Accessibility links

logo-print

საახალწლო ზეიმი მხოლოდ „ლიცენზირებული“ ნაძვის ხის გარშემო


23 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც გამკაცრდა კონტროლი ნაძვის უკანონო მოჭრასა და გაყიდვაზე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განმარტებით, ჯარიმის ოდენობა 50-დან 1000 ლარამდე გაიზარდა. სამინისტროში ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ცვლილება ძალაში შევიდა ახალი წლის დღესასწაულის წინ, როცა ნაძვისა და სხვა წიწვოვანი მცენარეების უკანონო მოჭრისა და გაყიდვის ფაქტები ერთიათად იზრდება. რა საფრთხეს უქმნის ახალი წელი გარემოს და რამდენად ეფექტიანად ებრძვის ხელისუფლება წიწვოვანი ხეების უკონტროლო გაჩეხას?
გასაყიდად გამოტანილი ნაძვის ხეები

საქართველოში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, ახალი წელი და შობა წარმოუდგენელია სათამაშოებითა და ტკბილეულით მორთული ნაძვის ხის გარეშე. ნაძვის ხე დღესასწაულის ცენტრალური დეტალია და მის გარშემო ტრიალი - ცეკვა და სიმღერა - განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს, თუმცა ნაძვის ხის გარშემო მომღერალი ბავშვების მშობლების გასაგონად გარემოს დაცვის ინსპექციის ხელმძღვანელი ლევან მხეიძე ამბობს, რომ აუცილებელია საახალწლოდ მორთული და მოკაზმული ნაძვის ხე ასევე იყოს კანონიერად მოჭრილი და შეძენილი:

“თუკი ვინმე უკანონოდ მოჭრის ნაძვის ხეს და გაყიდის, ამაზე გვექნება მკაცრი რეაქცია. ჩვენი რეგიონალური სამსახურები მუშაობენ უშუალოდ ტყეების მიმდებარე რაიონებში, რეიდები ჩატარდება თბილისშიც. სანქციები გამკაცრდა და 50 ლარიდან 1000-მდე ავიდა“.
ფასი განისაზღვრება ნერგის სიმაღლით: 1 სანტიმეტრი არის 1 ლარი. გვაქვს ვერცხლისფერი ნაძვი, ესპანური სოჭი, კავკასიური სოჭი და სხვ ...

ლევან მხეიძის თქმით, დაშვებულია მხოლოდ სანერგე მეურნეობებში გაზრდილი ნაძვებითა და სხვა წიწვოვანი მცენარეებით ვაჭრობა. 77 წლის გოდერძი მაისურაძე გორის სანერგე მეურნეობაში მუშაობს:

„ფასი განისაზღვრება ნერგის სიმაღლით: 1 სანტიმეტრი არის 1 ლარი. გვაქვს ვერცხლისფერი ნაძვი, ესპანური სოჭი, კავკასიური სოჭი და სხვა“.

გორის გარდა, ცოცხალი ნაძვის ხეები ასევე იყიდება, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში მდებარე სხვა სანერგეებშიც, თუმცა ახალი წლის დღესასწაულის გალამაზება ასევე შეიძლება თბილისიდან გაუსვლელად. ზუგდიდელი მედეა ჭითანავა რკინიგზის სადგურთან მდებარე ბაზარში ვაჭრობს და თბილისელებს სხვადასხვა ზომისა და ფასის წიწვოვან მცენარეებს სთავაზობს.

„გვაქვს 30 ლარიდან 150 ლარამდე ფასის ნაძვები. ოჯახში გაზრდილი, ნასათუთარი და ნალოლიავები მცენარეებია. მაქვს სათანადო დოკუმენტები, რომელიც შეამოწმა გარემოს დაცვის ინსპექციამ და ყველაფერი წესრიგშია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მედეა ჭითანავამ, რომლის განმარტებითაც, ყველა ნერგს ფესვების დაუზიანებლად, მიწასთან ერთად ყიდის. ასე რომ, ახალი წლის შემდეგ შესაძლებელია მისი ეზოში ჩარგვა, მაშინ როცა უკანონოდ მოპოვებული ნაძვის ხეების უმეტესობა ძირშია მოჭრილი. ამ გარემოების გამო თბილისელების ერთი ნაწილი ”ნეილონის ნაძვის ხეს” ამჯობინებს, თუმცა გვხვდებიან სხვა შეხედულების მქონე მოქალაქეებიც.
სატყეო სექტორის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ტყის პოლიტიკა არ არსებობს! ანუ არ ვიცით, რისთვის გვინდა ტყე: სამეურნეო მოხმარებისთვის, ეროზიისა და მეწყერისგან დაცვისთვის თუ ტურიზმისთვის...

ნაძვის ხეების უკანონოდ მოჭრისა და რეალიზაციის წინააღმდეგ ადმინისტრაციული ზომების გამკაცრებას მიესალმებიან ეკოლოგები, თუმცა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსლის აღმასრულებელი დირექტორი, ნანა ჯანაშია, ამბობს, რომ ნაძვის ხეების მოჭრა მასშტაბური პრობლემის მხოლოდ ერთი ნაწილია, რაზეც სულ ახლახან უკანონო საქმიანობისთვის სატყეო საგენტოს თავმჯდომარის დაკავებაც მეტყველებს.

„სატყეო სექტორის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ხედვა, ტყის პოლიტიკა არ არსებობს! ანუ არ ვიცით, რისთვის გვინდა ტყე: სამეურნეო მოხმარებისთვის, ეროზიისა და მეწყერისგან დაცვისთვის თუ ტურიზმისთვის. უნდა შემუშავდეს პოლიტიკა, ხედვა და მერე უნდა მოხდეს მისი ადმინისტრირება. ნაძვის ხეების უკანონო მოჭრაზე ზომების გამკაცრება ცუდი არაა, მაგრამ უფრო ისეთ PR-სა და დილეტანტურ აქციას ჰგავს, რომელიც ვერ იქნება ეფექტიანი“, - უთხრა ნანა ჯანაშიამ რადიო თავისუფლებას.
XS
SM
MD
LG