Accessibility links

logo-print

აშშ-ის სენატმა „სტარტის“ ახალი შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა


ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი „სტარტის“ შეთანხმების ხელმოწერისას

ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი „სტარტის“ შეთანხმების ხელმოწერისას

22 დეკემბერს შეერთებული შტატების სენატორებმა მხარი დაუჭირეს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ბირთვული იარაღის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიკაციას. პრეზიდენტ ბარაკ ობამას „ეროვნული უსაფრთხოების მთავარი პრიორიტეტის“ ბედი გადაწყვიტა რესპუბლიკელ სენატორთა ჯგუფმა, რიჩარდ ლუგარის ხელმძღვანელობით, რომელმაც მხარი დაუჭირა „სტარტის“ ახალი შეთანხმების ვარიანტს. ახლა სიტყვა რუსეთის საკანონმდებლო ორგანოზეა, რომელმაც ამერიკის მხრიდან საკითხის გაჭიანურების გამო 3 ნოემბერს სარატიფიკაციოდ გამზადებული დოკუმენტი უკან გაიწვია.

სამთვიანი დებატებისა და პოლიტიკური ძალისხმევის შემდეგ, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების ახალ ხელშეკრულებას სენატმა მხარი დაუჭირა 71 ხმით, 23-ის წინააღმდეგ. გადამწყვეტი აღმოჩნდა იმ 13 რესპუბლიკელი სენატორის მხარდაჭერა, რომლებმაც სანაცვლოდ დემოკრატებისაგან მიიღეს პირობა, რომ თეთრი სახლი ერთგული დარჩება აღებული ვალდებულებისა, შექმნას ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა და მოახდინოს ეროვნული ბირთვული კომპლექსის მოდერნიზება. ამასთან, სენატმა მხარი არ დაუჭირა რესპუბლიკელი სენატორის ჯეიმს რიშის შესწორებას, რომლის თანახმადაც რუსეთს უნდა დაებრუნებინა 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს, ფოთის პორტიდან რუსი სამხედროების მიერ მითვისებული 5 ამერიკული ჯავშანმანქანა. აიდაჰოელი სენატორის ეს წინადადება კენჭისყრაზეც კი არ დააყენეს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მადლობა გადაუხადა სენატს, რომელმაც, ობამას თქმით, „მხარი დაუჭირა მისი ეროვნული უსაფრთხოების მთავარ პრიორიტეტს“:

„ეს არის შეიარაღების კონტროლის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება თითქმის ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. იგი უფრო უსაფრთხოს გაგვხდის ჩვენ და შეამცირებს რუსეთისა და შეერთებული შტატების ბირთვულ არსენალებს. ამ შეთანხმებით ჩვენი ინსპექტორები დაბრუნდებიან რუსეთის ბირთვულ ბაზებზე, შესაბამისად, ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ვენდოთ, მაგრამ შევამოწმოთ“.

სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ ახალ ხელშეკრულებას შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი 2009 წლის აპრილში მოაწერეს. ახალი შეთანხმება, რომელმაც პირვანდელი - 1991 წლის - დოკუმენტი შეცვალა, ორივე ქვეყნის ბირთვული ქობინების ლამის ერთი მესამედით, ანუ 1550 ერთეულამდე, შემცირებას ითვალისწინებს. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ორმხრივ ონსპექტირებას, რაც შეწყვეტილი იყო რატიფიკაციის საკითხის გაჭიანურების გამო. ბარაკ ობამას თქმით, სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაცია მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის, ირანის წინააღმდეგ მკაცრი სანქციებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის კუთხით:

„ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ მივაღწიოთ პროგრესს ისეთი პრობლემების მოგვარებაში, როგორიცაა ირანზე მკაცრი სანქციების დაწესება და იმის პრევენცია, რომ ბირთვული იარაღი ტერორისტებს არ ჩაუვარდეთ ხელთ; და ეს შეთანხმება გააძლიერებს ჩვენს წარმმართველ როლს, რათა შევაჩეროთ ბირთვული იარაღის გავრცელება და მის გარეშე მივაღწიოთ მშვიდობას მსოფლიოში“.

შეერთებული შტატების სენატის მიერ ე.წ. „სტარტის“ ახალი შეთანხმების რატიფიკაციას მიესალმა მოსკოვი, თუმცა, როგორც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ბორის გრიზლოვმა განაცხადა, ისინი დაელოდებიან რატიფიკაციის ოფიციალურ ტექსტს და მხოლოდ შემდეგ გადაწყვეტენ, დაიწყონ თუ არა რატიფიკაციის პროცედურა:

„არის ინფორმაცია, რომ სარატიფიკაციო რეზოლუცია შეიცავს რიგ პირობებს. ჩვენ რუსეთში არა გვაქვს ოფიციალური ტექსტი. ასევე არ არსებობს ოფიციალურად გამოქვეყნებული ტექსტი შეერთებულ შტატებში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს საათებში ეს ტექსტი გამოჩნდება და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ როგორ ვიმოქმედოთ აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაციის მიმართულებით“.

გრიზლოვის თქმით, თუ სენატის რატიფიკაციის რეზოლუცია არ შეიცავს რუსეთის ეროვნული ინტერესებისათვის მიუღებელ ფორმულირებებს, მაშინ სათათბიროს ქვედა პალატა სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებაზე კენჭისყრას 24 დეკემბერს დაიწყებს.

სენატის მიერ სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულების რატიფიკაციას „ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება“ უწოდა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, ხოლო გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა განაცხადა, რომ ეს არის მკაფიო სიგნალი „განიარაღებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის“ მიმართულებით.
XS
SM
MD
LG