთა გაძევება გავლენას არ იქონიებს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, რომელშიც ზოგადი გაუმჯობესება შეინიშნება:

ბრიტანეთმა სამშაბათს, 21 დეკემბერს, განაცხადა, რომ ქვეყანაში მოქმედი რუსი დიპლომატი სამშობლოში იქნა გაბრუნებული მას შემდეგ, რაც მისი ქვეყნიდან გაძევება თვის დასაწყისში საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა.

სამინისტროს განცხადებით, არსებობს რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ბრიტანეთის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედების აშკარა მტკიცებულება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატის გაძევებას „უსაფუძვლო“ და „არამეგობრული“ ჟესტი უწოდა.

პასუხად, რუსეთმა ანალოგიური ნაბიჯი გადადგა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე თვეში რუსეთიდან ერთი ბრიტანელი დიპლომატი დაბრუნდა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა უარყო ცნობა, რომ ეს რუსეთიდან გამოძევებული დიპლომატი დაზვერვაში მუშაობდა. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციამ მისი სიტყვები გაავრცელა: „ჩვენ კვლავ ღია ვართ რუსეთთან - ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანასთან - უფრო პროდუქტიული ურთიერთობისთვის, რომელიც ჩვენი კანონების პატივისცემაზე იქნება დაფუძნებულიო.“

ბიბისის ინფორმაციით, დიპლომატების გაძევება არ უკავშირდება კატია ზატულივეტერის გახმაურებულ საქმეს. ზატულივეტერი ბრიტანეთის პარლამენტში მკვლევრად მუშაობდა და ის ახლახან რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. ზატულივეტერი ამჟამად დაკავებულია, რის გამოც რუსეთმა ბრიტანეთს „ჯაშუშომანიაში“ დასდო ბრალი.

მიმდინარე თვეში მომხდარი დიპლომატების გაძევება პირველი სერიოზული ინციდენტია 2006 წლის შემდეგ, როცა ორი ქვეყნის ურთიერთობამ ცივი ომის პერიოდის მსგავს დაძაბულობას მიაღწია ლონდონში კაგებეს ყოფილი აგენტის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, სასიკვდილო მოწამვლის შედეგად. ბრიტანეთში ბევრი თვლის, რომ ამ, კრემლის კრიტიკით ცნობილი ფიგურის მკვლელობის უკან რუსეთის მთავრობა იდგა.

იმავე წელს, ამ ამბებამდე ცოტა ხნით ადრე, მოსკოვმა ბრიტანელ დიპლომატებს ჯაშუშობაში დასდო ბრალი, მაღალი ტექნოლოგიით დამზადებული ქვის გამოყენებით.

მაშინ კრემლის მომხრე ახალგაზრდულმა ჯგუფმა მოსკოვში ბრიტანეთის ელჩის წინააღმდეგ აქციები გამართა. კრემლმა ბრიტანეთის მთავრობის კულტურული სააგენტოს, ბრიტანეთის საბჭოს რამდენიმე ოფისი დახურა.

თუმცა მას შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობა თანდათან გაუმჯობესდა, რაც გასულ ოქტომბერს მოსკოვში ჰეიგის ჩასვლითაც გამოიხატა. ლიტვინენკოს საქმის შემდეგ ბრიტანეთ-რუსეთის კავშირებში ეს ყველაზე მაღალი რანგის მოვლენა იყო.

მოსკოვში განთავსებული აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ვიქტორ კრემენიუკი ამბობს, რომ კავშირების გაუმჯობესების ამ ტენდენციაზე მიმდინარე მოვლენები არ იქონიებს გავლენას, რუსეთის მხრიდან პასუხის და ბრიტანელი დიპლომატის გაძევების მიუხედავად: „ცივი ომის წლებში ამგვარ საკითხებს ძალიან მტკივნეულად აღიქვამდნენ, მაგრამ ახლა ეს ჩვეულებრივ, რიგით მოვლენებად იქცა. ბრიტანელები ვიღაცას აძევებენ, ჩვენც იმასვე ვაკეთებთ და შემდეგ ვმშვიდდებით.“

კრემენიუკის აზრით, ბრიტანეთი განსაკუთრებით არის დაინტერესებული ურთიერთობის გაუმჯობესებით, იმიტომ რომ არ სურს გამოეთიშოს უფრო ფართო პროცესს მაშინ, როცა რუსეთისა და გერმანიის თუ სხვა ევროპული ქვეყნების კავშირები სულ უფრო მტკიცე ხდება: „ბრიტანეთი თვლის, რომ ამერიკის ერთგულ მოკავშირედ ყოფნა უკვე აღარ არის საკმარისი და რომ მან გარკვეული დამოუკიდებლობის ხარისხიც უნდა აჩვენოს. ჩემი შთაბეჭდილებით, ახალ, კონსერვატიულ მთავრობას თავისი გამორჩეულობის დემონსტრირება სურს, ლეიბორისტულ მთავრობაზე უფრო მეტად.“

გასულ თვეში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ მომავალ წელს მოსკოვში ჩასვლას გეგმავს.

სიუჟეტის ბოლოს ერთ ცნობასაც მოგაწვდით, რომელიც ბრიტანეთ-რუსეთს არა, მაგრამ ჯაშუშებთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ ამბებს უკავშირდება. რუსეთში მმართველ პარტია „ედინაია რასიასთან“ დაკავშირებულმა ერთ-ერთმა ახალგაზრდულმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მათი ერთ-ერთი ლიდერი ანა ჩეპმენი გახდება. ჩეპმენი ერთ-ერთია იმ ათი პირიდან, რომელთაც რამდენიმე თვის წინ აშშ-ში დასდეს ჯაშუშობაში ბრალი და ქვეყნიდან გამოაძევეს.
XS
SM
MD
LG