Accessibility links

logo-print

ჰიჯაბის აკრძალვამ აზერბაიჯანელი მუსლიმანები შეურაცხყო


აშურას დღესასწაული ბაქოში

აშურას დღესასწაული ბაქოში

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის მთავრობამ შესაბამისი აკრძალვის დადგენილება მიიღო, მდედრობითი სქესის ასობით აზერბაიჯანელი სტუდენტი გააფრთხილეს, რომ სასწავლებლებში ჰიჯაბით არ მივიდნენ. აზერბაიჯანის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ჰიჯაბი წინააღმდეგობაში მოდის სკოლაში სასწავლო უნიფორმის ტარების შესახებ ახალ გადაწყვეტილებასთან. აზერბაიჯანის ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებამ მუსლიმანური ტრადიციების მიმდევართა მძლავრი საპროტესტო მოძრაობა გამოიწვია.

16 დეკემბერს, შიიტური ისლამური დღესასწაულის, აშურას, დღეს, აზერბაიჯანის სოფელ ნარდარანში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა პროტესტის გამოსახატავად იმის გამო, რომ სკოლებში ჰიჯაბის ტარება აიკრძალა. საპროტესტო აქციაზე ზოგიერთი სასულიერო ლიდერის მხრიდან რადიკალური მოწოდებებიც გაისმა:

„იყვირეთ ჩემთან ერთად: ‘გვირჩევნია მოვკვდეთ, ვიდრე უარი ვთქვათ ჰიჯაბზე!’ მაგრამ არ არის საკმარისი მხოლოდ ამის თქმა. თქვენ მართლა მზად უნდა იყოთ, მოკვდეთ სარწმუნოებისთვის“.

ბაქო ამტკიცებს, რომ ჰიჯაბის აკრძალვა შემადგენელი ნაწილია განზრახვისა, საშუალო სკოლებში სასკოლო ფორმების ტარების საბჭოური ტრადიცია აღდგეს. თანაც, აზერბაიჯანის განათლების სამინისტრო გადაჭარბებულს უწოდებს პროტესტს ჰიჯაბის გამო. ბაქოს განათლების საქალაქო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი ზამინა ლიქიზი ამბობს, რომ სკოლის ბავშვები ძალიან პატარები არიან იმისათვის, რომ ესმოდეთ რელიგიური რწმენის საკითხი, სასწავლო ფორმა კი მათ დაიცავს იმ დამამცირებელი განსხვავებისაგან, რასაც სოციალური სტატუსი და სიმდიდრე განაპირობებს.

თუმცა ხელისუფლების ამ ნაბიჯმა გამოიწვია უკმაყოფილება მორწმუნე მუსლიმანებში, რომელთა რაოდენობაც სეკულარულ აზერბაიჯანში სულ უფრო იზრდება.
მთავრობას აკირიტიკებენ ადამიანის უფლებათა დამცველები, რომლებიც უკანონოს უწოდებენ აზერბაიჯანის ხელისუფლების გადაწყვეტილებას აიკრძალოს ჰიჯაბის ტარება. მათ მაგალითად მოჰყავთ ქვეყნის კონსტიტუცია, რომელიც არ ზღუდავს ჰიჯაბის, ანუ თავსაფრის, ტარებას. ზოგიერთი გოგონა კი აცხადებს, რომ ჰიჯაბის ტარების აკრძალვის გამო საერთოდ უარს იტყვის სკოლაში სიარულზე:

„არასოდეს ვიტყვი უარს ჩემს ჰიჯაბზე. მათ არ უჩვენებიათ ჩემთვის არავითარი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მიკრძალავს თავსაფრის ტარებას. მე არ მესმის მათი სიტყვიერი ინსტრუქციებისა და არ ვაპირებ შევასრულო მათი ბრძანება“.

დაძაბულობა აზერბაიჯანის ხელისუფლებასა და მოწრმუნე მუსლიმანებს შორის ბოლო წლებში გაძლიერდა იმის გამო, რომ ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის კლანის ხელშია თავმოყრილი, ცდილობს გაატაროს საბჭოთა პერიოდის სეკულარისტული პოლიტიკა ქვეყანაში, სადაც 96 პროცენტი მუსლიმანი ცხოვრობს. აზერბაიჯანელი იურისტი ინტიქამ ალიევი ჰიჯაბის აკრძალვის გადაწყვეტილებას უწოდებს უკანონოს და ხელისუფლების მიერ განზრახ აგორებულს ყურადღების გადატასანად ისეთი საკითხებიდან, როგორიცაა ქვეყანაში გამეფებული კორუფცია, ცხოვრების დაბალი დონე და სოციალური უთანასწორობა.

ცოტა ხნის წინ „ვიკილიკსით“ გამოქვეყნებულ საიდუმლო ტელეგრამაში ნათქვამია, რომ ილჰამ ალიევის კლანის წარმომადგენელი ქალები ბევრად უფრო მოდურად და თამამად იცვამენ, ვიდრე მუსლიმანური ქვეყნის ქალთა უმრავლესობა. ხოლო ქვეყნის პრეზიდენტის გავლენიანი მეუღლის მეჰრიბან ალიევას კაბები შესაძლოა პროვოკაციულად გამოიყურებოდეს თვით დასავლური სამყაროს თვალში. აზერბაიჯანში კამათის საგანია რეგიონალური ჩარევაც. ითვლება, რომ ირანს დიდი გავლენა აქვს ქვეყანაში მზარდ რელიგიურ ჯგუფებზე. ამასთან, ირანისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა საკმაოდ რთულია. ირანს არ მოსწონს მეგობრული კავშირები აზერბაიჯანსა და ისრაელს შორის. აზერბაიჯანი კი შეშფოთებულია იმით, რომ შესაძლოა სწორედ ირანის ისლამური რესპუბლიკა იდგეს ქვეყანაში აზვირთებული რელიგიური რადიკალიზმის უკან.
XS
SM
MD
LG