Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის სჭირდება გალის რაიონის ძველი ადმინისტრაციული საზღვრების აღდგენა


გალის რაიონი
გალის რაიონი
გალის რაიონის ძველი ადმინისტრაციული საზღვრების შესაძლო აღდგენაზე საუბარი ბოლო დროს სულ უფრო აქტიურდება. ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ამ საკითხის ყოველ ჯერზე წამოწევა პროვოკაციის მცდელობაა, ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ შესაძლოა საზღვრების აღდგენა გარკვეულ მიზნებს ემსახურებოდეს.
სამურზაყანოს (გალის რაიონის) ტერიტორია ამ წლების განმავლობაში შაგრენის ტყავივით იკუმშებოდა...

ოფიციალური დოკუმენტი, აფხაზეთის თვითაღიარებული მთავრობის რაიმე დადგენილება გალის რაიონის ძველი ადმინისტრაციული საზღვრების აღდგენასთან დაკავშირებით არავის უნახავს. ასეთი დოკუმენტის არსებობას არც საქართველოს ხელისუფლების და არც აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები არ ადასტურებენ, თუმცა ამ საკითხმა ქართულ მედიაში კიდევ ერთხელ წამოიწია.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა განმარტავს, რომ ტერიტორიის სამ ადმინისტრაციულ ნაწილად დაყოფით აფხაზურმა მთავრობამ არა მხოლოდ ქართველებით დასახლებული გალის რაიონის ტერიტორია შეამცირა, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ მოახდინა ქართული სკოლების რუსიფიკაცია. ეს ეხება გალის რაიონის მაღალი ზონის სოფლებს, რომლებიც ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების მმართველობაში გადავიდა:
რუსი კი ამ საზღვრების თემაზე ლაპარაკით ორ კურდღელს იჭერს: ის აღადგენს გალის რაიონს თავის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში და ამით ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის გულს იგებს...

”სამურზაყანოს (გალის რაიონის) ტერიტორია ამ წლების განმავლობაში შაგრენის ტყავივით იკუმშებოდა, იმიტომ რომ მისი საზღვრები ენგურიდან კოდორამდე იყო; შემდეგ კოდორიდან ღალიძგამდე მოვიდა ეს საზღვარი; ღალიძგიდან კი - ხელოვნური არხის ტერიტორიამდე. სწორედ ამას ემსახურებოდა თავის დროზე გალის რაიონის სამ ნაწილად დაყოფა”.

კილანავა ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტს, რომ საზღვრების აღდგენაზე ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში აფხაზური მხრიდან საუბრები ხშირია. ის გალის ძველი ადმინისტრაციული საზღვრების შესაძლო აღდგენას რუსეთის შორსმიმავალ გეგმად აფასებს და იმ მიზეზებსაც ასახელებს, რაც შეიძლება ამ გეგმის საფუძველი იყოს:

”რუსებს და აფხაზებს შორის დღეს დაპირისპირება აშკარაა. რუსი კი ამ საზღვრების თემაზე ლაპარაკით ორ კურდღელს იჭერს: ის აღადგენს გალის რაიონს თავის ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში და ამით ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის გულს იგებს. და მეორე: ის აფხაზებს მიუთითებს, რომ აფხაზეთში არა აფხაზი სეპარატისტები, არამედ თვითონ არის ბატონი და ისე იქნება, როგორც თავად მოისურვებს. რუსებს ასევე სურთ, გალის რაიონში ჩააყენონ მესაზღვრეები, ხოლო მესაზღვრე, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობა არა აქვს, ყოველთვის არაკომფორტულ მდგომარეობაში იქნება, ამიტომ მათი გულის მოგებისათვის რაღაც ღონისძიებები უნდა გატარდეს, რაშიც მშვენივრად ჯდება გალის რაიონის ძველ საზღვრებში აღდგენის გეგმა”.

საზღვრების თემის დროდარო წამოწევა რუსების საყვარელი საქმეა, ამბობს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია, რომელიც ამ ფაქტს პროვოკაციის მცდელობად აფასებს და ამბობს, რომ რეალურად აფხაზური მხარე ასეთი ნაბიჯის გადამდგმელი არ არის.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე

მწირ ინფორმაციას ფლობენ ამ საკითხის შესახებ ექსპერტებიც. მაგალითად, კონფლიქტოლოგ მამუკა არეშიძის თქმით, ოჩამჩირის რაიონში სამომავლო ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად აფხაზურ მხარეს სჭირდება ადგილზე დომინანტი აფხაზი ეროვნების მოსახლეობა:

”მე როგორც ვიცი, მაგალითად, ოჩამჩირის რაიონში გარკვეული ეკონომიკური პროგრამები უნდა ამუშავდეს. მართალი გითხრათ, რთული სათქმელია რაში უშლის მათ ხელს ამ საქმეში ქართველებით დასახლებული სოფლები, რომლებიც მათ მმართველობაში შედის, მაგრამ ვიცი, რომ ეს ინიციატივა - ძველ საზღვრებში დაბრუნების - ოჩამჩირის გამგებელს ეკუთვნოდა. არგუმენტად კი სწორედ ის ეკონომიკური პროგრამები დაასახელა, რომელიც მის რაიონში უნდა ამუშავდეს”.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG