Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პედაგოგთა პროფკავშირის ორი მხარე


პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე
პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში წარმოქმნილი უთანხმოება მალე სასამართლო გარჩევამდე მივა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან საუბარში პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა ჩერქეზიშვილი აცხადებს. მისი თქმით, პროფკავშირის ახალი პრეზიდენტი, მაია კობახიძე, ოქტომბრის ბოლოს გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე არალეგიტიმურად აირჩიეს. სრულიად საპირისპიროს აცხადებს თავად მაია კობახიძე და ამბობს, რომ პროფკავშირის არაკეთილმოსურნე ჯგუფის მიზანს პედაგოგთა ხარჯზე პირადი კეთილდღეობის უზრუნველყოფა წარმოადგენს, რასაც ის არ დაუშვებს.

ყველაფერი კი 30 ოქტომბერს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მე-6 რიგგარეშე საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე დაიწყო. პირველი საკითხი, რომელიც პედაგოგთა პოფკავშირის უკვე ყოფილი პრეზიდენტის, მანანა ღურჭუმალიძის, პირად განცხადებას შეეხებოდა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, ყრილობის მონაწილეებმა ერთხმად დააკმაყოფილეს. საქმე მაშინ გართულდა, როდესაც დღის წესრიგში მეორე საკითხი, უალტერნატივო პრეზიდენტობის კანდიდატის მაია კობახიძის არჩევნების დრო დადგა. როგორც პედაგოგთა პროფკავშირის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე ეკა ჩერქეზიშვილი ჰყვება, დელეგატთა უმრავლესობამ დარბაზი პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც მაია კობახიძემ საკუთარი საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა.

”ვითხოვე სიტყვა და განვმარტე, თუ რატომ არ მომეწონა მისი პროგრამა. ამ პროგრამით კრიზისულ სიტუაციაში მყოფ ორგანიზაციას ვერაფრით ვერ უშველის ადამიანი. ამიტომ ვთქვი, რომ პროტესტის ნიშნად ვტოვებ დარბაზს და ვინც ფიქრობთ, რომ ჩემი შენიშვნები ობიექტურია, გამომყევით-მეთქი”, - ამბობს ეკა ჩერქეზიშვილი.

მისი თქმით, 203 დელეგატიდან დარბაზი 120-ზე მეტმა დატოვა. ეკა ჩერქეზიშვილი რადიო თავისუფლებას იმ წერილებს აჩვენებს, სადაც დელეგატები საკუთარი ხელმოწერით ადასტურებენ, რომ ისინი დარბაზში აღარ შებრუნებულან და პრეზიდენტობის კანდიდატისათვის ხმა არ მიუციათ. ეკა ჩერქეზიშვილის განცხადებით, სწორედ ამ 120-მა ადამიანმა შეიტანა 22 ნოემბერს სასამართლოში სარჩელი, რომლის მიხედვითაც ისინი ყრილობის შედეგს აპროტესტებენ.

”სასამართლომ მიიღო 120 ადამიანის მიერ ხელმოწერილი სარჩელი. რა, ეს ადამიანები ძალით მივიყვანე ნოტარიუსში და ძალით დავაწერინე სარჩელი და ვუთხარი, იჩივლეთ მეთქი? ისინი ამბობენ, 111 დელეგატმა აგვირჩიაო, 111-იც რომ იყოს, ლეგიტიმაცია არა აქვს იმ ყრილობას, რადგან დარბაზში 171 დელეგატი უნდა იჯდეს იმისათვის, რომ ყრილობა ლეგიტიმურად ჩაითვალოს”, - ამბობს ეკა ჩერქეზიშვილი.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტის მოადგილე, ეთერ მათურელი, აცხადებს, რომ არჩევნებმა ყრილობის მუშაობის რეგლამენტის სრული დაცვით ჩაიარა და სწორედ ამიტომ ის არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.

”შანტაჟსა და ყრილობის დატოვებას კოლეგიური ორგანოს მუშაობის რეგლამენტი არ ითვალისწინებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროფკავშირს აქვს ასეთი პოზიცია: დარბაზში დარჩნენ ჯანსაღი ძალები. მე არ ვაყენებ შეურაცხყოფას იმ დელეგატებს, რომლებიც იქით წავიდნენ, მაგრამ ისინი აღმოჩნდნენ გაურკვევლობაში. ჩემთან პირად საუბრებში ამბობენ, ვერ გავიგეთ, რა მოხდაო”, - აცხადებს ეთერ მათურელი.

პროფესიით პედაგოგი ამჟამად კი პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტი, მაია კობახიძე, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, რომ მას პროფკავშირული მოღვაწეობის ოთხწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს და, შესაბამისად, გაუჩნდა იმის სურვილიც, რომ საკუთარი ძალები პრეზიდენტის თანამდებობაზეც მოესინჯა. მისი თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობა დაადასტურეს საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა - კონკრეტულად, განათლების ინტერნაციონალმა, ადამიანის უფლებათა დაცვის და ევროკავშირის წარმომადგენელმა, ამერიკის მასწავლებელთა საერთაშორისო დეპარტამენტმა. მისი თქმით, პროფკავშირის საერთაშორისო მხარდაჭერას ცხადყოფს შეხვედრა ამერიკის ელჩთან საქართველოშიც, რომელიც 23 დეკემბერს შედგა.

”ბატონმა ელჩმა ყურადღება გაამახვილა დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე, რომ იგი მხარს უჭერს განათლების პროფკავშირს, აღიარებს ამ ორგანიზაციისა და, კერძოდ, მისი პრეზიდენტის ლეგიტიმურობას. რა თქმა უნდა, ამ თანამდებობაზე მოსვლის ჩემი უმთავრესი მიზანი იყო მასწავლებელთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა”, - ამბობს მაია კობახიძე.

კიდევ ერთი პრეტენზია, რომელსაც პედაგოგთა პროფკავშირის წარმომადგენლები მაია კობახიძეს უყენებენ, არის პედაგოგთა პროფკავშირის აპარატის სამი თანამშრომლის გათავისუფლება. ნანა ჭუაძე, საორგანიზაციო დეპარტამენტის ყოფილი კოორდინატორი, ამბობს, რომ პროფკავშირის პრეზიდენტმა ის სამსახურიდან სრულიად უმიზეზოდ დაითხოვა:

”წნეხის ქვეშ მოგვაყოლეს სამივე ადამიანი. გარიყულ პოზიციაში დაგვაყენეს, არანაირ დავალებებს არ გვაძლევდნენ. მე შევიტანე სასამართლოში სარჩელი და ვასაჩივრებ მაია კობახიძის გადაწყვეტილებას, რადგან არანაირი საფუძველი არ ჰქონდა მას იმისა, რომ სამსახურიდან დავეთხოვე”.

როგორც მაია კობახიძე ამბობს, აპარატის თანამშრომლები მან ორგანიზაციაში არსებული კრიზისის გამო გაათავისუფლა.
XS
SM
MD
LG