Accessibility links

logo-print
მიუხედავად იმისა, რომ “ვიკილიქსის” ბოლო მასალების გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე კვირა გავიდა, ამბავი ჯერ კიდევ ცხელი თემაა მსოფლიო ინტერნეტ სივრცეში. ჯერ კიდევ არაა გარკვეული რა მიმართულებით წავა მომავალში ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელება და გამკაცრდება თუ არა მასზე კონტროლი. იცვლება კანონებისადმი მიდგომა, იბლოკება სერვერები, აპროტესტებენ აქტივისტები.

“ჯულიან, თავს გაუფრთხილდი”, - მიმართავს 20 წუთიან ინტერვიუში ტედ საერთაშორისო ვიდეო აუდიენციის წინაშე ჯულიან ასანჯს ამერიკელი მწერალი კრის ანდერსონი. ეს არის 2010 წლის ივნისი. ასანჯს ამ დროისთვის უკვე აქვს ცნობილი დოკუმენტი, თუმცა მისი შინაარსი ზუსტად არც TED- ის აუდიენციამ და არც მწერალმა ინტერვიურერმა კრის ანდერსონმა იცის. უბრალოდ, იციან, რომ რაღაც გაჟონვა მოხდა. თუმცა ეს იყო ერთ-ერთი გაჟონვათაგანი. საუბარი მიდის სხვა უკვე გაჟონილ ინფორმაციაზე. მაგალითად, კენიაში 2008 წელს, არჩევნების წინ, „ვიკილიქსმა“

საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, რომელიც აჩვენებდა მის კავშირებს წინა პრეზიდენტ დანიელ არაპ მოისთან, რომელიც მანამდე ქვეყანას ოცი წლის განმავლობაში მართავდა და რომელიც გაეროს და „ამნესტი ინტერნეიშენალის“ დასკვნებით, ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და მსხვილ კორუფციაში იყო ბრალდებული. სხვადასხვა წყაროებით, საუბარია ასობით მილიონ ფუნტ სტერლინგის მითვისებაზე. წინა მმართველთან კლანური კავშირების გამომააშკარავებელი დოკუმენტი ტედის სტუდიაში დიდ მონიტორზე აჩვენეს.

ჯულიან ასანჯი: ეს დოკუმენტი გახდა მძიმე ტვირთი პრეზიდენტობის კანდიდატ მვაი კიბაკის კისერზე. ჯერ ეს ამბავი „გარდიანის“ წინა გვერდზე მოხვდა; ამის მერე დაიბეჭდა ყველა ქვეყანაში, რომელიც კენიას გარს არტყია, სამხრეთაფრიკულ პრესაში; ამის შემდეგ გარედან ნელ-ნელა შიგნით, კენიურ პრესაში შეაღწია, ნელ-ნელა კენიურმა პრესამ დაიწყო მასზე საუბარი, ტელევიზიებში ოცი დღე ტრიალებდა ამ თემაზე გადაცემები. საბოლოოდ, ამ ამბავმა ხმები ათი პროცენტით გადაწონა - ამას თავად კენიის უსაფრთხოების რაპორტები ადასტურებს - და არჩევნების შედეგი შეცვალა.

TED-ის ვიდეო კონფერენციის მონიტორზე შემდეგი მასალა - აპაჩის ვერტმფრენებიდან გადაღებული ადამიანთა დაცხრილვის კადრები - მძიმე სანახავია. ვიდეოში ისმის სამხედროების საუბარი - ისინი მიწაზე მყოფ ადამიანებს ტერორისტებად მოიხსენიებენ, თუმცა რეალურად კადრებში იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ცეცხლის ქვეშ მოყვნენ, არის „როიტერის“ ორი ჟურნალისტი და ბავშვები. „როიტერის“ ორივე ჟურნალისტი გარდაიცვალა. ბავშვებმა მძიმე დაზიანება მიიღეს, თუმცა გადარჩნენ. სამხედროებმა შეცდომა დაუშვეს და ეს ვიდეო „ვიკილიქსს“ ჩააუვარდა ხელში. ლაპარაკი იყო სამხედროზე, ვისი მეშვეობითაც, სავარაუდოდ, ეს ვიდეო გაიჟონა და ვინც იმ დროისთვის, სავარაუდოდ, პატიმრობაში იმყოფებოდა. როგორ იცავ წყაროებსო, კითხულობს ანდერსონი. ასანჯი სისტემას ხსნის, თუ როგორ მუშაობს „ვიკილიქსი“. ჰყვება, როგორ აწვდიან ინფორმატორები დოკუმენტებს. ხანდახან ეს არა ციფრული და ინტერნეტ, არამედ ჩვეულებრივი წერილების სახით მოგვდისო. ხშირად არც ვიცი ვინაობა იმათი, ვისგანაც წერილებს ვიღებთ - თუ რაღაც ეტაპზე ვგებულობთ ინფორმაციას, მაშინვე ვანადგურებთო.

ისაუბრეს იმაზეც, რა უნდა ასანჯს, და იმაზეც, საით წავა მომავალი.
კრის ანდერსონი: როცა მომავალზე ფიქრობ, როგორ გგონია, მომავალში დიდი ძმა უფრო გამკაცრდება, მეტად გაასაიდუმლოებს ინფორმაციას თუ ჩვენ უფრო მეტი გვეცოდინება და უფრო მეტად გავაკონტროლებთ დიდ ძმას?

„დიდი ძმა“ ამერიკული ტერმინია, რომელიც, ძირითადად, მთავრობებს გულისხმობს.
ჯულიან ასანჯი: არ ვიცი, ორივე მხარეს შეიძლება წავიდეს. საინტერესო დროა, მცირე მონდომება და ვექტორი ერთ ან მეორე მხარეს შეიძლება გადაიხაროს.

როცა ვფიქრობთ სისტემებსა და ინფორმაციის დინებებზე სისტემებს შიგნით, უნდა ვახსენოთ ათწლეულების განმავლობაში სამეცნიერო თუ არასამეცნიერო სფეროში მოღვაწე ადამიანები, რომლებიც, ასე ვთქვათ, წინასწარმეტყველებდნენ უფრო ღია სისტემებს, ქაოსის ზღვრამდე ღია სისტემებს, სადაც ინფორმაცია თავისუფლად დაიწყებდა მოძრაობას. არსებითად სამეცნიერო დონეზე ამით გამოწვეული კრიზისი, ქაოსი აღიქმება ახალი მიდგომების მაფორმირებელ წერტილად. მაგალითად, კორი დოქტოროუ, კანადელი მეცნიერი, ბლოგერი და აქტივისტი, თავის წიგნში „კონტენტი“, რომელიც უფასოდ დევს ინტერნეტში, ამბობს:

კორი დოქტოროუ: ”სისტემები, რომლებიც შეეცდებიან ხელი შეუშალონ ინფორმაციის დისტრიბუციას, ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ აშენებულ კედლებს შეეწირებიან, რადგან ტექნოლოგიის განვითარება მისაწვდომობას სულ უფრო ზრდის, ამიტომ კედლების მშენებლობა გადაყრილი რესურსია.”

თუმცა სისტემები თავის დაცვას ცდილობენ და ზუსტად იმას აკეთებენ, რაც, დოქტოროუს აზრით, არალოგიკურია. უკანასკნელი კაბელების გამოჩენის შემდეგ, თეთრი სახლი სამ დეკემბერს დირექტივას ავრცელებს, რომელიც უკრძალავს ფედერალურ მუშაკებს „ვიკილიქსის“ საიტზე განთავსებული კლასიფიცირებული დოკუმენტაციის მონახულებას. კონგრესის ბიბლიოთეკა ბლოკავს თავის კომპიუტერებზე „ვიკილიქსის“ საიტს და ამბობს:

”ყველა ფედერალური თანამშრომელი და კონტრაქტორი ვალდებულია დაიცვას კლასიფიცირებული ინფორმაცია.”

არგუმენტაცია იხსნება იმით, რომ კლასიფიცირებული ინფორმაციის გაჟონვის ფაქტი არ ნიშნავს მის დეკლასიფიკაციას.

ასევე აეკრძალათ სამხედროებს ერაყში მოენახულებინათ ან ჩამოეტვირთათ ინფორმაცია “ვიკილიქსის” ვებგვერდიდან. ერთ- ერთი ამერიკული კომპანია, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ არ აპირებდა “ვიკილიქსთან” ურთიერთობის გაწყვეტას, ფეისბუკი იყო. თუმცა ამერიკულ ინტერნეტკომპანიათა უმრავლესობასთან „ვიკილიქსს“ პრობლემები შეექმნა. ამის გამო მას მოუწია ევროპულ სერვერებზე გადანაცვლება. თუმცა მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები იქაც აკეთებენ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ „ვიკილიქსს“ უნდა აეკრძალოს მუშაობა. ჩნდებიან ინდივიდუალური ჰოსტინგის კომპანიები, რომელთაც ასევე ექმნებათ პრობლემები. „ვიკილიქსი“ ინტერნეტში სხვადასხვა დომეინით აგრძელებს მუშაობას.

„ვიკილიქსის“ გაჟონვის შემდეგ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, რომელიც ასანჯის საქმიანობას მანამდე საკმაოდ კრიტიკულად აფასებდა, ღია მიმართვას ავრცელებს:

”მაშინ როცა ინტერნეტმომხმარებლებს მთელ მსოფლიოში აქვთ საშუალება იხილონ ეს დოკუმენტები, ჩვენ, რეპორტიორები საზღვრებს გარეშე, მივიჩნევთ მსგავს აკრძალვებს ინფორმაციაზე უფლებების დარღვევად.”

რეპორტიორები საზღვრებს გარეშე ასევე მიმართავენ იმ ინტერნეტპროვაიდერებსა თუ ჰოსტინგჯგუფებს, რომლებმაც სამთავრობო ზეწოლის გამო გადაწყვიტეს დაებლოკათ „ვიკილიქსისთვის“ საკუთარი სივრცე:

" ‘რეპორტიორებს საზღვრების გარეშე’ მიაჩნია, რომ აუცილებელია მოხდეს ინტერნეტნეიტრალობის დაცვა, რაც ნიშნავს, რომ ინტერნეტის სერვისპროვაიდერებმა და ჰოსტინგკომპანიებმა არ უნდა განკარგონ მათ სერვერებზე განთავსებული მასალების შინაარსი."

უნდა აღინიშნოს, რომ ინტერნეტი, როგორც ის თქვენ წარმოგიდგენიათ, არაა პირდაპირი კავშირი მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის, შუაში არიან სერვისპროვაიდერები და ჰოსტინგჯგუფები. სწორედ მათზეა საუბარი. კრიზისი უფრო გამწვავდა, საქმეში არაერთი საერთაშორისო ინტერნეტთავისუფლების დამცველი ჯგუფი თუ ინდივიდი ჩაერთო. უნდა აღინიშნოს ჯონ პერი ბარლოუ, ამერიკელი პოეტი და ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ინტერნეტთავისუფლების დამცველი კომპანიის, „ელექტრონიკ ფრონტიერ ფაუნდეიშენის“, შემქმნელი, ასევე ინტერნეტდამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი. ბარლოუ საკუთარი თვითერის ეკაუნთიდან თავის 300 000-მდე მიმდევარს ამ სიტყვებით მიმართავს:

”პირველი სერიოზული ინფორმაციული ომი დაიწყო. ბრძოლის ველი ამჯერად „ვიკილიქსია“, მეომრები თქვენ ხართ.”

ამ მიმართვას ბეჭდავენ მსოფლიოს წამყვანი მედიაგამოცემები როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროპაში.

მალევე ჩნდება ჰარვარდის უნივერსიტეტის, ბერკმანის ცენტრის ‘ინტერნეტკანონმდებლობა და საზოგადოება’, ახალი რეპორტი, რომელიც ეხება ცენზურას და მთავრობათა თავდასხმას ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიაზე:

“ჩვენმა კვლევამ დაადგინა, რომ თავდასხმები დამოუკიდებელ მედიასა და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციათა საიტებზე უკანასკნელ წლებში საკმაოდ ჩვეულებრივი რამ იყო არამარტო არჩევნების, პროტესტის ან სამხედრო ქმედებების პირობებში. “ვიკილიქსზე” უკანასკნელი თავდასხმები გვაფიქრებინებს, რომ ეს თავდასხმები, შესაძლოა, მომავალში უფრო ხშირი გახდეს.”

ბერკმანის ცენტრის მიხედვით, კიბერთავდასხმები რამდენიმე სახისაა - ესაა გაფილტვრა ინფორმაციისა, შეჭრა ინტერნეტსივრცეში და პროგრამების არევა, ასევე სერვერების დაბლოკვა:

“ჰარვარდის უნივერსიტეტის ბერკმანის ცენტრი ვარაუდობს, რომ მსგავსი თავდასხმები გამოიწვევს იმას, რომ ინტერნეტ კონტენტი (შინაარსი) ნაკლებად გამოცდილი ინტერნეტ სერვის პროვაიდერებისგან გადაინაცვლებს ინტერნეტის შუაგულში, სადაც თავმოყრილნი არიან მსხვილი პროვაიდერები, რომელთაც შედარებით მეტად აქვთ თავის დაცვის უნარი.”
არის თუ არა ასანჯი ჯურნალისტი და „ვიკილიქსი“ ჟურნალისტური პორტალი? ეს ერთი შეხედვით მარტივი შეკითხვა ბევრ იურიდიულ ჩარჩოს მოიცავს, რადგან თუ ასანჯი ჟურნალისტია, მას იცავს ამერიკული კონსტიტუციის პირველი ჩასწორება, რომელიც ნებას აძლევს დაიცვას საკუთარი უფლება თავისუფლად გაავრცელოს ინფორმაცია. ეს შეკითხვა დღეს არ გაჩენილა. იმ პირობებში, როდესაც ტექნოლოგიის განვითარების შედეგად მედიუმთან მომხმარებლის კონტაქტი უფრო და უფრო ღია ხდება, ხშირია შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის ინტერნეტმომხმარებელი თუ ბლოგერი ფარულ მასალებს განათავსებს და შემდეგ მას სასამართლოში თავის მართლება უწევს. ასეთი შემთხვევა იყო რამდენიმე წლის წინ, როდესაც 19 წლის ახალგაზრდამ, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაკალავრმა ნიკოლოზ ციარელიმ, კომპანია ’მაკინტოშისგან’ გაჟონილი პროდუქტი საკუთარ ბლოგზე განათავსა და ‘მაკინტოშმა’ იჩივლა, რადგან მიიჩნია, რომ ეს საფრთხეს უქმნიდა მის საქმიანობას, ვინაიდან კონკურენტებს შეეძლოთ დროზე ადრე გაეგოთ მისი შემდეგი პროდუქტის სპეციფიკა. საქმე საკმაოდ გახმაურებულ სასამართლო პროცესამდე მივიდა: ’19 წლის სტუდენტი Vშ გიგანტი კომპანია’. მთავარი საკითხი მაშინაც იყო ის, უნდა დაეცვა თუ არა კანონმდებლობას ნიკოლოზ ციარელი როგორც ჟურნალისტი, რადგან ახალგაზრდა აცხადებდა, რომ მან ინფორმაცია ჟურნალისტური მეთოდებით მოიპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ციარელი ‘მაკინტოშის’, უბრალოდ, ფანი იყო და საკუთარ ბლოგზე ახალი პროდუქტების სპეციფიკაციას აცნობდა სხვა ’ეპლის’ მომხმარებლებს. ამის გამო ’მაკინტოში’ ამერიკულმა პრესამ საკმაოდ მკაცრად გააკრიტიკა. თუმცა ცალსახა, იურიდიულად გამართული პასუხი, სად გადის ზღვარი ჟურნალისტებსა და არაჟურნალისტებს შორის ჯერჯერობით არ არსებობს.

ამა წლის ივნისში რეიკიავიკში ამერიკული ჟურნალი „ნიუ იორკერი“ ჩადის. რამდენიმეგვერდიან სტატიაში, რომელიც ასანჯის საქმიანობას ეხება. ავტორი აღწერს ავღანეთში ვერტმფრენიდან რეპორტიორების დაცხრილვის მასალაზე ასანჯის მუშაობის პროცესს:

”ასანჯი რეიკიავიკში სახლის დასაქირავებლად ჩავიდა. ’ჩვენ ჟურნალისტები ვართ’, - განუცხადა მან სახლის მფლობელს. -ვულკანმა ახლახან ამოხეთქა და ჩვენ აქ ამ ამბის გასაშუქებლად ვართო. როცა მეპატრონე წავიდა, ასანჯმა სწრაფად ჩაკეტა დარაბები და ისინი ჩაკეტილები იყვნენ დღეც და ღამეც. თეთრკედლებიანი ოთახი ოცამდე კომპიუტერით იყო მოწყობილი, ისლანდიელი აქტივისტები და მოხალისე ჟურნალისტები მოვიდნენ და მათ ერთად დაიწყეს მუშაობა. ერთი კვირა ჰქონდათ იმისათვის, რომ ვიდეო დაემუშავებინათ, დოკუმენტაცია მოემზადებინათ და პრესისთვის მიეწოდებინათ. ”

ვიდეომასალა, რომელზეც ავღანური ოპერაცია იყო ასახული, „ვიკილიქსს“ დაშიფრული ფორმატით მოუვიდა. „ნიუ იორკერის“ მიხედვით, ასანჯს და მის ჯგუფს სამი თვე დასჭირდათ, რომ მასალის შიფრი გაეტეხათ:

”დაახლოებით საღამოს ექვსი საათი იყო, როცა ასანჯი ადგა მაგიდიდან. მას ხელში ეკავა მეხსიერების დისკი, რომელზეც პროექტი ’ბ’ იყო განთავსებული. პროექტი ’ბ’ სახელწოდებაა ავღანური ვერტმფრენის ვიდეომასალისა. ვიდეო აჩვენებს აღმოსავლეთ ბაღდათში სამხედროების ოპერაციას აპაჩის ვერტმფრენიდან. ინფორმაციის თავისუფლების აქტით შეიარაღებული „როიტერი“ სამხედროებისგან ამ ვიდეოს ხელში ჩაგდებას სამი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. ასანჯი თავის წყაროს არ ასახელებს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის ადამიანი, ვინც მას ვიდეო მიაწოდა, არ იყო ბედნიერი იმით, რაც მოხდა.”

„ნიუ იორკერის“ სტატიაში ასანჯი ამბობს, რომ მათი მასალები რამდენიმე ათეულ სერვერზე ერთდროულად თავსდება და ჯგუფს რამდენიმე ასეული დომეინი აქვს(ინტერნეტ მისამართი), ხარჯებს კი ჯგუფი, ასანჯის თქმით, შემოწირულობებით ფარავს.
სხვადასხვა მონაცემებით, „ვიკილიქსმა“ უკანასკნელ რამდენიმე წელიწადში უფრო მეტი საიდუმლო ინფორმაცია გამოაქვეყნა, ვიდრე მთელმა მსოფლიო მედიამ, ერთად აღებულმა.
XS
SM
MD
LG